უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელმა სამი მძევალი გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელმა სამი მძევალი გაათავისუფლა

უკრაინის ქალაქ ლუცკში მამაკაცმა, რომელსაც ავტობუსი ჰყავს გატაცებული, პირველი მძევლები გაათავისუფლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

"ეროვნული პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ევგენი კოვალმა შეძლო მაქსიმ კრივოშთან მოლაპარაკება პირველი სამი მძევლის გათავისუფლების თაობაზე! ესენი არიან ხანდაზმული ქალი, მოზარდი და ახალგაზრდა ორსული გოგონა“, - აცხადებს გერაშენკო.

მანამდე ტერორისტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტობუსში ტყვეები ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ შორის არიან დაჭრილებიც. მძევლების გათავისუფლებას თავდამსხმელი მისი ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ აპირებს. მამაკაცი, რომელიც თავის თავს მაქსიმ პლოხის უწოდებს, ითხოვს, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ "კანონიერი ტერორისტები“ არიან.

კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.

ავტობუსში მას 10 მძევალი ჰყავდა აყვანილი, პარალელურად ისვრის პოლიციის მიმართულებით და ნაღმებს აფეთქებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

"ინტერპრესნიუსი"