ვინ არის საქართველოში დაკავებული "შულცი" და რა აკავშირებს რუსი გამომძიებლის გახმაურებულ მკვლელობასთან - კვირის პალიტრა

ვინ არის საქართველოში დაკავებული "შულცი" და რა აკავშირებს რუსი გამომძიებლის გახმაურებულ მკვლელობასთან

საქართველოში სამართალდამცავებმა 23 წლის რუსეთის მოქალაქე, ივან კოჩეტკოვი დააკავეს. გამოძიების მიხედვით, შესაძლოა ის რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის თანამონაწილე იყოს. შიშკინა 2018 წლის ოქტომბერში, მოსკოვში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბი-ბი-სი-მ გამოიძია, რა შეიძლება აკავშირებდეს ასტრახანელ ფეხბურთის გულშემატკივარს გახმაურებულ მკვლელობასთან და ნარკობიზნესთან, რომლის თვიური შემოსავალი განმავლობში ათასობით მილიონ რუბლს შეადგენდა.

"ბი-ბი-სი"-ს რუსულ სამსახურს კოჩეტკოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, ასევე დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა, თუმცა როდის და რა ვითარებაში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ჯერ კიდევ უცნობია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საერთაშორისო ძებნილი, კოჩეტკოვი, თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაუგვიანეს 2020 წლის მაისში მოხვდა.

უფრო ადრე კი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, აბდულაზიზ აბდულაზიზოვი და მისი მეგობარი, უფროსკლასელი, კირილ გრუდსკი. თბილისში დააკავეს მკვლელობის სავარაუდო დამკვეთი კოჩეტკოვის ცოლის ძმა, იაროსლავ სუმბაევი, რომელიც ყოფილი ჰაკერი და ნარკომოვაჭრეა. დაკავებულთა რუსეთში ექსტრადირების და საგამოძიებო კომიტეტის მხრიდან გამოძიების თითქოს დასრულების მიუხედავად, რჩება კიდევ ერთი ადამიანი, რომლის საქმეში მონაწილეობა ჯერ კიდევ დაუდგენელია.

გამოძიების ცნობით, დაკავებულ კოჩეტკოვთან ერთად, მოკლულ შიშკინას, კიდევ ერთი უცნობი პირი უთვალთვალებდა.

სამივე პიროვნება კოჩეტკოვი, კოჩეტკოვის მეუღლე, დარია და იაროსლავ სუმბაევი ასტრახანიდან გახლავთ, კოჩეტკოვს ასტრახანში "შულცის“ სახელით იცნობდნენ. კოჩეტკოვის ასტრახანელმა მეგობარმა, რომელმაც სახელი არ გაამხილა, "ბი-ბი-სი"-სთან დაკავებულზე ისაუბრა: "ის ადეკვატური და მეგობრული ადამიანია. დადიოდა სპორტდარბაზში, ვარჯიშობდა, ისე როგორც ნორმალურ კაცს შეეფერება, მის უარყოფით მხარეებზე ნამდვილად ვერ მოგიყვებით“ - განაცხადა კოჩეტკოვის მეგობარმა.

საქართველოში წამოსვლამდე კოჩეტკოვი მეუღლესთან ერთად მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდა, იქედან არხანგელსკის დასახლებამდე, სადაც თავად ევგენია შიშკინა ცხოვრობდა საათნახევრის გზაა. გამოძიების ინფორმაციით, კოჩეტკოვი უცნობ პირთან ერთად შიშკინას სახლთან იმალებოდა და ქალის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, შემდეგ კი ყველა ინფორმაციას სუმბაევს გადასცემდა.

გამოძიების ცნობით, შიშკინას მკვლელობის მოტივად ის "საბილეთო საქმე“ ითვლება, რომელსაც გარდაცვლილი აწარმოებდა. კიბერდამნაშავეები სუმბაევის ხელმძღვანელობით, ტეხდნენ ტურისტული სააგენტოს ელექტრონული ფოსტების მისამართებს. სააგენტოების სახელით აფორმებდნენ თვითმფრინავისა და მატარებლის ბილეთებს, შემდეგ კი ამ ბილეთებს მესამე პირების დახმარებით ანაღდებდნენ. იაროსლავ სუმბაევი

გამოძიება ეცადა აღედგინა თუ რა მარშრუტით მოძრაობდა კოჩეტკოვი.

2018 წლის 14 იანვარს, დილით კოჩეტკოვის ტელეფონი გამორთეს - ამ საათებში შიშკინას მანქანა დაწვეს. მანქანის დაწვის შემდეგ შიშკინამ უცნობი ნომრიდან მიიღო შეტყობინება: "თქვენ საერთოდ არ ყოფილხართ საუბრის მოყვარული, ეს კარგიც კია რომ დუმხართ, ესე იგი საქმისთვის ყველაფერი გაკეთდა“.

გამოძიების ცნობით, კოჩეტკოვმა გაყიდა თავისი კუთვნილი 2 მანქანა KIA და Volkswagen, რომლითაც ის არხანგელსკში, შიშკინას თვალთვალისას დადიოდა.

9 ოქტომბერს კოჩეტკოვი მეუღლესთან ერთად თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. რამდენიმე საათის შემდეგ კი სტუდენტმა აბდულაზიზ აბდულაზიზოვმა, რომელიც დარქნეტის საშუალებით 600 ათას რუბლად დაიქირავეს, სახლთან ახლოს შიშკინა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

"ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტის ცნობით, თბილისში კოჩეტკოვი სავარაუდოდ, სუმბაევს შეეკრა და რუსულენოვან დარქნეტის მაღაზია Los Zetas-ში მეორე გავლენიანი პირი გახდა. გასული წლის ნოემბერში ქართველმა სამართალდამცავებმა სუმბაევი დააკავეს, ამიტომ შესაძლოა სუმბაევის დაკავების შემდეგ, პირველი პირი თავად კოჩეტკოვი გამხდარიყო.

მექსიკური ნარკოკარტელის სახელით ცნობილი მაღაზია, დარქნეტზე ახლა უკვე გაუქმებულია, თუმცა ის საკმაოდ პოპულარული გახლდათ და მე-11 ადგილს იკავედა.

საქართველოში, როგორც ცნობილია, კოჩეტკოვებს ლეგალური ბიზნესიც ჰქონდათ. ამჟამად საქართველოში კოჩეტკოვის მეუღლე დარია და იაროსლავ სუმბაევის მეუღლე იმყოფებიან, მათ "ბი-ბი-სი"-სთან საუბარი არ ისურვეს.

გახმაურებული მკვლელობა

უფროსი გამომძიებელი ევგენია შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს დილით საკუთარ სახლთან მოკლეს.

ორმა დაკავებულმა პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ მათ შეკვეთა დარქნეტში, მაღაზია Los Zetas მეპატრონისგან, "მიგელ მორალესისგან“ მიიღეს. გამოძიება ფიქრობს, რომ ეს ზედმეტსახელი სუმბაევს ეკუთვნის. შემსრულებელმა აბდულაზიზოვმა დაკითხვისას განაცხადა, რომ როცა გამომძიებელმა შიშკინამ იარაღი დაინახა, თავდაცვას ცდილობდა, ამ დროს აბდულაზიზოვი მიწაზე წაიქცა, პირველად ქალს მუცელში ესროლა, შემდეგ წამოდგა და ყელში ესროლა.

49 წლის გამომძიებელი, რომელსაც მეუღლე და ერთი ვაჟი დარჩა, ხშირად საუბრობდა იმ მუქარების შესახებ, რომელსაც ანონიმურად იღებდა. გამომძიებელი უარს აცხადებდა სახელმწიფო დაცვაზეც.

დარქნეტი ინტერნეტში არსებული არალეგალური საქონლის ბაზრობაა. ეს არის ანონიმური ქსელი, სადაც ყოველდღიურად უამრავი ნარკოტიკული საშუალება თუ სხვა არალეგალური ნივთები იყიდება. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)