პირველად 86 წლის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური მსახურება სრულდება - კვირის პალიტრა

პირველად 86 წლის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური მსახურება სრულდება

მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმური მსახურება სრულდება.

თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველოს მეთაურმა ალი ერბაშმა ტაძარში მსახურებისთვის სამი იმამი და ხუთი მუეძინი დანიშნა. მუსლიმი მორწმუნეები შეგროვილნი არიან როგორც ტაძრის შიგნით, ასევე ტაძრის ეზოსა და გარე პერიმეტრზე.

მორწმუნეები ტაძრის ეზოში მსახურების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ. მუსლიმურ მსახურებაზე ელოდებიან თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ერდოღანის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. თუმცა, მედიის ცნობით, დამონტაჟდება ისეთი განათება, რომლითაც ქრისტიანული მოზაიკები და ფრესკები ნამაზის დროს არ გამოჩნდება. კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება მოზაიკებისა და ფრესკების ფარდებით დაფარვა მუსლიმური მსახურების დროს.

თურქეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში, მუზეუმად ქცეულ ტაძარში, რომელსაც ყოველწლიურად 5 მილიონამდე ტურისტი სტუმრობდა, დამთვალიერებლების შეშვების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებული ინფორმაციით, ტურისტებისთვის სპეციალური დერეფნები მოეწყობა, რათა მათ ლოცვის დროს ფეხი არ დაადგან მლოცველების ხალიჩებს.