დაქირავებული მებრძოლები შემოწმებას სიცრუის დეტექტორზე გადიან - რა კავშირი აქვს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" "პუტინის მზარეულთან"? - კვირის პალიტრა

დაქირავებული მებრძოლები შემოწმებას სიცრუის დეტექტორზე გადიან - რა კავშირი აქვს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" "პუტინის მზარეულთან"?

ბელორუსში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო belTA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის სამართალდამცავმა ორგანოებმა, მინსკის მახლობლად, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" მებრძოლები დააკავეს.

ბელორუსი სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ დაკავებულები, "არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის" იმყოფებოდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ საქმე უფრო რთულ სცენართან გვაქვს და მზარდი ოპოზიციური მოძრაობის ფონზე, ლუკაშენკომ ამ ფორმით წინასაარჩევნოდ მკაცრი კონტროლის მექანიზმის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.

რა არის კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) "ვაგნერი"

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" რუსეთში კანონგარეშეა. მასზე არ ლაპარაკობენ სახელმწიფო არხებზე, მაგრამ "ვაგნერის" მებრძოლები დაფიქსირდნენ დონბასში, სირიაში, ლიბიაში, სუდანში და სხვა ქვეყნებში. "ვაგნერის" შესახებ ინფორმაცია არც თუ ისე ბევრია, რადგან მათი მოქმედებების შესახებ ჟურნალისტებს და აქტივისტებს ინფორმაციის შეგროვება საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების ფასად უწევთ.

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ან "ვაგნერის ჯგუფი" - არაოფიციალური სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც არ არის რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილი და მის ტერიტორიაზე არ აქვს იურიდიული სტატუსი. "ვაგნერის ჯგუფში" სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მონაცემებით 1300 - 2500 ადამიანი შედის.

რუსეთის ოფიციალური პირები კსკ "ვაგნერის" არსებობას უარყოფენ. დაქირავებული სამხედრო საქმიანობა რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლითაა აკრძალული.

"ვაგნერის დაბადება"

1970 წელს დაბადებული დმიტრი უტკინი, ზედმეტსახელად "ვაგნერი", ამავე სახელწოდების კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელად ითვლება. როგორც ჩანს, უტკინი ამ საქმიანობით მას შემდეგ დაკავდა, რაც გრუ-ს ერთ-ერთი სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დმიტრი უტკინი

2016 წელს უტკინი კრემლში გამართულ სპეციალურ მიღებაზე დააფიქსირეს. წვეულება იმ სამხედროებისთვის გაიმართა, რომლებმაც ბრძოლაში განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინეს. 2017 წელს აშშ-მა მას სანქციები დაუწესა. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს სიაში მითითებულია: "დაკავშირებულია კსკ ვაგნერთან".

ითვლება, რომ "ვაგნერი", "სლავიანსკი კორპუსის" სამხედრო კომპანიიდან წარმოიშვა, რომელიც სათავეს სირიაში 2013 წელს იღებს.

"სლავიანსკი კორპუსში" ირიცხებოდა "ვაგნერის ჯგუფის" მომავალი ხელმძღვანელი დმიტრი უტკინი.

"ვაგნერის" საქმიანობის პირველი მტკიცებულებები, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა 2014 წელს, დონბასში დააფიქსირეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, "ვაგნერის ჯგუფი" მონაწილეობდა დონეცკის აეროპორტის შტურმსა და დებალცოვოს შეტაკებებში.

"პუტინის მზარეული"

კერძო სამხედრო კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ფინანსიტად პრესა, პუტინთან დაახლოებულ პირს და "პუტინის მზარეულად" წოდებულ ევგენი პრიგოჟინს ასახელებს. პრიგოჟინის კომპანიები ამზადებდენ წვეულებებზე სადილსა თუ ვახშამს სახელმწიფო პირებისთვის, მათ შორის კი თავად ვლადიმირ პუტინისთვის. აქედან მას "პუტინის მზარეულად" მოიხსენიებენ.

ვლადიმირ პუტინი და ევგენი პრიგოჟინი

როგორც RBK-მა გაარკვია პრიგოჟინი, ვაგნერის ჯგუფის ბაზის უზრუნველსაყოფ ტენდერებში ღებულობდა მონაწილეობას.

ისევე როგორც უტკინს, აშშ-მა სანქციები პრიგოჟინსაც დაუწესა. თავად პრიგოჟინი "ვაგნერის ჯგუფთან" კავშირს უარყოფს. ამ ჯგუფთან პრიგოჟინის კავშირების მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია.

2016-2017 წლებში სირიაში, ნავთობის რამდენიმე საბადოთი რუსული კომპანია "ევრო პლიუსი" დაინტერესდა, რამდენიმე გამოცემის თანახმად კომპანია პრიგოჟინთანაა აფილირებული. კომპანიამ რესურსების მოპოვების უფლება მიიღო, საბადოს დაცვის ფუნქციები კი კსკ "ვაგნერს დაეკისრა".

"ვაგნერის" მებრძოლების გეოგრაფია

სირიაში "ვაგნერის ჯგუფი" 2015 წელს ჩნდება. ითვლება, რომ "ვაგნერის" მებრძოლები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ პალმირას პირველ და მორე შტურმში.

რუსი დაქირავებული მებრძოლების კვალი დაფიქსირდა სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც. გამოცემა The Bell-ის ცნობით, 100-მდე დაქირაევებული მებრძოლი სუდანის სამხედრო რაზმს წვრთნის, სანაცვლოდ კი როგორც გამოცემა წერს, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, ქვეყანაში ოქროს მოპოვების ნებართვა მიიღეს.

2018 წლის 30 ივლისს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. ისინი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" საქმიანობას იძიებდნენ.

2020 წლის მაისში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელთ აღმოჩნდა გაეროს სადამკვირვებლო მისიის კომიტეტის ანგარიში, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გენერალ ხალიფა ჰაფთარის მხარეს, ტრიპოლიში საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის წინააღმდეგ, "ვაგნერის" ჯგუფის 1200-მდე წევრი იბრძოდა. ანგარიშში ნახსენებია ის ფაქტიც, რომ "ვაგნერის" ჯგუფის წევრები ლიბიაში 2018 წლიდან იმყოფებიან.

რუსეთი, დაქირავებული მებძოლების ლიბიის ტერიტორიაზე გამოყენებაში არაერთხელ დაადანაშაულა ვაშინგტონმაც.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტთა დასკვნაში ნათქვამია, რომ კერძო სამხედრო კომპანია, "ვაგნერის" საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად სულ უფრო ხშირი გამოყენების ტენდენცია, პუტინის სტრატეგიის ნიშანია.

დაქირავებული მებრძოლები

მებრძოლთა შეგროვება დაღუპულთა ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, მთელი რუსეთის მასშტაბით ხორციელდება, თუმცა გაეროს ანგარიშში, რუსების გარდა, აღნიშნული იყო, რომ კერძო სამხედრო კომპანიის რიგებში ირიცხებიან უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის და სერბეთის მოქალაქეები.

კერძო სამხედროს კომპანიის მიერ დაქირავებული მებრძოლები, ხელს აწერენ შეთანხმებას გაუთქმელობის შესახებ. სხვადასხვა ინფორმაციით, პრეტენდენტები ავსებენ პირადი ინფორმაციის კითხვარებს, გადიან შემოწმებას სიცრუის დეტექტორზე (პოლიგრაფზე), მათი ხელფასი კი 100-300 ათას რუბლია. ხელფასის ოდენობა კი მისიის სირთულეზეა დამოკიდებული.

ვაგნერის ჯგუფი სხვადასხვა მონაცემებით კრასნოდარის მხარეში, მოლკინოს ბაზაზე ვარჯიშობს. უშუალოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, გრუ-ს სპეციალური ძალების მე-10 ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თუ გავითვალისწინებთ არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას, "ვაგნერის ჯგუფს" "გარანტირებული" მომავალი აქვს. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო კონფლიქტების ნაკლებობას არ უჩივის. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არაერთი ქვეყნის ინტერესი იკვეთება, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ოპერირებას. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთის ინტერესებიც დიდია, შესაბამისად "ვაგნერის ჯგუფის" სამოქმედო არეალიც მზარდია.

იხილეთ ასევე: "პუტინის მზარეული" - ვინ არის ევგენი პრიგოჟინი და რა აკავშირებს კრემლის "ტროლების ქარხანასთან"

(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)