"არასდროს ვყოფილვარ ჯოჯოხეთში, თუმცა, ის რაც გამოვიარეთ, ზუსტად ჯოჯოხეთია და იმედია, იგივე არასდროს განმეორდება" - კვირის პალიტრა

"არასდროს ვყოფილვარ ჯოჯოხეთში, თუმცა, ის რაც გამოვიარეთ, ზუსტად ჯოჯოხეთია და იმედია, იგივე არასდროს განმეორდება"

"მშობლებს სწამდათ, რომ ჩემი და ცოცხალი იყო, ბოლომდე სჯეროდათ, რომ მანაც ჩვენსავით მოასწრო გადარჩენა"

წლების წინ იაპონიასა და ამერიკას შორის დატრიალებული საზარელი კატასტროფა მსოფლიოს დღემდე ახსოვს. 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს იაპონიის ორ ქალაქში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებულ ორ ატომურ ბომბს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მთლიანად განადგურდა იაპონიის რიგი ქალაქები და 20 ტონა ტროტილის ბომბმა, მოუშუშებელი კვალი დაუტოვა იაპონიას.

ისინი, ვინც ბომბის ჩამოგდებას გადაურჩნენ, წლების განმავლობაში სერიოზული ფსიქიკური ტრავმებით იტანჯებოდნენ. ატომური ბომბის აფეთქებისგან გამოწვეული რადიაციით დაზარალდა ათასობით მოქალაქე.

ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ, იაპონიაში და მის საზღვრებს გარეთ ის ქალები მოძებნა, რომლებმაც ამ საზარელი ტრაგედიისგან გადარჩენა შეძლეს და დანგრეული ბავშვობის შემდეგ ცხოვრება განაგრძეს.

ტერუკო უენო, 15 წლის იყო, როდესაც 1945 წლის 6 აგვისტოს, ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს. იმ წელს, ტერუკო ჰიროსიმას წითელი ჯვრის საავადმყოფოში სამედიცინო სწავლების კურსებს გადიოდა. აფეთქების შემდეგ, ტერუკო და სხვა სტუდენტები სახანძრო გასასვლელით შენობიდან გაიყვანეს, გოგონა მეგობრების დახმარებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ, ნანგრევებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უენოს იმ დღიდან ბევრი არაფერი ახსოვს, თუმცა გოგონა იხსენებს, რომ ერთი კვირის შემდეგ, ღამეების განმავლობაში, გადარჩენილი ექთნები საჭმლისა და წყლის გარეშე დარჩენილები, დაშავებულებს მკურნალობდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ, ტერუკომ სწავლა დაამთავრა და ტატსუიუკის გაყვა ცოლად, რომელიც ასევე სასწაულად გადაურჩა 6 აგვისტოს ტრაგედიას. როდესაც ტეტუკო დაორსულდა ექიმებმა გააფრთხილეს, რომ შესაძლებელი იყო, მისი შვილი რაიმე ფიზიკური ან გონებრივი ნაკლით დაბადებულიყო. საბედნიეროდ, რადიაციამ ტერუკოს შვილზე არ იმოქმედა.

"არასდროს ვყოფილვარ ჯოჯოხეთში, თუმცა ვფიქრობ, ის რაც გამოვიარეთ ზუსტად ჯოჯოხეთია და იმედია, იგივე არასდროს განმეორდება. იმ დღეს ქალაქში ყველაფერი დაიბურა, ბალახები და ხეები გაშავდა, საშინელება იყო. აფეთქების შემდეგ, ხალხი ქუჩებში გამოცვივდა, ცდილობდნენ ოჯახი და მეგობრები ეპოვნათ, ბევრიც დაიღუპა. ის, ვინც გადარჩა წლების განმავლობაში საშინელი დაავადებებით იტანჯებოდა" - იხსენებს ტერუკო უენო.

მეორე გადარჩენილი ქალბატონი ემიკო ოკადაა, რომელიც 8 წლის იყო, როდესაც ჰიროსიმაში საზარელი აფეთქება მოხდა. მისი უფროსი და და 4 ნათესავი აფეთქებას ემსხვერპლა. აფეთქების შემდეგ, ემიკოს ოჯახის ფოტოები დაიკარგა და მხოლოდ  თავისი დისა და ნათესავების სურათების გადარჩენა შეძლო.

"ჩემმა დამ დილით დატოვა სახლი, მითხრა მოგვიანებით გნახავო, თუმცა დაბრუნება ვეღარ მოასწრო. მაშინ სულ რაღაც 12 წლის იქნებოდა, სიცოცხლით სავსე გოგონა იყო. არავინ იცის სად დაიღუპა, ჩემი მშობლები მისი სხეულის მოსაძებნად წავიდნენ, ვერაფერი იპოვეს და სწამდათ, რომ ცოცხალი იყო, ბოლომდე სჯეროდათ, რომ ჩვენსავით მოასწრო გადარჩენა.

იმ პერიოდში საჭმელი არ გვქონდა, არც არაფერი ვიცოდით ქალაქში გავრცელებული რადიაციის შესახებ, რადგან ქალაქში საკვები არ იყო, ხალხი იპარავდა ყველაფერს, ყველაზე დიდი პრობლემა შიმშილი იყო. ჰიროსიმაში საოცარი წყალი გვქონდა, ამით ცოცხლობდა ხალხი, ახლა უკვე მისი გემო დამავიწყდა" - იხსენებს ემიკო ოკადა.

ოკადა ასევე "ბი-ბი-სი"-სთან ყვება, რომ მათ რადიაციის შესახებ არაფერი იცოდნენ, 12 წლის შემდეგ კი ემიკოს აპლასტიური ანემია დაუდგინეს, ანემიის მიზეზად აფეთქების დროს გავრცელებული რადიაცია დასახელდა.

"ყოველ წელს, ერთი დღე მაინც ცა, მზის ჩასვლისას მუქ წითელ ფერს იღებს, იმ დღეს თუ მზეს ახედავთ სახე გაგიწითლდებათ. ამ მზის შემხედვარე, ყოველთვის აფეთქება მახსენდება.

მახსოვს, 3 დღე და 3 ღამე ქალაქი იწვოდა, ნაწილებად იშლებოდა იქაურობა მეზიზღება მზის ჩასვლა, მის დანახვაზე დამწვარი ქალაქი მახსენდება" - ამბობს ემიკო ოკადა.

მესამე გადარჩენილ ქალს, რეიკო ჰადას აფეთქების ზუსტი დრო და თარიღი დღემდე ახსოვს. მაშინ 9 წლის იყო, 1945 წლის 9 აგვისტო გათენდა და დილით, 11:02-ზე ნაგასაკი დაბომბეს.

იმ დილით ადრე, მთავრობის წარმომადგენლები საჰაერო სიგნალებით მოსახლეობას აფრთხილებდნენ სახლიდან არ გამოსულიყვნენ. რეიკოც სახლში დარჩა. გამაფრთხილებელი სიგნალების გაჩერების შემდეგ, რეიკო მეგობრებთან სათამაშოდ ჩავიდა.

"სახლში არ ვიყავი, იქვე ახლოს ვთამაშობდი, ყველაფერი უეცრად მოხდა, შუქმა თვალები მომჭრა. მახსოვს ჰაერში ყვითელი, სტაფილოსფერი და მწვანე ფერების ნაზავი გამოჩნდა და პანიკა წამებში დაიწყო. შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველანი მარტონი ვიყავით, ყველა ყვიროდა და ხალხი ქაოტურად მოძრაობდა.

ჩვენ დასახლებაში ადამიანები ტანსაცმლის გარეშე, დამწვარი სხეულებით დარბოდნენ, ისინი წყალს მთხოვდნენ, მეც დახმარება მინდოდა, გავიქეცი და იქვე მდინარიდან წყალი მოვიტანე, წყლის დალევიდან რამდენიმე წუთში ყველა მათგანი გარდაიცვალა, წყალი უკვე დაბინძურებული იყო.

აფეთქება ზაფხულში მოხდა და ამ ქაოსს სიცხე დაემატა. გარდაცვლილი ადამიანები ყველგან იყვნენ, მზეზე მათი გაჩერება არ შეიძლებოდა და ისინი ერთ-ერთი კოლეჯის საცურაო აუზში ჩაყარეს, აუზი კი მთლიანად ხით დაფარეს", - იხსენებს რეიკო ჰადა.

ჰიროსიმა და ნაგასაკის აფეთქბიდან უკვე 75 წელი გავიდა, ტრაგედიას იაპონია ახლაც დიდი ტკივილით იხსენებს და მათ იმედი აქვთ, რომ მომავალი თაობა მსგავს ტკივილსა და ტანჯვას არასდროს ნახავს და გამოცდის. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)