ისრაელის არმიამ სირიის სამხედრო ბაზებზე ავიაიერიში განახორციელა - კვირის პალიტრა

ისრაელის არმიამ სირიის სამხედრო ბაზებზე ავიაიერიში განახორციელა

ისრაელის თვითმფრინავმა სირიის სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანა,- BBC-ის ინფორმაციის ამის შესახებ ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები ისრაელის არმიის საპასუხო ქმედება იყო, რომელიც ისრაელის არმიამ სირიის მხრიდან დაბომბვის მცდელობის გამო განახორციელა.

„ისრაელის არმია სირიის მიწაზე განხორციელებულ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობას სირიის მთავრობას აკისრებს და ისრაელის სუვერენიტეტის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ მოქმედებას მომავალშიც გააგრძელებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, მათ მიერ განხორციელებული ავიაიერიშის სამიზნე ელ-კუნეიტრაში განთავსებული სირიის არმიის ბაზების "სადამკვირვებლო პოსტები, სადაზვერვო სისტემები, საზენიტო საარტილერიო ობიექტები და კონტროლის სისტემები" იყო.

აღსანიშნავია, რომ ავიაიერიშამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია 4 ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც, მათი მტკიცებით, გოლანის მაღლობების ისრაელის მიერ ოკუპირებული ნაწილის ახლოს ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამონტაჟებდნენ.

საჰაერო დარტყმების შესახებ ინფორმაცია სირიის სახელმწიფო მედიამაც დაადასტურა. მათი ცნობით, დედაქალაქ დამასკოს ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტებს "მატერიალური ზიანი" მიადგა.

სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციამ კი განაცხადა, რომ საჰერო იერიშების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისათვის, ისრაელსა და სირიას შორის სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი კვირის წინ ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად სირიაში ჰეზბოლას მებრძოლი დაიღუპა.