"მშვენიერი ფანტასტიკა, მაგრამ მხოლოდ ფანტასტიკა" - რას წერს სოციალურ ქსელში გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი 2008 წლის ომზე? - კვირის პალიტრა

"მშვენიერი ფანტასტიკა, მაგრამ მხოლოდ ფანტასტიკა" - რას წერს სოციალურ ქსელში გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი 2008 წლის ომზე?

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რვა მოქმედი და მომავალი წევრის მიერ გავრცელებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას "ფანტასტიკას“ უწოდებს.

"მშვენიერი ფანტასტიკა. მაგრამ მხოლოდ ფანტასტიკა,“- წერს პოლიანსკი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

მან განცხადება თავადაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ კონსულტაციებს არ ეთანხმება.

"ყველაზე დიდი აბსურდია ბრალდებები იმის შესახებ, რომ ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. 8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია, თუმცა ის აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილის უგუნური რეჟიმის სამხედრო ავანტიურის 12 წლისთავს, რომელმაც მთელ ქართველ ერს გამანადგურებელი შედეგები მოუტანა,“- აღნიშნულია პოლიანსკის განცხადებაში.

მისი მტკიცებით, 2008 წელს საქართველომ დაარღვია ე.წ. "სამხრეთ ოსეთში“ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებები და ცხინვალის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

"იმის შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს პირდაპირი საფრთხე დაემუქრათ, ჩვენ დავიწყეთ ოპერაცია, რომლის მიზანი ქართული მხარის შეჩერება იყო,“- აღნიშნავს პოლიანსკი.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ ზიანის მიუხედავად, რაც ორი ქვეყნის დიპლომატიურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს მიადგა, ბოლო წლების განმავლობაში ყალიბდება ტენდენცია კონსტრუქციული ურთიერთქმედების დასამყარებლად.

შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერაა გამოხატული, რუსული აგრესია და ოკუპაცია კი - დაგმობილია.

"ინტერპრესნიუსი"