"მე და ვლადიმირი საუბრისას ზოგჯერ ვიგინებით კიდეც - კაცები ვართ, ხდება ხოლმე, მაგრამ..." - რას ამბობს ლუკაშენკო პუტინზე, საქართველოსა და ოჯახზე
"მე და ვლადიმირი საუბრისას ზოგჯერ ვიგინებით კიდეც - კაცები ვართ, ხდება ხოლმე, მაგრამ..." - რას ამბობს ლუკაშენკო პუტინზე, საქართველოსა და ოჯახზე
ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა 5 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, მინსკში შეხვედრისას, ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც იგი სხვადასხვა საკითხებზე ლაპარაკობს: რუსი კოლეგის - ვლადიმერ პუტინის მიმართ დამოკიდებულებაზე, უკრაინასთან ურთიერთობაზე, ყირიმის პრობლემაზე, საკუთარ ოჯახურ მდგომარეობაზე და ა.შ. დიმიტრი გორდონმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ინტერვიუს სრული ვიდეოჩანაწერი თავის "იუთუბ-არხზე" გამოაქვეყნა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"უფროსი ძმა"

ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს უფროსი ძმა და კარგი მეგობარი უწოდა:
"დიახ, ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთში გარკვეული დაძაბულობა გვაქვს ხოლმე - იმიტომ,
რომ ჩვენ ორივე ძლიერი პიროვნებები ვართ (ბოდიში ასეთი მოურიდებელი ნათქვამისათვის)... იგი ჩემი უფროსი ძმაა. ამას გულწრფელად ვამბობ, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ შენ უფროსი ხარ, მე კი პატარა, უმცროსი, არაფრის გამკეთებელი... უფროსი ძმა ხარ როგორც ასაკით, ისე პოლიტიკური წონით... ამასთან, მიმაჩნია, რომ უფროსი ძმა უმცროს
ძმას ყოველთვის მხარს უნდა უჭერდეს. ამას ვლადიმერ პუტინს ყოველთვის ვეუბნები... ჩვენ ბევრი რამ გვინახავს და გადაგვიტანია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კარგი მეგობრობა ყველაფერს გაუძლებს, ბოლოდროინდელი სირთულეებისა და პერიპეტიების მიუხედავად. შემიძლია მას ყველაფერი პირში ვუთხრა, მასაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ჩვენ ერთმანეთში საუბრისას ზოგჯერ ვიგინებით კიდეც - კაცები ვართ, ხდება ხოლმე, მაგრამ ერთმანეთისთვის არასდროს გვიყვირია. მე პირადად ამ საკითხთან მიმართებით ძალიან აკურატული ვარ, პუტინს კი ყვირილი არ სჩვევია... ამასთან, ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ".

"ზეწოლა უშედეგოა... აფხაზეთის საკითხშიც"
ინტერვიუში ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მას არასდროს დამუქრებია და მასზე ზეწოლის მოხდენა არასდროს უცდია: "ვეუბნები: ნუ შეეცდები ჩემზე ან ბელარუსზე ზეწოლის მოხდენას... მან შემაწყვეტინა და მეუბნება: "საშა, ნუთუ შენ გგონია, რომ მე ჩემს თავს შენზე ზეწოლის უფლებას მივცემ? ეს ფრაზა მისი ნათქვამია, გულწრფელი ნათქვამი: "ხომ ვიცი, რომ თუ შენ რაიმეს გაიძულებ, ყველაფერი პირიქით მოხდება, უარესი იქნება, ამიტომ ზეწოლა უპერსპექტივო და უსარგებლოა". მოკლედ, პუტინი კარგად ხვდება, რომ ასეთი მოქმედება უშედეგოა".

ბელარუსის პრეზიდენტმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა მას "პუტინი დიდ ფულს სთავაზობდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ". "საკითხის ფასი ფულზე ბევრად მაღალი იყო... მე პირადად, საქართველოს და საერთოდ, ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვარ. როცა მთელი ეს აყალმაყალი დაიწყო, დსთ-ში ყველას აკანკალებდა.
ალექსანდრე ლუკაშენკო და დიმიტრი გორდონი
მოხდა ცუდი ფაქტი - საქართველოს ერთ-ერთი ნაწილი მოგლიჯეს, თუმცა იქ მხოლოდ 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს. და როცა ეს მოხდა, ჰაერში კითხვა იგრძნობოდა - [ვინ დაუჭერს მხარს?]. მე ამ საკითხს მნიშვნელობას არ ვანიჭებდი: თუ საჭიროა მოკავშირისადმი მხარდაჭერა, შეგვიძლია და მხარს დავუჭერთ, მაგრამ დასავლეთი გვთხოვდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეღიარებინა "სამხრეთ ოსეთი", თორემ სერიოზული სანქციებით დაგვემუქრებოდა. მოსკოვისთვისაც ჩვენგან აღიარების საკითხი პრინციპული არ იყო და ამას დაჟინებით არც გვთხოვდა. საქმეში "ნატოელები" ჩაერთვნენ, ისინიც გვეუბნებოდნენ, რომ რაიმე ნაბიჯი არ გადაგვედგა ამ რეგიონის აღიარების მიზნით. 2009 წლის თებერვალში მინსკში ნატოს ყოფილი გენმდივანი, ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, ჰავიერ სოლანა ჩამოვიდა. მე მოხუცი ძალიან მომეწონა... როცა დავსხედით კაბინეტში, მან პირდაპირ მითხრა: "თქვენთან თხოვნა მაქვს". მე ვეუბნები: "განა რა ისეთი თხოვნა უნდა ჰქონდეს ნატოს ლუკაშენკოსთან?". მან ჩაიცინა: "თქვენ მართლაც იმას ხომ არ ფიქრობთ, ჩვენ უკვე მტრები ვართ?". ვპასუხობ: "არ ვფიქრობ, მაგრამ ნატო და ლუკაშენკო ერთად? ეს ერთ ნავში ყოფნას არ ჰგავს-მეთქი. თუმცა არა უშავს. მაინც რა გინდათ, მითხარით". ჰავიერ სოლანა მიყურებს და ამბობს: "ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ "სამხრეთ ოსეთი" აღიაროთ". ისე გამოდის, რომ იგი თვლიდა - აი, ბელარუსიც აღიარებს და შემდეგ აღიარების მთელი "პარადი" დაიწყებაო, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების მხრიდან. იმ დროისათვის ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირს უკვე გამოცხადებული ჰქონდა სანქციები და ამიტომ ჰავიერ სოლანას ვეკითხები, რა ემუქრება ბელარუსს ამ რეგიონების აღიარებისთვის-მეთქი. აშკარად ჩანდა, რომ იგი ჩემი კითხვისთვის მზად იყო: ამოიღო ბლოკნოტი და დაიწყო ჩამოთვლა: ბატონო პრეზიდენტო, ბელარუსი დაუყოვნებლივ იქნება გათიშული SWIFT-ის [საბანკო კავშირების] ქსელიდან... ეს ყველაზე სერიოზულია, რასაც შემდეგ კიდევ სხვა სანქციებიც მოჰყვება... მაგრამ მას არ აღუთქვამს ჩემთვის, რომ თუ ვაღიარებდით, მაშინ ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს მოუხსნიდა. მან, უბრალოდ, დამატებითი სანქციები ჩამომითვალა.

"პრეზიდენტი 2036 წლამდე?"
დიმიტრი გორდონის კითხვაზე - შეუძლია თუ არა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად 2036 წლამდე დარჩესო, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ მოხდება: "საერთოდ, ყველაფერი ვითარებაზეა დამოკიდებული. ხომ ხედავთ, როგორია მდგომარეობა, უკეთესი აღარ იქნება. შეიძლება შემდეგ ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალონ - ლუკაშენკოსი და პუტინის ბრალიაო, მაგრამ გეუბნებით, იგი არასოდეს არ იქნება პრეზიდენტი 2036 წლამდე! მე თქვენ 100-პროცენტიან გარანტიას გაძლევთ. ვლადიმერ პუტინი [სიბერისაგან] გალურჯებული ხელებით ძალაუფლებას არ მოეჭიდება..,. იგი მოძებნის ვარიანტს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანის მოსვლის მიზნით, რომელიც რუსეთის განვითარებას გააგრძელებს იმავე გზით, რომლითაც ახლა მიდის".

"რუსეთს ეშინია..."
შეეხო რა ორი მეზობელი და მონათესავე ქვეყნის - რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობას, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის დაკარგვას უფრთხის და ამ დროს "შეცდომას შეცდომაზე უშვებს".
"მოსკოვს დღეს მხარს არ უჭერს არც უკრაინა, და არც ბალტიისპირეთი. ძნელია ვინმემ ჩვენ პრორუსულები გვიწოდოს, თუმცა ფაქტობრივად ერთი ხალხი ვართ. ვეუბნები - ნორმალურები ვართ, თქვენიანები ვართ, მაგრამ მაინც ხელი ჩვენს ყელში გაქვთ წაჭერილი. რატომ გვახრჩობთ? ბელარუსს ყველანაირად დავიცავთ, მაგრამ პირველად ჩვენ არ გავისვრით. ასეთი რამ მხოლოდ მტრებისთვის გაკეთებული საჩუქარი იქნება. სროლამდე ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ თუ ყველა ვარიანტი ამოიწურება, მაშინ უეჭველად "ჩვენც გავისვრით".

ალექსანდრე ლუკაშენკო ინტერვიუში შეეხო აგრეთვე შვილებთან დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ბევრი ისაუბრა უმცროსი ვაჟის - ნიკოლაის შესახებ.

"ნიკოლაი ოპოზიციურად არის განწყობილი, ამას ვგრძნობ. კარგად იცის საიტები, მათ შორის "გორდონიც". მე განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ბიჭი ჯერ კიდევ ყმაწვილია და უკვე ყველაფერში ერკვევა. ვერაფერში მოატყუებ. ჩემ პრეს-მდივანს - ნატალია ეისმონტს "ეშინია", რომ მას ტელეფონით ესაუბროს... კოლია კაჟივით ბიჭია, მამამისივით! უფროსი [ვიქტორი] და საშუალო [დიმიტრი] - ისინი ძალიან წესიერები არიან, მაგრამ რბილი ხასიათი აქვთ. კოლიას ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს, იგი ხომ მის თვალწინ გაიზარდა. რუსეთში ყოველთვის კოლიასთან ერთად დავდიოდი. ვიქტორ იანუკოვიჩსაც ძალიან უყვარს"

კითხვაზე, ამზადებს თუ არა შვილს თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ, ალექსანდრე ლუკაშენკო პასუხობს: "არა, ჩემი კოლია, ალბათ, პრეზიდენტი არასოდეს არ იქნება. მე არ მინდა, [რომ იგი პრეზიდენტი იყოს]". (წყარო)


მოამზადა სიმონ კილაძემ

ddgfdf
07 აგვისტო 2020 23:17
რა უნდა ქნას? კურილიისკენ უნდა იმზიროს.
icit ra???
07 აგვისტო 2020 20:18
ო რა ძალიან მომეწონა ეს სტატუია და ადამიანური საუბარი??? ვთვლი რომ ქარტველებმა დაკარგეს სიტყვა პასუხის კულტურა და რუსებმა შეინარჩუნეს ნორმალური ადამიანობა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?