"დღეს ყველასთვის ნათელია, რომ კრიტიკის გამო შეიძლება, უბრალოდ მოგკლან" - ვინ არიან "კადიროვის რეჟიმს" გაქცეული ბლოგერები? - კვირის პალიტრა

"დღეს ყველასთვის ნათელია, რომ კრიტიკის გამო შეიძლება, უბრალოდ მოგკლან" - ვინ არიან "კადიროვის რეჟიმს" გაქცეული ბლოგერები?

მიმდინარე წლის 4 ივლისს ვენაში ჩეჩენი ბლოგერი, მამიხან უმაროვი მოკლეს. როგორც ცნობილია, უმაროვი, რამზან კადიროვის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. "ანზორი ვენიდან" - საზოგადოება მას ამ სახელით იცნობდა. უმაროვი მკაცრად აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და ხშირად ცენზურასაც არ იცავდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპაში მყოფი ჩეჩნები, რომლებიც კადიროვს და ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდნენ და ქვეყნის დატოვება მოუხდათ, მკვლელის სამიზნეები გახდნენ.

1-ელ თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი, კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი, იმრან ალიევი, აგრეთვე ცნობილი, როგორც "მანსურ სტარიი" – "მანსურ ძველი", საფრანგეთში, ქალაქ ლილში მოკლული იპოვეს.

იმრან ალიევი

კადიროვის რეჟიმს, ძალიან ბევრი გაექცა ევროპაში, ზოგიერთი მათგანი დევნილის სტატუსით სარგებლობს და სამშობლოდან შორს აგრძელებს ცხოვრებას. არიან ადამიანები, რომელთაც სხვა გზა არჩიეს და საჯარო სივრცეში, "იუთუბ არხების" მეშვეობით გააგრძელეს ჩეჩნეთის ლიდერის კრიტიკა. ჩეჩენი ბლოგერები პოპულარობით სარგებლობენ და ხშირად მათ ვიდეოებს ათი ათასობით მნახველი ჰყავს.

ევროპაში მცხოვრებ ბლოგერებს, ოჯახის წევრები ჩეჩნეთში ჰყავთ, რაც მათთვის ერთგვარი "აქილევსის ქუსლი" ხდება, ვინაიდან ისინი (ნათესავები, ოჯახის წევრები) ხშირად ხდებიან დაშინებისა და აგრესიის მსხვერპლნი.

მუსა ლომაევი

ბლოგერი მუსა ლომაევი ინტერვიუში, რომელიც მან "კავკაზკი-უზელს" მისცა, ამბობს: "ნადირობა არა მხოლოდ ბლოგერებზე, არამედ ყველა იმაზე მიმდინარეობს, ვინც გაბედავს და კადიროვის რეჟიმს გააკრიტიკებს. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ კრიტიკის გამო, არათუ ბოდიშის მოხდა მოგიწევს-შეიძლება უბრალოდ მოგკლან".

მუსა ლომაევი ფინეთში ცხოვრობს, მისივე თქმით, არაერთხელ დაემუქრნენ. მუსას და, ჩეჩნეთში ცხოვრობს, ძმის საქმიანობის გამო კი ავიწროებენ და მასზე ზეწოლას ახორციელებენ.

კიდევ ერთი ბლოგერი, რომელიც კადიროვის რეჟიმს და პირადად მას აკრიტიკებს, მინკაილ მალიზაევია. მისი "იუთუბ" ვიდეო ბლოგები პოპულარულია და ასობით ათასი ნახვა აქვს. ბლოგერის თქმით, გერმანიაში რამდენჯერმე სცადეს მისი გატაცება, მანამდე კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც საავადმყოფოში მოათავსეს.

მინკაილ მალიზაევი

რამდენიმე დღის წინ მინკაილის ძმამ, ანზორ მალიზაევმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებს მოუწოდებს, შეაჩერონ თავისი ძმა მინკაილი და ყველა ის, ვინც ჩეჩნეთის მთავრობას აკრიტიკებს. მიმართვაში ანზორი ძმის ნაცვლად იხდის ბოდიშს და მას მონანიებისკენ მოუწოდებს.

"ბოლო დროს იუთუბ არხებზე, ლანძღავენ ჩვენს ერს, ფადიშაჰს (ასე უწოდებენ ჩეჩნეთში რამზან კადიროვს). მათი ჩამოთვლა თითებზეც შეიძლება, სულ რამდენიმეა, ტუმსო, მანსური...ისინი ერის მტრები არიან..."

ანზორის მიმართვას, სოციალურ ქსელებში მთავრობის მხრიდან ზეწოლის შედეგად ჩაწერილი ვიდეო უწოდეს. ბლოგერებისა და ზოგადად, კადიროვის რეჟიმის მოწინააღმდეგეების ნათესავებზე და ოჯახის წევრებზე ზეწოლა, დღევანდელ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მიღებულ პრაქტიკად იქცა. ბლოგერის, მამიჰან უმაროვის, იგივე "მანსურ ძველის" მკვლელობის შემდეგ, უმაროვის ნათესავებმა ბოდიში მოუხადეს რესპუბლიკის ლიდერს:

"ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ბოდიში მოვუხადოთ ხალხს და რესპუბლიკის ხელმძღვანელს, ყველაფერს, რასაც ის (უმაროვი) ამბობდა შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის".

ტუმსო აბდურაჰმანოვი

ტუმსო აბდურაჰმანოვი შეიძლება ითქვას, რომ რამზან კადიროვის და მისი რეჟიმის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია, მისი "იუთუბ" არხი მილიონობით ნახვებს აგროვებს. ტუმსო აბდურაჰმანოვი

ტუმსოს 2015 წელს კადიროვის პირად გარემოცვასთან და ნათესავთან დაპირისპირება მოუვიდა და ჩეჩნეთი დატოვა. საინტერესო ფაქტია, რომ თავშესაფარი მან საქართველოსაც სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდგომ ის პოლონეთში გაემგზავრა.

26 თებერვალს, მას თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს, ტუმსომ თავდასხმის მოგერიება და თავდამსხმელის შეპყრობა მოახერხა. მან ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც სისხლიანი კაცი ჩანს. აბდურაჰმანოვი ეკითხება, თუ ვინ მიაგზავნა. ჩანაწერში ისმის დაჭრილი კაცის პასუხიც, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვიდან გამოგზავნეს.

ისევე, როგორც სხვა ბლოგერებზე, ზეწოლა ტუმსოს ნათესავებზეც ხორციელდება. 2018 წელს დააკავეს მისი 4 ბიძა, მალევე ერთ-ერთ არხზე სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ნათესავები, ტუმსოს კრიტიკის შეწყვეტისკენ და რუსეთში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ. ნათესავების მოწოდება ტუმსომ, მათზე (ნათესავებზე) მთავრობის ზეწოლით ახსნა.

ტუმსომ რამდენჯერმე რამზან კადიროვის მამა, აჰმატ კადიროვი მოღალატედ მოიხსენია და თვლის, რომ მისი ქვეყანა, ჩეჩნეთი, რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ამ განცხადებებით, მან კიდევ ერთხელ "მიიპყრო" როგორც ჩეჩნეთის ლიდერის, რომელსაც ის როგორც ტირანი ისე მოიხსენიებს, ასევე კრემლის ყურადღება.

2019 წელს ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი, მოგამედ დაუდოვი, მას "სისხლის აღებით" დაემუქრა.

იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

(სპეციალურად საიტისთვის)