აჯანყება ტაჰრირის მოედანზე და "ჩინური მოდელი" - კვირის პალიტრა

აჯანყება ტაჰრირის მოედანზე და "ჩინური მოდელი"

რამდენიმე წელია, მთელ მსოფლიოში მომხრეებს იკრებს "ჩინური მოდელი". ამ ფორმულით აღინიშნება რეჟიმები, რომლებიც თავის თავში მოიცავენ მეწარმეობას, თავისუფლებას და ავტორიტარულ რეჟიმს. ჩინურს უპირისპირდება "ვაშინგტონის მოდელი" - დემოკრატიის მაქსიმალურად შესაძლებელი დონით, თავისუფალი მეწარმეობითა და ყველა საზღვრის გახსნით კაპიტალისა და საქონლისათვის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.

მართალია, ჩინელები თავიანთ მოდელს რეკლამას არ უკეთებენ, მაგრამ ის სულ ახალ-ახალ ადეპტებს იძენს: პუტინისთვის ის სამაგალითოა, თუმცა კი არ აღიარებს, აფრიკის ბევრ ქვეყანას და აჰმედინეჟადის გუნდს ირანში სანიმუშოდ მიაჩნიათ, აზიის და მთელი მსოფლიოს ქვეყნები ამ მოდელს მისდევენ.

ტაჰრირის მოედანზე მიმდინარე მოვლენებამდე მიჩნეული იყო, რომ ამ მოდელის ეგვიპტური ვარიანტი (კაპიტალიზმი პლუს საიდუმლო პოლიციის ყოვლისშემძლეობა) მათ ქვეყანაში წარმატებით მუშაობდა. მაგრამ ოპოზიციამ შეარყია რწმენა, რომ სწორედ "ჩინური მოდელი" იყო ის მაგიური ფორმულა, რომელიც წარმოადგენს ხანგრძლივი სტაბილურობის გარანტს, ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი პოლიტიკური ავტორიტარიზმი კი ხალხს აბედნიერებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინელები არავის ახვევენ თავზე თავიანთ მოდელს. ისეთი ქვეყნების შედარება კი, როგორიც ჩინეთი და ეგვიპტეა, პირობითია. სხვათა შორის, ჩინეთის პრესამ ტაჰრირის მოვლენები თითქმის არ გააშუქა, ალბათ იქ მომხდარი პეკინის ხელისუფლებისთვის ძირგამომთხრელად მიიჩნიეს. ჩვენი ეპოქის მეორე მსხვილ ავტოკრატიულ სახელმწიფოში - რუსეთში შედარებით მეტი ინტერესი გამოიჩინეს, თუმცა ტუნისსა და ეგვიპტეში მომხდარისგან სათანადო დასკვნა მაინც ვერ გამოიტანეს, ჩანს, ფიქრობენ, რუსეთის ხალხი უსასრულოდ აიტანს ცხოვრების დაბალ დონეს, კორუფციას, ხელისუფლების სისასტიკეს.

"ლე მონდი", საფრანგეთი