"ბიძაჩემს არ შეეძლო ქორწილის გამო გამოსასყიდი გადაეხადა, ამიტომ მათ ჩემი თავი შესთავაზა" - ავღანელი ქალის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა - კვირის პალიტრა

"ბიძაჩემს არ შეეძლო ქორწილის გამო გამოსასყიდი გადაეხადა, ამიტომ მათ ჩემი თავი შესთავაზა" - ავღანელი ქალის ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

საზოგადოებაში მედიის საშუალებით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, ავღანეთსა თუ სხვა ცხელ წერტილებში ქალების მიმართ მომხდარი არაადამიანური ქცევის შესახებ. ამჯერად "ბი-ბი-სი"-მ საზოგადოებას ავღანელი ქალის, ზარქას ისტორია გააცნო, რომელსაც ქმარი სასტიკად მოექცა.

"გაეროს" ოფიციალურ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ავღანეთში ქალების 87% ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. უარეს შემთხვევაში, ოჯახში მცხოვრები მამაკაცები ქალებზე დანით და მათ შორის, მჟავის დასხმითაც კი ძალადობენ და კლავენ მეუღლეებს, დედებსა თუ დებს.

ავღანელი ზაქრას ქმრის ბოლო თავდასხმა კი ქალისთვის სავალალოდ დასრულდა, ქმარმა მას დანით ცხვირი მოკვეთა.

"ჩემი ქმარი ყველაფერზე ეჭვიანობდა" – ბრალად ღალატის გამო ყოველდღიური ფიზიკური ძალადობა, უკვე გაუსაძლისი იყო და ქალის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია - "ის უზნეობაში მდებდა ბრალს, მე კი ვეუბნებოდი, რომ ეს ასე არ იყო".

ზაქრა 18 წლის ასაკში გათხოვდა, 10 წლიან ქორწინებაში მას 6 წლის ვაჟი ჰყავს. ამ პერიოდში გამუდმებული ცემისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, არ ეგონა, რომ ქმარი ასე დაასახიჩრებდა.

რეკონსტრუქცია

10 კვირიანი წამების შემდებ, ექიმების დახმარებით ზარქამ ისევ ჩაიხედა სარკეში და დასახიჩრებულ სახეზე ისევ დაინახა ცხვირი. ის მაინც არ იყო ისეთი, როგორიც მას ჰქონდა, თუმცა ქალს მაინც იმედი მიეცა.

"ბედნიერი ვარ, რომ ისევ მაქვს ცხვირი... ეს ძალიან კარგია".

"დღეს სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე და დავინახე, რომ ცხვირი გაცილებით უკეთ გამოიყურება. ოპერაციამდე საშინლად გამოვიყურებოდი" - სამ საათიანი ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარდა - იხსენებს ბი-ბი-სი-სთან ზარქა.

დიდი გზა განკურნებამდე

ზარქა ავღანეთში, ზარგუნ შარის რაიონში ღარიბ ოჯახში დაიბადა. ეს ადგილი ქაბულიდან 250 კილომეტრით შორს და პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მას არ აქვს მიღებული განათლება, არ იცის წერა-კითხვა. მისი სოფელი თალიბების კონტროლის ქვეშაა. იმისთვის, რომ დასახიჩრებული ქალი სამკურნალოდ ქაბულში წასულიყო, ამას, წინ ადგილობრივ ხელისუფლებასა და თალიბებს შორის გრძელი მოლაპარაკება უძღოდა.

მისი მკურნალი ექიმი და ქირურგი ზალმაი ხან ახმადაზი მოლაპარაკებების პერიოდში მეუღლესთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირდა. მეუღლე დაეღუპა, ჯელალაბადში დაკრძალა და სამსახურში დაბრუნებულმა ზარქაც ნახა.

პირველ ვიზიტზე, ექიმმა აღმოაჩინა, რომ ჭრილობაში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდა, ქალს დაუნიშნა მედიკამენტები, 5 კვირის შემდეგ კი 21 ივლისს ზარქას ოპერაცია ჩაუტარდა.

ავღანელი ქალი სწორედ მაშინ შეხვდა "ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტებს, უამბო ისტორია და ნებაც დართო მათ ეს გადაეღოთ.

როგორც ის ყვება, მისი ოჯახი თავს მეზობლის პირუტყვის მოვლით ირჩენდა. ქმართან ერთად 10 წელი ქორწინებაშია თუმცა, ნიშნობა აღარც ახსოვს როდის ჩატარდა და არც ის ახსოვს, ჰკითხეს თუ არა მას ამაზე თანხმობა:

"მე და ჩემი ქმარი პატარები ვიყავით როცა დაგვნიშნეს. ნიშნობას ორგანიზება ბიძაჩემმა გაუკეთა, აღარც მახსოვს რამდენი წლის ვიყავი. მაშინ არაფერი ვიცოდი არც ცხოვრების და არც ქორწინების შესახებ".

ბარტერული ქორწინება

გათხოვებიდან რამდენიმე წელში ზარქამ აღმოაჩინა, რომ ბიძამ ის ქმრის ერთ-ერთ დაზე გაცვალა.

"ბიძაჩემს არ შეეძლო ქორწილის გამო გამოსასყიდი გადაეხადა, ამიტომ მათ ჩემი თავი შესთავაზა".

მხოლოდ ქორწინების შემდეგ აღმოაჩინა ზარქამ, რომ მისი ქმარი დებსაც ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ის ვერ ხვდებოდა მიზეზს, რადგან მისი მეუღლე არც ნარკომანი იყო და არც გიჟი.

ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, ავღანელ ქალს მეუღლემ განუცხადა, რომ კიდევ აპირებდა ცოლის მოყვანას. ეს ზარქას არ გაკვირვებია, რადგან მათ ქვეყანაში მამაკაცებს რამდენიმე ცოლი ჰყავთ.

სურვილის მიუხედავად, ქალის მეუღლემ ვერ შეძლო საკმარისი თანხის შეგროვება, რათა მეორე ცოლი გამოესყიდა, გაბოროტებული კი ჯავრს პირველ ცოლზე- ზარქაზე იყრიდა.

"ისე მცემდა, მეშინოდა რომ მომკლავდა" - ამბობს ის ჟურნალისტებთან.

ერთ დღესაც აუტანელი მოპყრობის გამო ზარქა მშობლების სახლში გაიქცა. ნაცემი გოგონა მამას სთხოვდა, წამოეყვანა ქორწინებიდან და უკან აღარ დაებრუნებინა. მეორე დილით ქალს ქმარმა მიაკითხა. ისევ უკან წაიყვანა, სახლში ისევ სცემა და ცხვირის მოკვეთით დაემუქრა. შეშინებული და ნაცემი ქალი დახმარების სათხოვნელად მეზობლებთან გაიქცა...

მეზობლები ჩაერივნენ, თუმცა სახლში მიყვანილ ქალზე ქმარმა ფიზიკური ძალადობა ისევ განაგრძო.

"მითხრა, რომ ჯერ სახლში შემიყვანდა და შემდეგ ისევ მშობლებთან დამაბრუნებდა. სახლში მისვლისას დამიჭირა, ჯიბიდან დანა ამოიღო და ცხვირი მომკვეთა".

მოძალადე ქმარმა საქციელის მიზეზად დაასახელა, რომ ცოლმა მას ნებართვა არ სთხოვა, როცა მშობლებთან გაიქცა და ამით მისი ღირსება შეილახა. ამის შემდეგ ის თავის საქმეზე წავიდა, დასახიჩრებული ქალი კი სახლში მიატოვა.

"ძალიან მტკიოდა და ბევრი სისხლი მომდიოდა. სუნთქვა აღარ შემეძლო" - დასახიჩრებული ქალი მეზობლებმა ადგილობრივ ექიმთან მიიყვანეს, თუმცა მას ტკივილები აწუხებდა და ვერც ოპერაციას უკეთებდნენ. ზარქას ოჯახის წევრები გოგონას ქმარს ეძებდნენ, სამაგიეროს გადასახდელად, თუმცა ის აღარ გამოჩენილა.

დასახიჩრებული ზარქას ფოტო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში და სწორედ ასე გამოჩნდა ქირურგიც, რომელმაც მას ოპერაცია გაუკეთა.

"ექიმებმა მითხრეს, რომ მე ისევ მექნება ცხვირი, სწორედ ამას ვნატრობდი 2 თვის განმავლობაში" - განაცხადა ჟურნალისტებთან ზარქამ.

ავღანელ გოგონას მისი სხეულის ქსოვილები გადაუნერგეს და ექიმები სწორედ ასე ცდილობენ მას სასუნთქი ორგანო აღუდგინონ. (წყარო)