ისრაელი მხოლოდ დამკვირვებელი არ უნდა იყოს - კვირის პალიტრა

ისრაელი მხოლოდ დამკვირვებელი არ უნდა იყოს

რევოლუციაა ტუნისსა და ეგვიპტეში, დემონსტრაციები - ირანსა და ბაჰრეინში, ისრაელში კი მშვიდობაა. ვის აინტერესებს ახლა სამშვიდობო პროცესი, დასახლებათა დემონტაჟი, ისრაელსა და პალესტინას შორის საზღვრის საკითხი. მსოფლიო გაოცებული აკვირდება ახლო აღმოსავლეთში რევოლუციურ მოვლენებს.

სტრატეგიული დოქტრინა - "ფარაონის წასვლა გადავიტანეთ, ამასაც გადავიტანთ", რომელიც წარსულში ისრაელის ბევრ მთავრობას ახასიათებდა, ისევ ამოქექეს პოლიტიკური ნაფტალინიდან. თუმცა სწორედ ახლაა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული აზროვნების შეცვლა, რადგან არაბ საზოგადოებას, რომელმაც ორი დიქტატორის გაგდება შეძლო, სათქმელი ჯერ არ დაუმთავრებია. მალე ის თავის ხელისუფლებას მოსთხოვს უფრო მკაცრი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებას, ანუ მოითხოვს, გადახედოს ურთიერთობას ისრაელთან.

ისრაელმა თავისი მოკავშირე ჰოსნი მუბარაქი "დაკარგა", მაგრამ ჯერჯერობით არ დაუკარგავს ეგვიპტე. თუმცა მხოლოდ ისრაელს არ დაუკარგავს თავისი პარტნიორი, პალესტინის ავტონომიაც უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდა. პალესტინელებისთვის მოულოდნელად ისრაელთან მისი კონფლიქტი ჩრდილში მოექცა. ამერიკის ადმინისტრაცია, რომელმაც მხარი დაუჭირა ეგვიპტის დემოკრატიულ რევოლუციას, იძულებულია, თამასუქი გადაიხადოს და ხელი შეუწყოს ამ ქვეყანაში გარდაქმნებს.

პრეზიდენტი ობამა შეეცადა, რეგიონში აშშ-ის პოზიციების განმტკიცებას, ის აუცილებლად მიემხრობა არაბ საზოგადოებას, რომელიც არ დაკმაყოფილდება დიქტატორების განდევნით და საოკუპაციო რეჟიმის ლიკვიდაციას მოინდომებს. ისრაელმა განზე დგომის ნაცვლად უნდა წამოაყენოს პოლიტიკური ინიციატივა და არაბულ სამყაროს ამცნოს, რომ ისრაელს სურს გახდეს ახალი ახლოაღმოსავლური რეალობის ნაწილი. ისრაელმა უნდა წამოაყენოს რეალური გეგმა, რომელიც პალესტინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების საშუალებას მისცემს.

"ჰაარეცი", ისრაელი