"იმ დღეს რაღაც აუხსნელს ვგრძნობდი, ჩემ წინ ჩემი შვილი იდგა, რომელსაც 32 წელი ვეძებდი" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს რაღაც აუხსნელს ვგრძნობდი, ჩემ წინ ჩემი შვილი იდგა, რომელსაც 32 წელი ვეძებდი"

წლების წინ, ჩინეთი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. 1980-იან წლებში ჩინეთის ქუჩებში ერთი-მეორეს მიყოლებით იკარგებოდნენ ბავშვები, ისე, თითქოს მათ არც არასდროს უარსებიათ. პოლიცია წლების განმავლობაში უიმედოდ ეძებდა თითოეულს. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ამბავი ჩინეთში 1988 წელს მოხდა, 28 წლის ლი ჯინგზის მეუღლეს ქუჩაში ერთადერთი შვილი მოსტაცეს.

ბრიტანული გამოცემა "ბი-ბი-სი" ძველ, თუმცა მეტად ემოციურ ამბავს გამოეხმაურა. ლი ჯინგზიმ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი შვილის, მაო ინის ძიებაში გაატარა. 1988 წელს გატაცებულ და გაყიდულ 2 წლის ბიჭს დედა 32 წელი ეძებდა. ლის იმის იმედი დაკარგული ჰქონდა, რომ ოდესმე კიდევ ერთხელ ნახავდა შვილს, თუმცა ცხოვრებამ მას დიდი საჩუქარი გაუკეთა, მაო ინმა მოულოდნელად დაურეკა დედას და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა სურდა.

1988 წელს, არდადეგებზე ლი ჯინგზი და თავისი მეუღლე შვილთან ერთად ზოოპარკში წავიდნენ, ქალაქში ბევრი პარკი იყო, თუმცა წყვილმა ბავშვთან ერთად გასეირნება ხიანში, შანხაის პროვინციის ერთ-ერთ დიდ ზოოპარკში გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, ის დღე მათ ცხოვრებაში ბოლო ბედნიერი მოგონება იყო.

მაო ინი, ლისა და მისი მეუღლის ერთადერთი შვილი იყო, მაშინ ჩინეთში ერთი შვილის პოლიტიკა მძვინვარებდა, ამიტომ ცოლ-ქმარმა მეტი შვილის გაჩენა ვერ შეძლო. მშობლები მაოს მოფერებთ ჯია ჯიას ეძახდნენ, რაც მაგარს ნიშნავს.

"ჯია ჯია ჭკვიანი, გონიერი და მგრძნობიარე ბავშვი იყო. არ უყვარდა ტირილი, სიყვარულს ხშირად გამოხატავდა, მასთან თამაში ყველას მოსწონდა" - ამბობს ლი ჯინგზი.

ყოველ დილით ლისა და მის მეუღლეს ბავშვი საბავშვო ბაღში მიჰყავდათ და სამსახურის მერე სახლში ერთად ბრუნდებოდნენ. ლი ჯინგზი მარცვლეულის საექსპორტო ქარხანაში მუშაობდა, რის გამოც ქალაქიდან გასვლა ხშირად უწევდა და ქალაქის შემოგარენში 2-3 დღით სოფლებს სტუმრობდა ხოლმე, ჯია ჯია კი ამ დროს სახლში, მამასთან ერთად რჩებოდა, წყვილი სტაბილურად და ბედნიერად ცხოვრობდა.

ერთ-ერთი რიგითი მივლინების დროს, ჯია ჯია მამასთან დარჩა სახლში, ლი კი მივლინებაში წავიდა. იქ, სადაც ჯინგზი წავიდა, ტელეფონი ცუდად იჭერდა. მივლინების მეორე დღეს, ლიმ მოულოდნელად ფაქსი მიიღო "სასწრაფოდ დაბრუნდი სახლში, ახლავე".

"არ ვიცოდი რა ხდებოდა, უეცრად გონება დამიბნელდა, ჩვენმა ხელმძღვანელმა ფაქსის მიღების შემდეგ მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა, თქვენი ვაჟი დაიკარგა, სასწრაფოდ სახლში დაბრუნდიო"- იხსენებს ლი ჯინგზი.

1988 წლის ოქტომბერში, როდესაც ეს საზარელი ამბავი მოხდა, ჯია ჯია მაშინ 2 წლისა და 8 თვის იყო. ჯინგზის ქმარმა მოგვიანებით ყველაფერი დაწვრილებით გაიხსენა. სამსახურის შემდეგ, ჯია ჯია ბაღიდან გამოიყვანა, სახლისკენ მიმავალ გზაზე მამა-შვილი წყლის საყიდლად შეჩერდა. მამამ ბავშვი ძირს დასვა, ორი წუთით მიტრიალდა, წყალი აიღო და როდესაც უკან მობრუნდა ჯია ჯია ვეღარ იპოვა, ბავშვი წამებში გაიტაცეს.

ერთ კვირიანი აქტიური ძებნის შემდეგ, ბავშვის კვალი არსად ჩანდა და ლი მიხვდა, რომ სიტუაცია ბევრად სერიოზულად იყო. დედამ საკუთარი ძალებით დაიწყო შვილის ძებნა: "გული საოცრად მტკიოდა, ტირილი, ყვირილი მინდოდა. გულში უზარმაზარ სიცარიელეს ვგრძნობდი".

ბავშვის გაუჩინარებიდან მალე ლიმ ამ ტრაგედიაში მეუღლეს დასდო ბრალი და ოჯახში კიდევ ერთი განხეთქილება დაიწყო, თუმცა წყვილი მიხვდა, რომ ერთიანი ძალებით უფრო შეძლებდნენ თავიანთი შვილის პოვნას. გადიოდა წლები და ბავშვის კვალი არსად ჩანდა, 4 წლის შემდეგ, ლი მეუღლეს გაშორდა, ჯია ჯიაზე კვლავ არაფერი ისმოდა.

ჯინგზის შვილის ძებნა არასდროს შეუწყვიტავს, დედური ინსტიქტი და ძლიერი მონატრება სახლში ვერ აჩერებდა, ყოველ პარასკევს, საღამოს, სამსახურის შემდეგ, მატარებლით მთელ ჩინეთში მოგზაურობდა და ჯია ჯიას კვალს ეძებდა, კვირას საღამოს უიმედოდ სახლში ბრუნდებოდა და ორშაბათს სამუშაო დღისთვის ემზადებოდა.

ერთხელ ლის შეატყობინეს, რომ ხიანის ზოოპარკში ბიჭი ნახეს, რომელიც ძალიან გავდა ჯია ჯიას, ლი იმ საღამოსვე ჩავიდა პარკში და მთელი ღამე დაკეტილ ზოოპარკთან გათენებას ელოდა. დილით ლიმ იმ წყვილის მოძებნა დაიწყო, რომელსაც ხალხის თქმით, ჯია ჯია უნდა ჰყოლოდათ. ქალმა წყვილის საცხოვრებელი გაარკვია, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ წყვილი იმ ქალაქში საერთოდ არ იმყოფებოდა და სხვა პროვინციაში უნდა გაეგრძელებინა მათი ძებნა. რამდენიმე დღიანი წვალების შემდეგ, ლიმ წყვილს მიაგნო, თუმცა ის ბავშვი ჯია ჯია არ აღმოჩნდა.

"დარწმმუნებული ვიყავი, რომ ბავშვი ჯია ჯია იყო, იმედი გამიცრუვდა როდესაც ვერ ვიპოვე. ამან დიდი დარტყმა მომაყენა, ჩემი შვილის ხმა ჩამესმოდა, უკვე ფსიქიკური პრობლებები მეწყებოდა. ერთხელ ექიმმა მითხრა, ვუმკურნალებ შენს ფსიქიკას, მაგრამ ვერაფერს მოვუხერხებ შენს გულსო. თუ ვერ გავაკონტროლებდი ემოციებს, ვატყობდი მალე გავგიჟდებოდი. თუ არ შევწყვეტდი მსგავს ქმედებებს, იმ დღეს, როდესაც ჩემი შვილი დაბრუნდებოდა, გიჟი დავხვდებოდი და ეს უფრო მტკივნეული იქნებოდა მისთვის"- ამბობს ლი ჯინგზი.

1980-იან წლებში, როდესაც ლი ჯინგზი ჯია ჯიას ეძებდა, ჩინეთში ასობით ბავშვი დაიკარგა. ბავშვები იკარგებოდნენ გასართობ პარკებში, მაღაზიებსა და ქუჩებში და თითქოს ყველა ერთნაირად უგზო-უკვლოდ ქრებოდა. ლიმ გადაწყვიტა მოხალისედ დაეწყო მუშაობა და სხვა დედებს ტკივილის შემსუბუქებაში დახმარებოდა. ორგანიზაცია, "დააბრუნეთ ბავშვები შინ" მშობლებს შვილების მოძებნაში ეხმარებოდა.

"ჩემ თავს ვეკითხებოდი, რატომ არ შეიძლება ეს ჩემი შვილი იყოს?, მაგრამ როდესაც სხვა მშობლებს ვხედავდი, თუ როგორ ეხუტებოდნენ თავიანთ შვილებს მე მათ გამოც ბედნიერი ვიყავი, იმედს არ ვკარგადი, ველოდი იმ დღეს, როდესაც ჯია ჯიას ვნახავდი"- იხსენებს ლი

გამოხდა ხანი და ხიანის პარკის დაცვის უფროსმა ლის დაურეკა და უთხრა:

"მაო ინი ( ჯია ჯია) ვიპოვეთ"

ზოოპარკში ბიჭი თავისი ფეხით მივიდა, დაცვის თანამშრომლებმა მას საცხოვრებელი ადგილი ჰკითხეს. პოლიციამ იმის დასტურად, იყო თუ არა ის ლის შვილი, დეენემის ტესტი ჩაატარეს. პასუხები მალე მოვიდა, მაო ინი, უეცრად დაბრუნებული ბიჭუნა, ლის შვილი იყო.

"არ მჯეროდა, 32 წლის შემდეგ, 300 სხადასხვა ადგილას ჩასვლის მიუხედავად ის თავისი ფეხით დაბრუნდა და ყველაფერი მორჩა"- ამბობს ლი

18 მაისი ლისა და მაო ინისთვის ხელახლა დაბადებას ჰგავდა, ლი ნერვიულობდა, მაო ინი დიდი კაცი იყო, ცოლი ჰყავდა, თავისი ცხოვრება ჰქონდა და ინტერიერის დიზაინის სფეროში საკუთარ კომპანიას უძღვებოდა.

"ვღელავდი, იმ დღეს რაღაც აუხსნელს ვგრძნობდი, ჩემ წინ ჩემი შვილი იდგა, მაო ინი, რომელსაც 32 წელი ვეძებდი. როგორ შეიძლება ადამიანმა ეს სიყვარული ახსნა" - ამბობს ლი.

ამ ამბავმა სულ მალე მთელი მედია სივრცე დაიპყრო, ჩინეთში ლისა და მაო ინის ისტორია ყველა გამვლელმა იცოდა. მოგვიანებით, მედიაში ჯინგზიმ ამ ამბის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი გაავრცელა. მაო ინი მოტაცებიდან ერთ წელში, სიჩუანის პროვინციაში 6000 იუანად ანუ 840 დოლარად გაყიდეს, ის ერთ-ერთმა ოჯახმა იშვილა, მათ ბიჭს გუ ნინგიგი დაარქვეს და როგორც ერთადერთი შვილი, ისე გაზარდეს.

მაო ინმა წარმატებით დაამთავრა სკოლა, კოლეჯი. ბიჭის თქმით, მას ჯინგზი ტელევიზორში არაერთხელ ყავდა ნანახი. ფოტო, რომელიც მედიაში ტრიალებდა ძალიან გავდა მის ბავშვობას, თუმცა არასდროს უფიქრია რომ ეს ისტორია მას ეხებოდა. წლების შემდეგ, მაო ინს მშობლებმა საიდუმლო გაუმხილეს, მაშინ კი ბიჭმა ამ კავშირზე ფიქრი დაიწყო. სამწუხაროდ მოტაცებიდან ერთი წელი, მანამ სანამ გაყიდდნენ, მაო ინს არ ახსოვს, თითქოს ის ერთი წელი არც ყოფილა მის ცხოვრებაში.

"იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება ძიებაში გავატარე, მე და მაო ინმა ურთიერთობა თავიდან დავიწყეთ, დედაშვილობა იქიდან გავაგრძელეთ, სადაც გავჩერდით, მაშინ ის 2 წლის იყო მე 28-ის. რთულია ამ წლების ანაზღაურება, მაგრამ შევძლებთ" - ამბობს ჯინგზი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)