"პუტინი - მსოფლიოს მხსნელი?" - რას წერს "რუსულ ვაქცინაზე" და რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"პუტინი - მსოფლიოს მხსნელი?" - რას წერს "რუსულ ვაქცინაზე" და რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული გამოცემა?

ფრანგულმა გაზეთმა "Liberation"-მა 12 აგვისტოს ნომრის გარეკანზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულება გამოაქვეყნა - სუპერაგენტ ჯეიმს ბონდის კოსტიუმით. თანაც პისტოლეტის ნაცვლად მას ხელში უჭირავს შპრიცი რუსული ვაქცინით კორონავირუსის წინააღმდეგ. სტატიის სათაური ასე ითარგმნება: "ხვალ არასოდეს მოკვდება" - ჯეიმს ბონდის შესახებ ერთ-ერთი ფილმის მიხედვით.

გაზეთის პირველ ოთხ გვერდზე გამოქვეყნებულია საფრანგეთში "კოვიდ-19"-თან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ მასალები, აგრეთვე რუსეთში შექმნილი ვაქცინის შესახებ.

რატომ "სპუტნიკ-V"?

როგორც ცნობილია, ამ დღეებში რუსეთმა განახორციელა მსოფლიოში პირველი ანტიკოვიდური ვაქცინის რეგისტრაცია, სახელწოდებით "სპუტნიკ-V". როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, პრეპარატმა შემოწმება გაიარა და ადამიანებში მდგრად იმუნიტეტს აყალიბებს.

რამდენიმე ქვეყანამ გულგრილად აღიქვა ეს ამბავი, ზოგიერთმა მეცნიერმა და სამედიცინო კვლევითმა ორგანიზაციებმა ვაქცინის სწრაფი რეგისტრირება გააკრიტიკეს. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ კრიტიკული გამონათქვამები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ივარაუდა, რომ საქმე კონკურენციას ეხება. მისი თქმით, ვაქცინის შესაქმნელად ფორსირებული (დაჩქარებული) რეჟიმი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, მაგრამ რუსული ვაქცინა დიდი ხნის კლინიკური ცოდნისა და მონაცემების შედეგს წარმოადგენს.

პუბლიკაციის ავტორები განმარტავენ, რომ ვაქცინამ სახელწოდება მიიღო დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის (რუს. "Спутник") საპატივსაცემოდ, "რომლის გაშვებამ 1957 წლის ოქტომბერში მთელი მსოფლიო გააკვირვა და ამერიკელებს კოსმოსურ რბოლაში გადაუსწრო".

"ის სიჩქარე, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა ვაქცინის შექმნის თაობაზე განაცხადა, გასაკვირია. რას ნიშნავს ეს? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინის შექმნის ფაქტზე ძალიან ფრთხილი რეაგირება გააკეთა. არის ეჭვი, რომ სერიოზული კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა", - აღნიშნულია სტატიაში.

"პუტინის სახიფათო პოლიტიკური განცხადება"

"ლიბერასიონ"-მა ასევე დაბეჭდა შვეიცარიელი ექსპერტ-გენეტიკოსის ფრანსუა ბალის სტატიაც, რომელიც ვლადიმერ პუტინის განცხადებას რუსული ვაქცინის შექმნის შესახებ "სახიფათოდ" თვლის და მას "პოლიტიკურ გადაწყვეტილებად" მიიჩნევს, რომელიც ანტიკოვიდური პრეპარატის შექმნაში მძაფრი საერთაშორისო შეჯიბრით (კონკურენციით) არის განპირობებეული. შვეიცარიელი მკვლევარი რუსეთს იმაში საყვედურობს, რომ მოსკოვმა უარი თქვა ამგვარ სიტუაციებში აუცილებელ ატრიბუტზე, მაგალითად, სამედიცინო კონსენსუსზე. "რუსეთმა უგულვებელყო საერთაშორისო სტანდარტები და ეს იმიტომ, რომ სურს ცხვირში წკიპურტი გაჰკრას დასავლურ დემოკრატებს, ამერიკელებით დაწყებული", - წერს ფრანსუა ბალი.

ფრანგული გამოცემის გარეკანი

"ვლადიმერ პუტინი - მსოფლიოს მხსნელი?" ამ სათაურით "ლიბერსიონ"-ში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია, რომელიც ასევე რუსულ ვაქცინას და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეძღვნება.

"პუტინი - მსოფლიოს მხსნელი? დღეისათვის რუსეთის პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყნის ლაბორატორიაში სასწაულებრივი ვაქცინა შექმნეს "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, კრემლის ბინადარს სამეცნიერო საზოგადოების სკეპტიციზმი არ ადარდებს: რა საჭიროა ყურადღება მიაქციოს ექსპერტების თვალსაზრისებს, როცა შეიძლება მთელ პლანეტაზე ყველას გაუსწრო და უპირველესი გახდე?", - წერს სარედაქციო სტატიის ავტორი, - აშკარაა, რომ პუტინს სურს პირველმა მონიშნოს თავისი დროშით ხელუხლებელი ტერიტორია ვაქცინის გამოსაყენებლად და მსოფლიოს მხსნელის სახელი დაიმკვიდროს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ