"ქორწილამდე ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველაფერი უეცრად მოხდა..." - კვირის პალიტრა

"ქორწილამდე ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველაფერი უეცრად მოხდა..."

ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა, თუმცა ავღანელი წყვილის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქაბულში მომხდარი, საზარელი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. "ბი-ბი-სი" იმ წყვილს ესაუბრა, რომელთა ქორწილშიც ტრაგედია დატრიალდა.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მირვაისმა და რეჰანამ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები წყვილის ბედნიერებას იზიარებდნენ, როდესაც მოულოდნელად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი წევრი ქორწილში შევარდა, თავი აიფეთქა და 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მშვიდი და ბედნიერი სიტუაცია უეცრად ტრაგედიად იქცა, მირვაისმა და რეჰანამ ნათესავები, მეგობრები და ოჯახის წევრები დაკარგეს. ამ შემთხვევამ გადარჩენილი სტუმრების ფსიქიკაზე დიდი გავლენა მოახდინა.

საზარელი ამბიდან ერთი წლის თავზე რეჰანამ პირველად, "ბი-ბი-სი"-სთან საჯაროდ იმ ავბედით დღეზე ისაუბრა.

"დღემდე, ყოველ ღამე კოშმარებს ვხედავ, ვტირი და ვერ ვიძინებ. სადაც არ უნდა ვიყო, თუ იარაღის გასროლის ხმას გავიგებ, ცუდად ვხდები, ის დღე მახსენდება და მგონია, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება"- ამბობს რეჰანა.

"ქორწილამდე ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველაფერი უეცრად მოხდა. აფეთქება ციდან მიწაზე დაცემას ჰგავდა. იმ დღეს ყველამ ჩვენ-ჩვენი ბედნიერება დავკარგეთ"- ამბობს მირვაისი.

ბოლო პერიოდში, დაჯგუფება ISIS-ის წევრებმა შიიტებზე თავდასხმა გაახშირეს, რეჰანა და მირვაისი კი შიიტები არიან, ეს ფაქტი ხალხს აფიქრებინებს, რომ ქორწილის აფეთქების მიზეზი შიიტთა წინააღმდეგ დისკრიმინაციული ქმედება იყო.

წყვილის თქმით, დღეს საზოგგადოება აფეთქებაში მათ ადანაშაულებს.

"ერთ დღეს, საყიდლებზე იმ ქალს შევხვდი, რომელმაც ჩვენს ქორწილში ნათესავი დაკარგა, მან მე მკვლელი მიწოდა"- იხსენებს რეჰანა.

მირვაის ქებულში პატარა მაღაზიაა აქვს, მეზობლებმა მაღაზიის დახურვა შესთავაზეს, რადგან ქორწილში დაღუპულთა ნათესავებს მიაჩნიათ, რომ ტრაგედია რეჰანასა და მირვაისის ბრალი იყო და ამას შესაძლოა მირვაისის მცირე ბიზნესისთვის საფრთხე შეექმნა, საზოგადოება მის მაღაზიას გაანადგურებდა.

"ყველა მე მადანაშაულებდა იმაში რაც მოხდა, სწორედ ამიტომ, ვამჯობინე ერთი წელი გავჩუმებულიყავი და არაფერი მეთქვა" - ამბობს რეჰანა.

"ქორწილიდან რამდენიმე კვირაში ქაბულის სხვა ნაწილში აფეთქება მოხდა. ჩემს ცოლს ისე შეეშინდა, რომ გული წაუვიდა"- იხსენებს მირვაისი.

რეჰანა დღემდე ფსიქიკურ პრობლემებს ებრძვის და სპეციალურ თერაპიას გადის. თერაპია მას ტკივილისა და ტრავმის დავიწყებასა და მშვიდი ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარება. მისი ფსიქოლოგი "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში ამბობს, რომ რეჰანა პროგრესს განიცდის, მაგრამ თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება და რეჰანა აფეთქებას დაინახავს, ყველაფერი რეგრესისკენ წავა.

"ავღანეთში ბევრი ადამიანი მძიმე ფსიქიკური პრობლემებით იტანჯება, ყველას აწუხებს საყვარელი ადამიანების დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი. ჩვენს ქორწილამდე, ხალხი ამბობდა, რომ მშვიდობა ბრუნდებოდა, მომხდარიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ სად არის მშვიდობა? ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ავღანეთი 10 წლის შემდეგაც ვერ მოიპოვებს მშვიდობასა და სტაბილურობას", - ამბობს მირვაისი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)