"პუტინმა საკუთარი ქალიშვილი საცდელი კურდღელივით წარმოაჩინა. თითქოს ამით, ნამდვილი მეცნიერება ჩაანაცვლა" - რას წერს გერმანული გამოცემა "რუსულ ვაქცინაზე"? - კვირის პალიტრა

"პუტინმა საკუთარი ქალიშვილი საცდელი კურდღელივით წარმოაჩინა. თითქოს ამით, ნამდვილი მეცნიერება ჩაანაცვლა" - რას წერს გერმანული გამოცემა "რუსულ ვაქცინაზე"?

11 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ მსოფლიოში COVID-19-ის პირველი ვაქცინის დარეგისტრირების შესახებ განაცხადა.

მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპულმა პრესამ, უკვე მოასწრო "რუსული ვაქცინის" შეფასება. განსაკუთრებით საყურადღებო გერმანული მედიის შეფასებებია: "პუტინი, საკუთარ ხალხზე სამედიცინო ექსპერიმენტს ატარებს" - წერს ერთ-ერთი გერმანული გამოცემა.

მანამ, სანამ გერმანული პრესის სათაურებს და მათი შინაარსის მიმოხილვას შევუდგებოდეთ, რამდენიმე სიტყვა"რუსულ ვაქცინაზეც" უნდა ითქვას.

რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინას, "სპუტნიკ V" დაარქვა, რაც ანალოგიას 1957 წელთან აჩენს, როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. რუსეთის მიზანი მკაფიოა - მათ სურთ აჩვენონ, რომ ისინი მეცნიერებაში ისევ მოწინავე ადგილს იკავებენ, მაგრამ პირველი თანამგზავრის კოსმოსში გაშვებისგან განსხვავებით, "სპუტნიკ-V"-ს პრესა და სამეცნიერო წრეები სკეპტიკურად უყურებენ.

ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსეთმა მსოფლიოში პირველი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა, გერმანიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მსოფლიო სამეცნიერო პრაქტიკაში ვაქცინის ამ ახალი სამედიცინო პრეპარატის შექმნის რამდენიმესაფეხურიანი პროცესია მიღებული. აქედან ყველაზე რთული მესამე ფაზაა, როდესაც ვაქცინის კვლევაში ათასობით ადამიანია ჩართული, რა დროსაც შესაძლოა გვერდითი მოვლენები უნდა გამოიკვეთოს, "სწორედ ეს, რთული და შრომატევადი მესამე ფაზა გამოტოვეს რუსეთში" - აღნიშნულია ZDF-ის რეპორტაჟში.

"პუტინი - პირველი სახელმწიფო ლიდერია, რომელიც საკუთარ ხალხს მსგავსი რისკის ქვეშ აყენებს" - სიუჟეტს, ავტორი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: "რუსებს წინ ექსპერიმენტი ელოდებათ."

გერმანული არხი ARD-ი პროფესორს და პაულ ერლიხის ვაქცინის ფედერალური ინსტიტუტის ხელმძღვანელს, (Paul-Ehrlich-Institut) კლაუს ციხუტეკს ელაპარაკა: "პირველ რიგში, ჩვენ შევეჩვიეთ, იმას, რომ რეგისტრაცია (ვაქცინის) მესამე ფაზის ფარგლებში, ადამიანებზე მასშტაბური ტესტირების შემდეგ ხდება. აუცილებელია შეგროვდეს მისი (ვაქცინის) უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები. როგორც ჩანს, ამ ვაქცინის შემთხვევაში, ეს პროცედურები არ ჩატარებულა".

გადაცემის წამყვანის კითხვას, გვაქვს თუ არა საქმე საშიშ ექსპერიმენტთან, პროფესორმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ჯერჯერობით, არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ვაქცინის ფართო გამოყენების რეკომენდაციას არ გავცემდი".

ამასთან პროფესორმა კლაუსმა რამდენიმე ორგანიზაცია ახსენა, რომლთაც მისი აზრით გარკვეული პროგრესი აქვთ ვაქცინის შექმნის პროცესში: "რუსული ვაქცინის" შექმნის ინფორმაციას, გამოეხმაურა გემრანული ბეჭდური და ონლაინ გამოცემებიც: Frankfurter Allgemeine Zeitung, Rhein-Neckar-Zeitung.

გაზეთმა Süddeutsche Zeitung პარალელი რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებთან გაავლო. ტრამპსაც ერთი სული აქვს, ვაქცინის შექმნის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად განაცხადოს და ამით წინაასაარჩევნოდ, თავისი შერყეული პოლიტიკური მდგომარეობა გამოასწოროს. თუმცა პუტინმა, თავისი საძაგელი პროპაგანდით აჯობა ტრამპს და საკუთარი ქალიშვილი საცდელი კურდღელივით წარმოაჩინა. თითქოს ამით ნამდვილი მეცნიერება ჩაანაცვლა" - წერს გამოცემა.

ერთ-ერთი რეგიონალური გაზეთი Volksstimme-ი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა გარღვევა მოახდინა და ის მსოფლიოს ისევ გააოცებს, როგორც ეს 1957 წელს შეძლო. თუ ეს ასე მოხდა, პუტინთან, პრეპარატის მსურველი სახელმწიფო ლიდერების რიგი დადგება. (წყარო)

იხილეთ ასევე: "პუტინი - მსოფლიოს მხსნელი?" - რას წერს "რუსულ ვაქცინაზე" და რა ფოტოს აქვეყნებს ფრანგული გამოცემა?

(სპეციალურად საიტისთვის)