"როდესაც ვინმე სახელს მეკითხება, ვჩერდები, რადგან ამ დროს უნდა დავფიქრდე ჩემი ძმის პატივისცემაზე, მამასა და საქმროზე" - კვირის პალიტრა

"როდესაც ვინმე სახელს მეკითხება, ვჩერდები, რადგან ამ დროს უნდა დავფიქრდე ჩემი ძმის პატივისცემაზე, მამასა და საქმროზე"

დასავლეთ ავღანეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსით დაინფიცირდა. ახალგაზრდა ქალი რაბიაც, რამდენიმე დღე ცხელებით იტანჯებოდა, ამიტომ სასწრაფოდ ექიმთან მივიდა, ექიმმა მას Covid-19-ის დიაგნოზი დაუსვა.

რაბია სახლში დაბრუნდა, ძლიერი ტკივილი და სიცხე არ ასვენებდა, მეუღლეს დანიშნულების ფურცელი მიაწოდა და სთხოვა, წამლები ეყიდა მისთვის. მაგრამ როდესაც ქმარმა დანიშნულების ფურცელზე თავისი მეუღლის სახელი ამოიკითხა, ქალს ძლიერად დაარტყა და შეურაცყოფა მიაყენა. ქმარი გაბრაზდა, რადგან ცოლმა უცხო მამაკაცს თავისი სახელი უთხრა.

"ბი-ბი-სი" მომხდარს გამოეხმაურა და ავღანეთში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ ტრადიციებს ვრცელი სტატია მიუძვღვნა. როგორც ჩანს, ავღანეთში ეს არც ისე უჩვეულო ფაქტია, ოჯახის წევრები, ხშირად აძალებენ ქალებს თავიანთი სახელები საიდუმლოდ შეინახონ, მამაკაცები მიიჩნევენ, რომ თავიანთი ოჯახის მდედრობითი წევრების სახელები ოჯახის წევრების გარდა არავინ უნდა გაიგოს.

ავღანეთში ფიქრობენ, რომ ქალის სახელის წარმოთქმა საზოგადოებაში ცუდი ტონია და შეიძლება ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფადაც კი ჩაითვალოს. ბევრი ავღანელი კაცი დღემდე ერიდება თავისი დის, დედის ან სხვა ქალი ოჯახის წევრის სახელის თქმას საზოგადოებაში. ქალი მოიხსენიება, როგორც დედა, მეუღლე, შვილი, თუმცა არა სარაჰი, ჰაჯიმა ან რაიმე სხვა სახელით. ავღანეთში დღემდე მოქმედი კანონის მიხედვით, ბავშვის დაბადების მოწმობაში მხოლოდ მამის სახელი იწერება, იქ "დედის ადგილი არ არის".

როდესაც ავღანელი ქალი ავად ხდება, ის ვალდებულია დამალოს სახელი და ექიმის დანიშნულებაზე ცარიელი დატოვოს სახელის გრაფა. როდესაც ქალი კვდება, გარდაცვალების მოწმობაში მისი სახელი არ იწერება და ხშირად ქალების სახელებს ვერც საფლავის ქვაზე წააწყდებით.

რამდენიმე წლის წინ, ავღანელი ქალები ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაერთიანდნენ და კამპანია წამოიწყეს. მათ სურთ, რომ სულ მალე თავიანთი სახელები საზოგადოებაში თავისუფლად, თამამამდ თქვან. კამპანიის სლოგანია "სად არის ჩემი სახელი?". კამპანია 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც აქტივისტი ლალე ოსმანი ხალხში გამოჩნდა, ავღანეთში ამან მამაკაცთა დიდი აგრესია გამოიწვია. ლალემ თქვა, რომ მას ყელში ამოუვიდა უარყოფა იმისა რომ ქალია, დამალვა იმისა, რომ სახელი აქვს.

"კამპანიას მთავარ მიზნამდე, სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აკლია. მალე ავღანეთის მთავრობის წევრები იძულებულები იქნებიან შეცვალონ კანონი და დედის სახელის დაწერის უფლება დაბადების მოწმობაში კანონიერად დაუშვან" - ამბობს მოსმანი. კამპანია 'სად არის ჩემი სახელი' სამი წლის წინ დაიწყო

ბოლო პერიოდში ქალების უფლებებისთვის კამპანიას ცნობილი ავღანელი მომღერალი და პროდუსერი ფარჰად დარია და მომღერალი არიანა საედი შეუერთდნენ.

"როდესაც ჩვენ რაიმე როლის შესასრულებლად ქალს ვირჩევთ, მისი რეალური იდენტობა იკარგემა, ქალები წლებია მალავენ სახლებს და მამაკაცისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს"- ამბობს დარია.

თუმცა არიან ავრანელი ქალებიც, რომლებიც უარს ამბობენ კამპანიის მხარდაჭერაზე და ქმრებს მხარს უბამენ.

"როდესაც ვინმე სახელს მეკითხება, ვჩერდები, რადგან ამ დროს უნდა დავფიქრდე ჩემი ძმის პატივისცემაზე,  მამასა და საქმროზე. მომწონს წოდება, მამაჩემის შვილი, ჩემი ძმის და, ან ჩემი მეუღლის ქალიშვილი და მინდა მომავალშიც ასე იყოს" - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

"ავღანურ საზოგადოებაში საუკეთესო ქალად ითვლება ის, ვინც ისმენს და არ აპროტესტებს. ამბობენ, ისეთი ქალია კარგი, ვისაც მზე და მთვარე არ უნახავსო. ყველაზე მკაცრი მამაკაცები მეტად საპატივცემულო ადამიანები არიან ოჯახისთვის. თუ ოჯახის წევრი არის ლიბერალი, საზოგადოება მას განიკითხავს და უსინდისოდ მიიჩნევს", - ნათქვამია ავღანელი სოციოლოგის, ალი კავენის მოხსნებაში.

ავღანელი ფსიქოლოგი, შაქარტ ჯაფარი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მუშაობს, აღნიშნავს, რომ ქალებს ავღანეთში ფინანსური, სოციალური და ემოციური დამოუკიდებლობა სჭირდებათ. თალიბანის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ქალების ნაწილი საზოგადოებაში ინტეგრირებას ცდილობდა, ისინი ტრადიციებისგან გვერდის ავლით თავიანთი სახელის გახმაურებას არ ერიდებოდნენ, რაც დღესდღეობით მეტად სარისკოა ავღანეთში.

ფრიდა სადაათი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ავღანეთში გაათხოვეს. 15 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა, შემდეგ მეუღლის თხოვნით კიდევ 3 და რამდენიმე წელში გაშორდა ქმარს. ფრიდა ახლა 4 შვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს.

სადაათი "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ქალიშვილების იდენტობას მალავდა. მისი, როგორც დედის სახელი კი არსად იყო მოხსენიებული.

"მარტომ გავზარდე შვილები, მეუღლეს გავშორდი და მეორედ აღარ გავთხოვილვარ. მოვუწოდებ ავღანეთის პრეზიდენტს, შეცვალოს კანონი და ჩაწერონ დედის სახელი, როგორც დაბადების, ისე პირადობის მოწმობაში", - ამბობს საადი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)