საოჯახო ბიზნესიდან პოლიტიკაში - პუტინის მთავარი ოპოზიციონერის ბობოქარი ცხოვრება - კვირის პალიტრა

საოჯახო ბიზნესიდან პოლიტიკაში - პუტინის მთავარი ოპოზიციონერის ბობოქარი ცხოვრება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უკვე მეორე დღეა ომსკის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ პოლიტიკოსი მოწამლულია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ალექსანდრ მურახოვსკის განცხადებით, ნავალნის პირველადი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რამაც სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

"გუშინ ჩავატარეთ მასალების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური შესწავლა. დღეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი ოქსიბუტირატი ან ბარბიტურატი აღმოჩენილი არაა", - განაცხადა მთავარმა ექიმმა.

მისივე თქმით, უკვე დადგინდა, რომ პაციენტს არ ჰქონდა ინსულტი, ინფარქტი ან ინფექციური დაზიანებები, მათ შორის კორონავირუსი.

ოპოზიციონერის თანამებრძოლებმა და ოჯახმა კრემლს თხოვნითაც მიმართეს, რათა ნავალნი საზღვარგარეთ წაიყვანონ სამკურნალოდ. საფრანგეთმა და გერმანიამ კი ნავალნის მიღებაზე უკვე განაცხადა თანხმობა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერი თვითმფრინავით ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა 20 აგვისტოს "ტვიტერზე" დაწერა, რომ ფრენის დროს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა.

როგორც იარმიშმა "ბი-ბი-სი"-სთან განაცხადა: "ის თვითმფრინავის აფრენისთანავე ცუდად გახდა. შემდეგ ხელსახოცი მოითხოვა შუბლის მოსაწმენდად, ამის შემდეგ კი უფრო ცუდად გახდა და გასვლა გადაწყვიტა, ის თვითმფრინავის კუდის მხარეს გავიდა და ნახევარ საათში გონება დაკარგა. ბორტგამცილებლებმა მგზავრებს შორის ექთანიც იპოვეს, რომელმაც მას პირველადი დახმარება გაუწია, თუმცა გადაწყდა თვითმფრინავი უახლოეს ქალაქ ომსკში დამჯდარიყო. სასწრაფო დახმარება თვითმფრინავიდან გამოიძახეს", - განმარტა იარმიშმა.

როგორ შეიძლება მოწამლულიყო ოპოზიციონერი?

"ინტერფაქსთან" საუბრისას, ნავალნის ტომსკის შტაბის ხელმძღვანელმა ქსენია ფადეევამ გაიხსენა, რომ ნავალნი ტომსკში სრულიად ჯანმრთელი იყო. ხუთშაბათ დილითაც ის კარგად გრძნობდა თავს და არაფერი აწუხებდა. მისი თქმით, ტომსკიდან გამგზავრებამდე მან სოფელი კაფტანჩიკოვო მოინახულა, სადაც მდინარე ტომში იბანავა. ფადეევამ დაამატა ისიც, რომ ნავალნი არ სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს.

პრესსპიკერის კირა იარმიშის აზრით, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ჩაით მოწამლეს: "სავარაუდოდ მას რაღაც გაურიეს ჩაიში". მისი თქმით, დილით გამგზავრებამდე ნავალნის არ უსაუზმია, არაფერი უჭამია, აეროპორტის კაფეში მხოლოდ ჩაი დალია. ავიაკომპანია S7-ის წამომადგენელმა კი დაადასტურა, რომ ნავალნის თვითმფრინავშიც არაფერი უჭამია და არც დაულევია.

კაფეში, რომელშიც შესაძლოა ოპოზიციონერი მოწამლულიყო, შიდა შემოწმება დაიწყეს. "ახლა ყველაფერს ვამოწმებთ, ვაკვირდებით სათვალთვალო კამერებსაც" - განუცხადა "ინტერფაქსს" დაწესებულების მეპატრონემ.

კაფე "Венская кофейня"-ს ხუთშაბათის სმენის ხელმძღვანელმა კი გამოძიებასთან განაცხადა, რომ არ ახსოვს ვინ მოემსახურა ნავალნის, რადგან აეროპორტში უამრავი ადამიანის მომსახურება უწევთ.

რატომ ჩავიდა ნავალნი ტომსკში?

პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იარმიშმა "ბი-ბი-სი"-სთან საუბრისას თავი შეიკავა იმის დასახელებაზე, თუ რატომ სტუმრობდა ნავალნი ქალაქ ტომსკს.

ნავალნის შტაბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კი რუსულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ სექტემბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების გამო, ოპოზიციონერი ციმბირს და ქალაქ ტომსკს სტუმრობდა.

პორტალის "Тайга.инфо"-ს ინფორმაციით, ნავალნი ციმბირის ოლქში სხვა მიზნით იყო ჩასული. მათი ინფორმაციით, ის "единая россия"-ს დეპუტატებზე გამოძიებას აწარმოებდა. ნავალნის ნოვოსიბირსკის შტაბის წარმომადგენლის, სერგეი ბოიკოს თქმით, ნოვოსიბირსკში ყოფნისას ოპოზიციონერმა შეამჩნია, რომ უთვალთვალებდნენ.

ნავალნის ექიმის, იაროსლავ აშიხმინის განცხადებით, აქამდე ნავალნის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არასდროს ჰქონია.

ვინ არის ალექსეი ნავალნი?

ალექსეი ნავალნი მოსკოვთან ახლოს 1976 წელს დაიბადა. ის იურისტი, პოპულარული ოპოზიციონერი, ბლოგერი და საზოგადო მოღვაწეა. მან ასევე დააარსა კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, 2013 წელს გახლდათ მოსკოვის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, არჩევნებში ნავალნიმ მეორე ადგილი დაიკავა.

ოპოზიციონერის მთავარი სამოქმედო გეგმა, ყოველთვის კორუფციასთან ბრძოლისკენ იყო მიმართული.

ოპოზიციონერის შესახებ ხშირად წერდნენ უცხოური გამოცემებიც, "ნიუ-იორკერი" მას ჟულიენ ასანჟსაც კი ადარებდა:

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ალექსეი ნავალნი ამ ყველაფერს აკეთებს იმ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს, იურისტებს და აქტივისტებს, რომლებიც სიტუაციაში სიღრმისეულად გარკვევას ცდილობენ, ავიწროვებენ ან საერთოდ კლავენ" - წერს ჟულია იოფე, "ნიუ-იორკერში".

მომავალმა ოპოზიციონერმა 17 წლის ასაკში სამხედრო სოფელში საშუალო სკოლა დაამთავრა. 22 წლის ასაკში კი იურიდიული ფაკულტეტიც დაასრულა. დაუსწრებლად სწავლობდა ფინანსებსა და კრედიტებზე. 2010 წელს კი გარი კასპაროვის, ევგენი ალბაცისა და სხვათა რეკომენდაციით, სწავლობდა ამერიკაში იელის უნივერსიტეტში.

ის საოჯახოს ბიზნესის 25%-იანი წილის მფლობელი გახლდათ, თუმცა შემდეგ ეს წილი ოჯახს დაუთმო. მუშაობდა ბანკშიც.

მისი პოლიტიკური ცხოვრება 2004 წლიდან იწყება, როცა "მოსკოველების დაცვის კომიტეტი" დააარსა და ხელმძღვანელობდა. 2005 წელს მარია გაიდართან და სხვა ახალგაზრდებთან ერთად შექმნა ახალგაზრდული მოძრაობა "ДА!". იყო პარტია "Яблоко"-ს და "Народ"-ის წევრიც. თუმცა, ის პარტია "იაბლოკოდან" მისი ნაციონალური შეხედულებების გამო გამოაძევეს. ალექსეი ნავალნი ოჯახთან ერთად

სულ მალე, ნავალნი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის პარტიის "ედინაია რასიას" დეპუტატების მხილებით დაკავდა და მათი საკმაოდ ძლიერი ოპონენტიც გახდა. ის აქტიურად იყენებდა რუსულ სოციალურ ქსელს და ამ გზით ხალხის მხარდაჭერაც მოიპოვა.

ალექსეი ნავალნი აქტიურად ეხმაურებოდა რუსეთის პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაშიც.

ტელეკომპანია Дождь-ზე, ქსენია სობჩაკთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ყირიმის ოკუპაციას, თუმცა განსხვავებული შეხედულება ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში.

ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა, თუმცა "აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარების მომხრე იყო".

კითხვაზე, რატომ ჰქონდა ამ რეგიონებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, ნავალნიმ განაცხადა, რომ სიტუაცია საქართველოში "განსხვავებული" იყო - "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რეგიონებია, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ცხინვალსა და სოხუმში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, იქ ფაქტობრივად ომი იყო", - განაცხადა ნავალნიმ. (წყარო)

მისმა ჩამოყალიბებულმა ფონდმა გამოაქვეყნა მასალები, სადაც საუბარი იყო რომ დიმიტრი მედვედევმა ქონება კორუფციული გზით დააგროვა.

ოპოზიციონერს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. როგორც რუსული ტაბლოიდები წერენ, ნავალნის პირადი ცხოვრება, საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებულია სოციალურ ქსელებში განთავსებული იდეალური საოჯახო ფოტოებისგან. როგორც რუსული მედია წერს, ის ხშირად ურევს პირად და სამსახურებრივ ურთიერთობებს ერთმანეთში.

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)