ვინ არის "მწვანე ბერეტების" ყოფილი წევრი, რომელიც აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს და რა აკავშირებს მას საქართველოსთან? - კვირის პალიტრა

ვინ არის "მწვანე ბერეტების" ყოფილი წევრი, რომელიც აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს და რა აკავშირებს მას საქართველოსთან?

ვირჯინიის შტატის (აშშ) ფედერალურმა პროკურატურამ, პიტერ დებინსს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენა - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ვებ-გვერდზე.

პიტერ რაფაელ დიბინსკი-დებინსი აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმის "მწვანე ბერეტების" ყოფილი წევრი, რამდენიმე დღის წინ სამხედრო საიდუმლოების გაცემისთვის დააკავეს.

როგორც ესოშიეითედ პრესს-ი (Associated Press) იუწყება, დიბინსკი-დებინსი თავისი დანაყოფის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის სამხედრო დაზვერვას (გრუ) აწვდიდა, მათ შორის მათ(რუსულ დაზვერვას) 10 წლის განმავლობაში გადასცემდა ინფორმაციას, ამერიკული დანაყოფის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საქმიანობის შესახებ.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ 45 წლის ამერიკელი პიტერ დიბინსკი-დებინსი, რუსეთმა 1996 წელს გადაიბირა, მანამ სანამ ის სპეციალური დანიშნულების რაზმში ჩაირიცხებოდა.

"დებინსი თვლიდა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში ზედმეტად დომინირებდა" - წერია პროკურატურის განცხადებაში. მათი მონაცემებით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ჯაშუშურ საქმიანობას 1996-2011 წლებში ეწეოდა. საინტერესოა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობის სურვილი ნებაყოფლობით გამოთქვა და თავს- "რუსეთის შვილი" უწოდა.

პიტერ დებინსის დედა საბჭოთა კავშირში დაიბადა, მეუღლე კი ჩელიაბინსკში გაიცნო, სადაც დაქორწინდა კიდეც 1997 წელს. რუსულმა დაზვერვამ სწორედ მაშინ მიანიჭა კოდური სახელი- ი კარ ლესნიკოვი.

რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის გადაცემული ინფორმაციის სანაცვლოდ, ის მხოლოდ სიმბოლურ ანაზღაურებას იღებდა, მან თავიდანვე უარი განაცხადა ფულზე. რუსეთის დაზვერვასთან ერთ-ერთი შეხვედრისას, ანაზღაურების სახით ერთი ბოთლი კონიაკი და რუსული სამხედრო ფორმა მიიღო.

სპეციალური დანიშნულების რაზმში სამსახურის დროს, მას საიდუმლო, შემდეგ კი "სრულიად საიდუმლო" გრიფის მქონე ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა.

1998 წელს, "მწვანე ბერეტების" ქიმიური დაცვის დანაყოფში, სამხრეთ კორეაში გაგზავნეს, შემდეგ კი აშშ-ის სპეცრაზმის რიგებში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მსახურობდა. აშშ-ის პროკურატურა თვლის, რომ ის რუსულ მხარეს, სპეცრაზმის დანაყოფების, მათ შორის ოფიცრების სახელებსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

პიტერ დიბინსკი-დებინსმა თანამდებობა 2008 წელს დატოვა, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ისევ აგრძელებდა კონტაქტს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან.

"შოკიმომგვრელია აქ წარმოდგენილი ფაქტები, თუ როგორ ღალატობდა თავის თანამებრძოლებსა და ქვეყანას ყოფილი სამხედრო ოფიცერი" - განაცხადა აშშ-ის ფედერალური ბიუროს კონტრდაზვერვის სამსასახურის თანამშრომელმა, ალან კოლერმა.

ბრალდებული პიტერ დიბინსკი-დებინსი, თავის კონტაქტებს რუსეთის სამხედრო დაზვერვაში არ ასახელებს. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)