"პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას ბელორუსი ხალხის გამარჯვება"­ - კვირის პალიტრა

"პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას ბელორუსი ხალხის გამარჯვება"­

"ევროკავშირი მეტისმეტად კეკლუცობს, თავშეკავებულია, რომ რუსეთი არ გაანაწყენოს..."

რუსი პოლიტოლოგი, ფონდ "პერსპექტივას" პრეზიდენტი ლეონიდ გოზმანი "კვირის პალიტრას" ბელორუსში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ პროცესებში რუსეთის როლისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის მუშაობის მეთოდების შესახებ ესაუბრება.

- დავიწყოთ ბელორუსში მიმდინარე პროცესებით, რომელმაც ამ ქვეყნის მომავალი დღე-დღეზე უნდა გადაწყვიტოს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ეს დამოკიდებულია ბელორუს ხალხზე, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინზე. იმედი მაქვს, ბელორუსი ხალხი გაიმარჯვებს, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს. მაგალითად,

ლუკაშენკოს დამარცხება მხოლოდ დროის საკითხია, მისი გადარჩენის ვარიანტებს, ფაქტობრივად, ვერ ვხედავ. მან თავი კუთხეში მიიმწყვდია, არადა, შეეძლო ამ სიტუაციისთვის თავი აერიდებინა. არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული პროცესების შემხედვარეს შეეძლო, უსაფრთხოების გარანტიები მიეღო და მშვიდად წასულიყო.

საერთაშორისო საზოგადოებაც ამას ელოდა, მაგრამ ის სრულიად სხვა გზით წავიდა - გამოაცხადა არარეალური შედეგი, რომელსაც არავინ დაიჯერებდა და შეეცადა, თავისი დიქტატორული მეთოდებით დემონსტრანტები დაეშინებინა. საბედნიეროდ, ხალხი არ შეშინდა და მან მიიღო ის, რაც მიიღო. ახლა გარანტიებს ვეღარავინ მისცემს, არადა, უკვე რესურსებიც შემოელია, ასე რომ, მისი დამარცხება გარდაუვალია, თუმცა ეს არ ნიშნავს რევოლუციის გამარჯვებას, რადგან ამის შემდეგ პროცესები შეიძლება სხვადასხვაგვარად განვითარდეს, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა.

განვიხილოთ ვარიანტები...

რადგან გამოკვეთილი ლიდერი ან ლიდერთა გუნდი არ არსებობს, ვინც მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას აიღებს, არ არის გამორიცხული, ბელორუსის სათავეში ისეთი ადამიანი მოვიდეს, ვინც ლუკაშენკოსთან მენტალურად ახლოს იქნება და მმართველობის სტილითაც ემსგავსება. ამიტომ ვამბობ, რომ ცხადია, მისი წასვლა ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინ მოვა რესპუბლიკის სათავეში. იქ მიმდინარე პროცესებს რომ ვუყურებ, მეშინია, ტემპი არ დაეცეს, არადა, ამ საფრთხეს ნამდვილად ვხედავ. თუ ისინი, როგორც ამბობენ, პოზიციურ ბრძოლებზე გადავლენ, ეს მათთვის წამგებიანი იქნება, რადგან ლუკაშენკოს კი დაამარცხებენ, მაგრამ მის ადგილას ვინმე ბიუროკრატი მოვა... ახლა დრო რევოლუციის მსურველთა წინააღმდეგ მუშაობს.

თუ ქუჩებში დემონსტრანტების რაოდენობა ისე შემცირდება, რომ ხელისუფლებას ექნება ფუფუნება, მათ ყურადღება არ მიაქციოს, პროცესები მიუშვას და თქვას, იდგნენ თავიანთი მოთხოვნებით, ჩვენ მათ არ ვზღუდავთო, რევოლუციის იდეა ჩაკვდება, ამიტომ დემონსტრანტებმა ტემპი არ უნდა დააგდონ. ახლა დასვენების დრო არ არის. სწორედ ამას ელოდებიან ლუკაშენკოც და რუსეთის ხელისუფლებაც, რომლისთვისაც ლუკაშენკო, როგორც პერსონა, სულაც არ არის მნიშვნელოვანი. მისთვის მთავარია, ხელისუფლების სათავეში კრემლის მორჩილი მმართველი იყოს.

- რა შეიძლება ჩაიდინოს კრემლმა ბელორუსის შესანარჩუნებლად? - ბელორუსი ხალხის მოთხოვნები კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის ხელისუფლებისთვის და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთია მენტალურად და კულტურულად რუსეთ-ბელორუსის მსგავსება, დაახლოებით ისე, როგორც გერმანიის ფედერაციის შიდა წევრების. რუსეთი კი ეპოტინება უკრაინასაც, მაგრამ უკრაინელები ძალიან განსხვავდებიან. ასე რომ, თუ ბელორუსში მმართველობა ხალხის სურვილით შეიცვლება, ეს იქნება მაგალითი რუსი ხალხისთვისაც - თუ შეძლეს ბელორუსებმა, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? მით უფრო, რომ რუსეთში პუტინის რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა და მის მიმართ უკმაყოფილება იმატებს. სწორედ ამიტომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ბელორუსის ამბავი ძალზე მნიშვნელოვანია და პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბელორუსი ხალხის გამარჯვება არ დაუშვას.

სხვა კულუარულ ქმედებებთან ერთად, ის თანხითაც დაეხმარება ლუკაშენკოსა და მის ხალხს, რომლებიც ბელორუსში რევოლუციის საწინააღმდეგო აქციებს მართავენ. დაეხმარება კადრებითაც - ამის დასტურია თუნდაც ის, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიის ძირითადი ბირთვი ქუჩაში გამოსული ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად გაიფიცა, მაგრამ მოსკოვის ტელევიზიიდან სასწრაფოდ ჩავიდნენ კადრები და ისინი შეცვალეს.

ასევე, შესაძლოა, პუტინმა მოვლენებს დაასწროს და ლუკაშენკოსა და პროდასავლელი სვეტლანა ტიხანოვსკაიას საწინააღმდეგო ალტერნატიული საკოორდინაციო საბჭო შექმნას. მას დააკომპლექტებს ლუკაშენკოს არაოდიოზური ფიგურებით, ისეთებით, რომლებიც ლუკაშენკოსა და რევოლუციურად განწყობილ ადამიანებს შორის დგანან, მათგან ყველაზე საიმედოს გამოარჩევს და არჩევნებისთვის გამოკვეთილი კადრიც ეყოლება, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატად მოამზადებს. თუ ის არჩევნების თემას წამოსწევს, მოსახლეობის ნდობას მოიპოვებს და შემდეგ რუსეთ-ბელორუსის გაერთიანების საკითხსაც დააყენებს... შეგახსენებთ, რომ ბოლო ხანებში ამ თემით პუტინის დაინტერესება მეტისმეტად თვალში საცემია.

მესამე და ყველაზე საშინელი ვარიანტია პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია და პუტინმა ამ მხრივაც მოსინჯა ძალები - ლუკაშენკოს უთხრა, სამხედრო დახმარებისთვის მზად ვარო. ამ შემთხვევაში ქუჩაში გამოსული ბელორუსი ხალხი მას წინააღმდეგობას გაუწევს, იქნება მსხვერპლი და ეს ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგავს დემოკრატიულ და რუსეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევის შესაძლებლობას, ეს კი მძიმე შედეგს მოუტანს რუს ხალხსაც, თუნდაც იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძანებას ასრულებენ. ბრძოლაში ორივე მხარე ზარალდება, თუმცა - სხვადასხვა დოზით.

- ეს საფრთხე რეალურია? - ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, უპირველესად კი - ბელორუსი ხალხის აქტიურობასა და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაზე, თუმცა, თუ ასე მოხდა, ბელორუსის ადგილას მივიღებთ ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკს. იმედი მაქვს, პუტინს უნდა, როგორმე სხვაგვარად გაუმკლავდეს ამ პროცესებს და კიდევ ერთხელ არ მოგვიწევს იმის ნახვა, როგორ გახდა "იძულებული" რუსეთი, თავისი მომხრეების "განმათავისუფლებელი" შეიარაღებული მოქმედება დაეწყო, როგორც ჯერ საქართველოში, მოგვიანებით კი - უკრაინაში გააკეთა.

ლუკაშენკოს საქმე წასულია, მაგრამ ბელორუსის ახლანდელი მდგომარეობა ქმნის საფრთხეს, ქვეყნის სათავეში ვერ მოვიდნენ ის პატრიოტები, რომელთაც მოედანზე ვხედავთ და ავანსცენაზე გამოვიდნენ "რუხი ნაძირალები", როგორც ჩვენთან მოხდა. ლუკაშენკო ჩიხშია. მას რამდენიმე ვარიანტი აქვს: გაიქცეს რუსეთში, ჩინეთში ან რომელიმე სხვა, მის მიმართ კეთილგანწყობილ ქვეყანაში; ის დააპატიმრონ ადგილობრივმა გენერლებმა ან რუსეთმა გაუწიოს "ძმური დახმარება", მოსკოვში წაიყვანოს და იქიდან დაეხმაროს არჩევნების მომზადებაში - ოპოზიცია ხომ ისედაც ითხოვს ახალ არჩევნებს, ლუკაშენკო კი პუტინთან ერთად იპოვის ისეთ კადრს, ვინც ორი ქვეყნის გაერთიანების იდეას გაახმაურებს, ამასობაში კრემლი ჩვეული მეთოდებით იმუშავებს, ანუ ქვეყანაში მუდმივ ქაოსს შექმნის და, შესაძლოა, ლუკაშენკო ისევ დაბრუნდეს სამშობლოში.

- რუსეთ-ბელორუსის გაერთიანება რეალურად მიგაჩნიათ?

- დღევანდელი მდგომარეობით ეს არარეალურია, თუმცა, თუ ჩემი ბოლო ვერსია გამართლდება და კრემლი იქ თავის მარიონეტს დასვამს, ის ამ ჩანაფიქრს აასრულებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ბელორუსში მიმდინარე დემონსტრაციებისა და დარბევების მიმართ ევროკავშირის არაერთსულოვანი პოზიცია. თუ ეს ორგანიზაცია არ გააქტიურდა, სამწუხარო შედეგი გარდაუვალი იქნება, რადგან ჯერჯერობით ლიეტუვის გარდა არც ერთი ქვეყნის ლიდერს არა აქვს მკაფიო პოზიცია. მათ მინსკში შემრიგებლის მისიით ჩასვლისა და ხალხთან შეხვედრის სურვილიც არ გამოუთქვამთ, არადა, ისინი მათკენ ისწრაფვიან, ევროკავშირში ყოფნისთვის იბრძვიან.

- მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ ბელორუსთან დაკავშირებით ევროკავშირის რესურსი ძალიან მწირია.

- ნაწილობრივ ასეა, თუმცა მიზეზი უფრო ის არის, რომ ევროკავშირი მეტისმეტად კეკლუცობს, თავშეკავებულია, რომ რუსეთი არ გაანაწყენოს... არადა, რომ არა ლუკაშენკო, ბელორუსი დიდ ხნის წინ გახდებოდა ევროკავშირის წევრი. ამ შემთხვევით მოსულმა, გაუნათლებელმა და ავმა ადამიანმა - როგორებიც უყვართ კრემლში, რადგან მათგან ყოველთვის კარგ დიქტატორებს ძერწავენ - თავის ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვა...

- რას იტყვით ტატიანა ტიხანოვსკაიაზე, როგორია მისი პოტენციალი?

- მასზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წარმოთქვა ძალიან კარგი სიტყვები - მე ლიდერი კი არა, სიმბოლო ვარო და მთელი მისი პროგრამა იმაზე იყო აგებული, რომ ნახევარ წელიწადში ახალი არჩევნები ჩატარებულიყო. ასე მგონია, მას შეუძლია, იყოს გარდამავალი ფიგურა, რომელიც ხალხმა აირჩია, ოღონდ - ცოტა ხნით. ამ დროში მან მართლაც მოახერხა საინტერესო პროცესებისთვის ბიძგის მიცემა და რუსეთს დაანახა საფრთხე, რომ ხვალ შესაძლოა ასეთი პროცესები იქაც დაიწყოს.

- როგორ მუშაობს რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა სურს უკრაინისგან, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისგან, საქართველოსგან?

- კრემლის პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, ისინი, ვინც იქ პოლიტიკურ ამინდს ქმნის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თავიანთ კოლონიად მიიჩნევენ და კატეგორიულად არ უნდათ, ისინი ნატოს შეუერთდნენ, თუმცა, მაინც მგონია, რომ მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიას უფრო ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს - რუსეთი დღემდე ვერ ეგუება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას.

- ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობას როგორ შეეგუა?

- მათ საბჭოთა კავშირში ყოფნის იმხელა სტაჟი არ ჰქონდათ, როგორიც საქართველოს, უკრაინას, ბელორუსს, სომხეთს ან აზერბაიჯანს. გარდა ამისა, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, მათ ლამის საბჭოთა კავშირის ორგანულ ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავური ქვეყნები, განსაკუთრებით - უკრაინა და ბელორუსი, რუსეთის ნაწილადაც კი მიიჩნეოდა.

- საქართველოც? - საქართველო არა, მაგრამ კულტურული ისტორიით და არა მხოლოდ, ქართველები ისე ახლოს ხართ რუსეთთან, რომ თქვენი დამოუკიდებლობის აღქმა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებისთვის კი არა, ხალხისთვისაც მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან საქართველო კულტურული თვალსაზრისით რუსებისთვის ძალიან ახლობელი იყო. თავის მხრივ, ქართველი პოეტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქ აღწევდნენ წარმატებას და სიამაყით ამბობდნენ, რომ საბჭოთა არტისტები იყვნენ... ამის პოლიტიკურ ახსნას არ შევუდგები, მაგრამ რუსეთის კულტურის, ეკონომიკის თუ სამხედრო სფეროს განვითარებაში სწორედ საქართველოს მიუძღვის უდიდესი წვლილი და ეს მხოლოდ საბჭოთა წლებს არ ეხება - ქართველები ყოველთვის ტოვებდნენ თავიანთ წარუშლელ კვალს რუსეთის ისტორიაში, ამიტომაც რუსებს ქართული კულტურის "მოწყვეტა" ძალიან გაუჭირდათ. არ უნდათ, საქართველო დამოუკიდებელი იყოს. ეს გენეტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური ფაქტორია. ვიდრე თაობები არ შეიცვლება და ხელისუფლებაში ის ადამიანები არ მოვლენ, ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, არაფერი შეიცვლება.

- არც ისე სანუგეშო პროგნოზია... - დიახ, მაგრამ ეს ფაქტია. ეს "ძმური ერთად ყოფნის წლები" და ერთმორწმუნეობა ქართველი საზოგადოების იმ ნაწილშიც ცოცხლობს, რომელიც მზად არის, ასეთი რუსეთიც კი მიიღოს... რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, აქ კრემლს თავისი ინტერესები აქვს. მას არ სურს იქ გავლენის დაკარგვა და მათი ნატოსა და ევროკავშირში ხილვა. ამიტომ პუტინი ხშირად კა-გე-ბეს მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდსაც იყენებს. ამის დასტურია თუნდაც აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკა - ორივეს რომ ამარაგებს იარაღით და მშვიდად უყურებს, როგორ ხოცავენ ერთმანეთს.

- ბოლო დროს რამდენჯერმე გაისმა მოსაზრება, რომ პუტინს აუცილებლად მოუწევს ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგომა. - ამის არაერთი წინა პირობა არსებობს. საქართველოში 2008 წლის სამხედრო აგრესია, 2014 წლის ყირიმის ინტერვენცია, 2018 წელს მალაიზიური ბოინგის ჩამოგდება - რომელი ერთი დავასახელო... თუნდაც ქვეყნის შიგნით ჩადენილი საშინელებები, საპრეზიდენტო ვადის უზომოდ გახანგრძლივება, ნემცოვის მკვლელობა, ყავა პოლონიუმით ლიტვინენკოს, სკრიპალებისა და მისთვის მიუღებელი სხვა ადამიანებისთვის... რაღა შორს მივდივართ - ალექსეი ნავალნის მოწამვლა! ღმერთმა ქნას, ის მაინც გადარჩეს...

ყველამ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ბრძანების გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ამ ფაქტს რუსეთში არავინ გაუკვირვებია. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ქვეყნის სათავეში გვყავს ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფრისთვის მზად არიან. რაც მთავარია, ხალხს სჯერა, რომ მათ შეუძლიათ მოწამლონ, ესროლონ, კილერები მიუგზავნონ... ოპოზიციონერების თავზე ტყვიები დაფრინავს და შესაბამისად, ზოგი მათგანიც ქრება, ამის ჩამდენების უკან კი სახელმწიფო დგას...

თანამედროვე რუსეთის ხელისუფლებას მხოლოდ საქართველო და უკრაინა კი არა, ჩვენც ოკუპირებული ვყავართ, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელიც გვხოცავს და განვითარების პერსპექტივას გვისპობს... თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არ მაქვს ილუზია, რომ პუტინს ჰააგის სასამართლო ელოდება, რადგან რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ატომური იარაღი, ჰყავს ძალზე არაპროგნოზირებადი ხელისუფლება და არავის უღირს მასთან სამხედრო დაპირისპირება, მით უფრო - ერთი ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის გამო.