პუტინის "შხამიანი რუსეთი" - კვირის პალიტრა

პუტინის "შხამიანი რუსეთი"

"ნავალნი ერთადერთი ოპოზიციური ფიგურაა, რომლისაც პუტინს ეშინია"

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს დილით ცუდად გახდა თვითმფრინავში, რომლითაც ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ეკიპაჟი იძულებული გახდა, ომსკში დაშვებულიყო."კორუფციასთან ბრძოლის ფონდის პრესმდივანი კირა იარმიში, რომელიც ალექსეი ნავალნისთან ერთად იყო, ამბობს, რომ ნავალნიმ გამგზავრების წინ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ ვარაუდობს, რომ რაღაც ნივთიერება სწორედ ჩაიში იყო გარეული... რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ ალექსეი ნავალნის გერმანიაში, ცნობილ კლინიკა "ჩარიტში" უმკურნალებენ... ის პირველი არ არის პუტინისთვის მიუღებელ იმ ადამიანებს შორის, ვის ორგანიზმშიც უცნობი მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ზოგს გაუმართლა და გადარჩა, ზოგს - არა. ყველას ოფიციალური დიაგნოზი კი ერთნაირია - ორგანიზმში აღმოჩენილია გაურკვეველი შემადგენლობის მომწამვლელი ნივთიერება.

2003 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს ანტისახელისუფლებო გაზეთის, "ნოვაია გაზეტას" რედაქტორის მოადგილე იური შეკოჩიხინი. ექიმებმა მას უიშვიათესი დაგნოზი დაუსვეს - ლაიელას სინდრომი. მომწამვლელი ტოქსინი ვერ გამოიკვლიეს, ამიტომ რუსულმა მედიამ მას "აგენტი" უწოდა.

2004 წელს როსტოვის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოწამლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ჩეჩნეთის ომს წლების განმავლობაში აშუქებდა. "ჩეჩნეთის მეორე", "ჩეჩნეთი - სიმართლე ომის შესახებ", "პუტინის რუსეთში" - ამ წიგნებით პოლიტკოვსკაიამ პუტინის რეჟიმი ამხილა. ბოლოს მას საკუთარ სადარბაზოსთან თავში ესროლეს.

ორჯერ მოწამლეს და სასწაულებრივად გადარჩა რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი.

2004 წელს Aგენტ Oრანგე-ს მომწამვლელი ნივთიერებით უკრაინის მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რუსეთის ფავორიტ ვიქტორ იანუკოვიჩის უპირობო კონკურენტი ვიქტორ იუშჩენკო მოწამლეს. ის ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად გადარჩა.

2006 წელს რუსეთის ეფ-ეს-ბეს ყოფილი აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონის "სუში-ბარში" პოლონიუმით მოწამლეს. ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ის პირველი ადამიანია, ვინც ამ ნივთიერებით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

პუტინთან დაპირისპირებული რუსი ოლიგარქი ალექსანდრ პერეპილიჩნი, რომელიც გამოძიებას სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გარემოებების შესახებ ინფორმაციით ეხმარებოდა, 2012 წელს ლონდონში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. მის გვამში გელსემიუმის კვალი იპოვეს.

2015 წელს გრუ-ს სამმა თანამშრომელმა ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გებრევი, სავარაუდოდ, "ნოვიჩოკით" მოწამლა. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი დიპლომატი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომელი გეორგი გორშკოვი იყო (ნამდვილი გვარ-სახელი ეგორ გორდიენკო), რომელიც ასევე მონაწილეობდა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ოპერაციაში. 2018 წელს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მცხოვრები სკრიპალებიც "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

2019 წელს მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო, რომელმაც თავის გადაცემაში კურსკის ჩაძირვის დროს მთავრობის ქმედება მწვავედ გააკრიტიკა. ის მოტოციკლით მიდიოდა, როდესაც გონება დაკარგა. ოფიციალური ინფორმაციით, მას ინფარქტი დაემართა.

გიორგი ბადრიძე, პოლიტოლოგი: - პუტინისთვის მიუღებელი პერსონები სისტემურად ხდებიან კრემლის ძალადობის მსხვერპლი და ამის მაგალითია ანა პოლიტკოვსკაია, ვლადიმირ კარა-მურზა, ვერზილოვი... გადარჩნენ იუშჩენკო, სკრიპალები, მაგრამ ზოგი მათგანი დღემდე მკურნალობს. ზოგს პირდაპირ ხოცავენ. მაგალითად, ბორის ნემცოვი პირდაპირ კრემლის კედელთან ჩაცხრილეს...

ნავალნი სულაც არ არის დემოკრატიის მებაირახტრე, პროდასავლელი ან მეზობელი ქვეყნების მიმართ მეგობრულად განწყობილი. ის ნაციონალისტური და ანტიქართული პოზიციებით გამოირჩეოდა, თუმცა ეს არის ერთადერთი ოპოზიციური ფიგურა, რომლისაც პუტინს ეშინია, თან ისე, რომ გაყალბებულ არჩევნებამდეც არ უშვებს. ახლა რატომ დასჭირდათ მისი მოწამვლა? ერთი მიზეზია ბელორუსსა და ხაბაროვსკში მიმდინარე პროცესები, რადგან, ეტყობა, შეეშინდათ, რომ პროტესტის ტალღამ მოსკოვსა და მთელ რუსეთშიც არ იფეთქოს.

ბელორუსში არავინ ელოდა, რომ გაყალბების შემდეგ ამხელა ტალღა აგორდებოდა. მართვის სტილში ბევრი რამ პუტინმა ლუკაშენკოსგან გადაიღო, ახლა კი უეცრად გაირკვა, რომ შესაძლოა, ხალხი ყოველგვარი ლიდერის გარეშე გამოვიდეს ქუჩაში, რუსეთში კი ასეთი ლიდერი არის ნავალნი, რომლის არსებობა პუტინს მართლაც შეუქმნის საფრთხეს, მით უფრო, მან პირობა დადო, რომ დემოკრატიაზე უარის თქმის ხარჯზე ქვეყანაში წესრიგს დაამყარებდა.

ელცინის რუსეთთთან შედარებით, ახლა წესრიგია, მაგრამ საშუალო სტატისტიკურ რუსს კეთილდღეობით ყველაზე გაჭირვებული ქვეყნის მოქალაქეებიც უსწრებენ. ნავალნის აზრით, ამის მიზეზია უსაზღვრო კორუფცია, რომელზეც დგას პუტინი და მისი სამეგობრო კა-გე-ბედან. ამბობს, რომ დასავლეთს აძაგებენ ბანალური ფრაზით: "ყველას გეებად ქცევა უნდათ". სამშობლოდან ფულს კი სწორედ იქ ეზიდებიან, იქ სწავლობენ, მუშაობენ მათი ოჯახები, იქაური მოქალაქეები არიან... ნავალნი ცდილობს, რუსები გამოაფხიზლოს და გამოსდის კიდეც.

პუტინი ხშირად უშვებს შეცდომებს. მას სურდა პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენა, მაგრამ უკრაინა, რომელიც არასდროს იყო რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი, გადაიმტერა. იმავეს აკეთებს ბელორუსში... მუდმივი კუნთების თამაშით დააფრთხო ყაზახეთიც. ნაზარბაევმა განაცხადა, პოსტსაბჭოთა ქვეყნები უნდა ეცადონ, რუსეთის პირობებში დამოუკიდებლობა შეინარჩუნონო. საქართველოს პირდაპირ ომი გამოუცხადა...

ველურმა მეთოდებმა ის თავის სამეზობლოს უფრო დააშორა. პუტინს სჯერა, რომ ლიდერის გარეშე ხალხი ბრბოა და ვერაფერს დააკლებს, თუ არ გამოჩნდა დასავლეთის მართული პერსონა. არ მინდა რუსი ხალხის მიმართ უპატივცემულობა გამომივიდეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მიდრეკილია მორჩილებისკენ, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი...

არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ნავალნი და ბევრი მსგავსი შემთხვევა მისთვის ავტოგოლი აღმოჩნდეს.