აშშ ახლო აღმოსავლეთს ირანს უთმობს?! - კვირის პალიტრა

აშშ ახლო აღმოსავლეთს ირანს უთმობს?!

დიდი არაბული რევოლუცია ხალხს იმედს უღვიძებს. ისევე, როგორც დესპოტიზმის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სახალხო ჯანყი, ისიც თანაგრძნობასა და აღტაცებას იწვევს. ჩვენ თვალწინ იღვიძებს არაბი გოლიათი.

იანვარში ტუნისში დაწყებული ახალი ეპოქა სხვა არაბულ ქვეყნებში - მაროკო, ალჟირი, ეგვიპტე, იემენი, იორდანია, ბაჰრეინი - ვრცელდება.

განვლილ ათ წელიწადში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძირი გამოუთხარა ერაყს და ეგვიპტეს. ახლა ძირს უთხრიან ბაჰრეინს, იორდანიის სტაბილურობას, საფრთხეს უქმნიან საუდის არაბეთს. აშშ ხომეინისტურ ირანს წამყვან რეგიონულ სახელმწიფოდ აქცევს. ვითომდა დემოკრატიზაციის ლოზუნგით სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების უმნიშვნელოვანეს ნაწილში გაბატონდება რადიკალური ისლამი.

არაბულ სამყაროში ცვლილებები წლების წინ უნდა მომხდარიყო რეფორმების და არა რევოლუციის გზით. ახლა უკვე გვიანია. ამერიკელები მართლები არიან, რომ ხალხის მასებს უჭერენ მხარს და თავისუფლებას ექომაგებიან. ისტორიული თვალსაზრისით ეს სწორია, მაგრამ ამერიკელებს ხელი არ უნდა შეეწყოთ ახლო აღმოსავლეთში თავიანთი მოკავშირეების დაცემისთვის.

ამ ისტორიული ხაფანგისაგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - თავდაცვიდან შეტევაზე გადასვლა, მაგრამ მხოლოდ ტუნისით, ეგვიპტით, იემენით და ბაჰრეინით არ უნდა შემოიფარგლონ. დახმარება სჭირდება ლიბიას, ირანს - აჰმადინეჯადის დიქტატორულ რეჟიმს ისევე უნდა გამოუთხარონ ძირი, როგორც მუბარაქის რეჟიმს, უნდა შეებრძოლონ შიიტურ ფაშიზმს და კადაფის სიგიჟეს ისე, როგორც ებრძოდნენ პროდასავლურ დიქტატურებს. აშშ მხოლოდ ამ გზით შეძლებს დასავლური დემოკრატიის იდეალურად რეალიზებას და თავისი სტრატეგიული ინტერესების შენარჩუნებას.

ჰაარეცი, ისრაელი