გონიერი დიქტატორები ინტერნეტს არ ახშობენ - კვირის პალიტრა

გონიერი დიქტატორები ინტერნეტს არ ახშობენ

მუბარაქს წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა სოციალური მედიის ძალას. ჩინეთი, რუსეთი და ირანი ამ საკითხში უფრო ერკვევიან.

28 წლის ჰალედ საიდის ტრაგიკულმა სიკვდილმა, რომელიც შარშან, ივნისში ეგვიპტის პოლიციამ ალექსანდრიის ინტერნეტკაფედან ქუჩაში გამოიყვანა და სასტიკად სცემა, ახალგაზრდა ეგვიპტელები აღაშფოთა და Facebook-ის გვერდებზე ეს გამოხატა კიდეც. ჯგუფმა, "ჩვენ ყველანი ჰალედ საიდები ვართ", უმალ გააერთიანა ასობით ათასი მომხმარებელი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საპროტესტო მოძრაობის გავრცელებაში, რასაც ჰოსნი მუბარაქის დამხობა მოჰყვა.

ეგვიპტის გამოცდილება ცხადყოფს, რომ სოციალურ ქსელებს ისედაც მომაკვდავი ავტორიტარული რეჟიმების გაცამტვერება შეუძლიათ, თუმცა ეგვიპტის მოვლენებში ინტერნეტის როლის აღიარებასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროტესტანტებს გაუმართლათ, რადგან ისინი ებრძოდნენ მთავრობას, რომელიც ტწეეტ-ს ჩიტების ჭიკჭიკისგან ვერ არჩევდა. ამას მოწმობდა ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებული სასოწარკვეთილი, მაგრამ დაგვიანებული გადაწყვეტილებაც. იმ მომაკვდინებელმა დარტყმამ, რომელიც მუბარაქის ხელისუფლებას ინტერნეტმა მიაყენა, მისი კოლეგა-ტირანები უნდა დააფიქროს და აიძულოს, ყურადღება მიაქციონ ამ სფეროში "სილიკონის ველის" უახლეს მიღწევებს და უბიძგოს მათ ონლაინპროპაგანდის თავისებურებების ათვისებისკენ.

და მაინც, წარსულს თუ გადავხედავთ, გასაოცარია ის, თუ რა ცოტა რამ გააკეთა მუბარაქის რეჟიმმა ინტერნეტზე კონტროლისთვის. ქვეყანაში, ჩინეთის მსგავსად, ინფორმაცია არ იფილტრებოდა და არც ონლაინპროპაგანდა წარმოებდა დაფინანსებული ბლოგერებით კრემლის სტილში, ადგილი არ ჰქონია კიბერშეტევებს პოპულარულ ბლოგებსა და აქტიური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე. მუბარაქმა ინტერნეტზე კონტროლისთვის გასცა ბრძანება ბლოგერების ცემასა და დაპატიმრებაზე, რამაც მათი მიზნების მხოლოდ რეკლამირებას შეუწყო ხელი.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პროტესტმა, რომელიც უმეტესად ქსელში განიხილებოდა და იგეგმებოდა, ეგვიპტის ხელისუფლება ფაქტის წინაშე დააყენა. მას შემდეგ, რაც ონლაინმოძრაობამ ძალა მოიკრიბა და ტაჰრირის მოედანზე მასშტაბურ დემონსტრაციებში გადაიზარდა, მუბარაქის მხარდამჭერებმა რამდენიმე დღით ინტერნეტის გათიშვა გადაწყვიტეს, რითაც კიდევ ერთხელ მოახდინეს საკუთარი არაკომპეტენტურობის დემონსტრირება. საუბარი იმაზეც კი არ არის, რომ ეგვიპტური რეჟიმი ქსელში ბრძოლაში დამარცხდა, მან ამ ბრძოლის დაწყებაც კი ვერ მოასწრო. მუბარაქი ინტერნეტმა კი არ გაანადგურა, არამედ ინტერნეტის უცოდინარობამ.

სუდანში ომან ალ-ბაშირმა პირობა დადო, რომ ქვეყნის მოშორებულ კუთხეებშიც კი გაიყვანს ელექტროენერგიას, რათა მისმა მხარდამჭერებმა ინტერნეტით სარგებლობა და  Facebook-ში მისი დაცვა შეძლონ. ამავდროულად, პოლიცია სოციალური ქსელის და ტექსტური გზავნილების საშუალებით საპროტესტო აქციებზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რომ გამოიტყუოს და შემდეგ დააპატიმროს ისინი, ვინც დათქმულ ადგილზე გამოჩნდება.

ბაჰრეინში საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთ კვირაში თწიტტერ-ი პროსამთავრობო პროპაგანდამ წალეკა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ცუდად შენიღბული მცდელობა იმისა, რომ ეს ქსელი საპროტესტო აქციებზე ნაკლებად სანდო და დამაჯერებელ წყაროდ იქცეს. რაც შეეხება ირანის ხელისუფლებას, მათ 2009 წლის არეულობიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანეს და ახლო აღმოსავლეთში ინტერნეტზე კონტროლის ყველაზე სრულყოფილი სტრატეგია შეიმუშავეს.

„კიბერპოლიციის“ სპეციალური ქვედანაყოფების შექმნა და ინტერნეტში თვალთვალის მოწინავე მეთოდებით ცდების წარმოება მათ იმ დისიდენტების გამოვლენის შესაძლებლობასაც კი აძლევს, რომლებიც ცენზურისთვის გვერდის ავლის ინსტრუმენტებს იყენებენ. ახლო აღმოსავლეთის ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ზეიმი ნაადრევია. ბრძოლა ახლა იწყება და დემოკრატიზაციის ახალი ტალღა ინტერნეტის ზემოქმედებით დროის გამოცდას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუძლებს, თუკი ჩვენ ვისწავლით იმ მეთოდებთან გამკლავებას, რომელსაც დღეს მის ჩასახშობად ამუშავებენ.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ