მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

The new tines-ის ცნობით, სურსათის გაძვირება ბევრ განვითარებულ ქვეყანას შიმშილითა და პოლიტიკური არასტაბილურობით ემუქრება.

"დიდი ოცეულის" ფინანსთა მინისტრებმა ეს პრობლემა პარიზში, შეხვედრაზე განიხილეს.

2008 წელს, სურსათის მნიშვნელოვნად გაძვირების შემდეგ, განვითარებულ ეკონომიკათა ოცეულს 22 მლრდ დოლარი უნდა გამოეყო განვითარებადი ქვეყნებისათვის, მაგრამ სადღეისოდ მსოფლიო ბანკის ფონდს, რომელმაც უნდა განკარგოს ეს თანხები, მხოლოდ 400 მლნ დოლარი აქვს მიღებული.

ობამას ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ "დიდი ოცეულის ძალისხმევის" ჩარჩოებში 3,5 მლრდ დოლარს გამოყოფდა, მაგრამ ჯერჯერობით მსოფლიო ბანკის ფონდში მხოლოდ 66,7 მლნ დოლარი ჩარიცხა.

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის გარემოცვამ მისი ვაჟის, პოლკოვნიკ საიფ ალ-ისლამის თავკაცობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს სთხოვა დახმარება. "ჩვენი მტრების გასანადგურებლად ძალიან გვჭირდება ბლერის დიპლომატიური ტალანტი", - განაცხადა საიფ ალ-ისლამ კადაფის მეგობარმა, რომლის გვარსაც არ ასახელებენ.

ტონი ბლერს მართლაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მუამარ კადაფისთან: 2004 წელს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ კადაფის ბედუინთა კარავში. ბლერის ვიზიტის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა მილიარდიანი კონტრაქტი მიიღო გაზის საბადოს დასამუშავებლად. 2010 წელს კი ტონი ბლერი დათანხმდა, გამხდარიყო კადაფის მთავრობის ფინანსური კონსულტანტი.

ლიბიაში 16 თებერვალს დაწყებულ მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებს, რომლებსაც რეჟიმმა სამხედრო ძალა დაუპირისპირა, 2 ათასზე მეტი კაცის სიცოცხლე შეეწირა. არეულობის ჩასახშობად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად რეჟიმის ბევრმა ფუნქციონერმა, კერძოდ, იუსტიციის მინისტრმა მუსტაფა აბდულ-ჯალილმა პოსტი დატოვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს სატელეფონო საუბარში მოუწოდა, ერთიანი ძალისხმევით მოახდინონ რეაგირება ლიბიაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე. ლიდერებმა ისაუბრეს იმ ზომებზე, რომელთა საშუალებითაც ლიბიის ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი თავისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის.

იემენის სამხრეთში, ქალაქ ადენში, პოლიციამ გარეკა ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები. პოლიციელთა ხელით დაიღუპა 4 მანიფესტანტი, დაშავდა 40-ზე მეტი.

მოქმედი რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით მანიფესტაციები იემენში იანვარში დაიწყო და ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ უფრო მომძლავრდა. დემონსტრანტები ითხოვენ ალი აბდულა სალეხის გადადგომას, რომელიც 33 წელია მართავს ქვეყანას. პრეზიდენტი სალეხი ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყანაში რეფორმებს ჩაატარებს, მაგრამ გადადგომაზე უარს ამბობს.