ოპონენტების ჩამოშორების მარტივი გზა? - მოწამვლისა და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმეები მსოფლიოში - კვირის პალიტრა

ოპონენტების ჩამოშორების მარტივი გზა? - მოწამვლისა და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმეები მსოფლიოში

უკვე რამდენიმე დღეა ბერლინის კლინიკაში მკურნალობს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი. შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა, როდესაც თვითმფრინავში მყოფი პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა. ის ქალაქ ომსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ახლობლებისა და თანამებრძოლების მოთხოვნით ნავალნი სამკურნალოდ ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. რუსი ექიმები ამტკიცებენ, რომ ნავალნი არ მოუწამლავთ, თუმცა საპირისპირო აზრი აქვთ ოჯახის წევრებსა და რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.

თუ რუსულ და ზოგადად, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას გადავხედავთ, უამრავ შემთხვევას აღმოვაჩენთ, როცა ოპოზიციონერ ლიდერებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, კონკრეტული მაღალჩინოსნებისთვის არასასურველ პირებს წამლავენ და სასიკვდილოდ იმეტებენ.

პიოტრ ვერზილოვი

2018 წელს რუსული ფემინისტური პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის ერთ-ერთი აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობდნენ, აქტივისტი მოწამლეს. ვერზილოვი მას შემდეგ მოწამლეს, რაც მან ერთ-ერთ ტელევიზიაში ვრცლად ისაუბრა რუსეთში არსებული სისტემის შესახებ.

გერმანიაში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს, რომ "მაღალი ალბათობით" ის მოწამლეს.

ვიქტორ იუშჩენკო

უკრაინის ოპოზიციის ლიდერი, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დროს მოწამლეს.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2004 წლის ერთ საღამოს, სახლში დაბრუნებულს, მეუღლემ უთხრა, რომ მას ტუჩებზე მეტალის გემო ჰქონდა. ამის შესახებ ვიქტორ იუშჩენკომ BBC-სთან ინტერვიუში, მისი მოწამვლის დეტალებზე საუბრის დროს განაცხადა.

"შევხვდი უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს. მათ მითხრეს, რომ შხამი ბრინჯში შეურიეს, რომელიც რესტორანში მივირთვი. სამკურნალოდ ავსტრიაში გავემგზავრე, სხეული შეშუპებული, თავი კი თითქოს უფრო დიდი ზომის მქონდა. მთელს ორგანიზმში ტკივილს ვგრძნობდი",- განაცხადა იუშჩენკომ.

სერგეი სკრიპალი

66 წლის სერგეი სკრიპალი, რომელიც საზოგადოებისთვის ყოფილ რუს აგენტად იყო ცნობილი, დიდ ბრიტანეთში 2018 წლის 4 მარტს, შვილთან ერთად მოწამლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სკრიპალმა ქალიშვილს რუსეთიდან წიწიბურის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების ჩამოტანა სთხოვა. თუმცა იულია სკრიპალს წიწიბურის ჩატანა დაავიწყდა და ამის გაკეთება სთხოვა ქალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით ჩაფრინდა.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა, შესაძლოა, ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება "ნოვიჩოკს" შეიცავდა. სკრიპალების მოწამვლის გამო ურთიერთობა დაიძაბა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. მაშინ რუსი დიპლომატები გააძევეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც.

ლონდონი ამტკიცებდა, რომ სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის სახელმწიფოა დამნაშავე, თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფდა.

კიმ ჩენ ნამი

კიმ ჩენ ინის ნახევარძმა, კიმ ჩენ ნამი 2018 წლის 13 თებერვალს მალაიზიაში, კუალა-ლუმპურის აეროპორტში მოწამლეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საწამლავის საწინააღმდეგო პრეპარატი ატროპინი მას თან ჰქონდა. მოკლულის ხელბარგში 12 ამპულა ატროპინი იპოვეს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ძმა ორმა ინდონეზიელმა ქალმა მოწამლა.

ალექსანდრ ლიტვინენკო

2006 წელს რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონის "სუში-ბარში" პოლონიუმით მოწამლეს. ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ის პირველი ადამიანია, ვინც ამ ნივთიერებით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

ის მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ორ აგენტს შეხვდა, 2006 წლის 23 ნოემბერს ლიტვინენკო გარდაიცვალა. მას პოლინიუმი ჩაიში გაურიეს. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)