„ის, რომ პუტინი ოცნებობს ბელარუსის მიერთებაზე, ახალი ამბავი არ არის და თუ ჩაუვარდება შანსი, ბუნებრივია, ამას გააკეთებს" - კვირის პალიტრა

„ის, რომ პუტინი ოცნებობს ბელარუსის მიერთებაზე, ახალი ამბავი არ არის და თუ ჩაუვარდება შანსი, ბუნებრივია, ამას გააკეთებს"

ვლადიმერ პუტინის თქმით ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს ე.წ. "პოლიციის რეზერვის" შექმნა სთხოვა. მის დახმარებას ბელარუსის პრეზიდენტი იქამდე არ გამოიყენებს, სანამ სიტუაცია უკონტროლო არ გახდება:

"შევთანხმდით, რომ ამ ძალას გამოვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება", – ამბობს პუტინი ტელეკომპანია Россия-24-სთან ინტერვიუში.

პუტინს პოლიციის სარეზერვო ძალა უკვე მობილიზებული ჰყავს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში, ლუკაშენკოს წერილის გაგზავნისთანავე ჩაერევა. კონკრეტულად რომელი ძალის გამოყენებაზეა საუბარი პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუმცა სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა სპეცრაზმს, ეროვნულ გვარდიას ან თუნდაც ეფ-ეს-ბეს გულისხმობდეს.

ლუკაშენკომ რამენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთი დახმარების ხელს გაუწვდიდა მას თუ კი სიტუაცია ლუკაშენკოს კონტროლს არ დაექვემდებარებოდა და აქციები ქვეყანაში არეულობას გამოიწვევდა. პუტინის განმარტებით მას ბელარუსის წინაშე დახმარების ვალდებულება ჰქონდა. მან ხაზი ორი ქვეყნის კულტურულ, ლინგვისტურ და ეთნიკურ მჭიდრო კავშირს გაუსვა. პოლონეთის პრემიერ მინისტრის, მათეუს მორავიეკის, განმარტებით პუტინს ბელარუსში თავისი ძალაუფლების დაბრუნების მცდელობა აქვს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში, რუსეთის ჩათვლით, არავინ არ უნდა ჩაეროს. მეტიც, სტოლტენბერგმა რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.

საგულისხმოა, რომ რუსეთი და ბელარუსი "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები" არიან, რომელიც რამდენიმე პოსტაბჭოთა წევრი ქვეყნისგან შეგდება.

ორმა სახელმწიფომ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 1996 წელს დადეს, რამაც ინტეგრაციას შეუწყო ხელი, ამასთან, მოქალაქეებს ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა ორივე ქვეყანაში მისცა.

როგორც საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ  შეფასებით, რომელიც მან "ინტერპრესნისს" განუცხადა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოცნებობს ბელარუსის ტერიტორიების შეერთებაზე და თუ შანსი ექნება, რუსულ ჯარს ბელარუსში შეიყვანს.

ის, რომ პუტინი ოცნებობს ბელარუსის მიერთებაზე, ახალი ამბავი არ არის და თუ ჩაუვარდება ამის შანსი და მთავრობა თხოვნით მიმართავს, პლუს ამას, თუ ბელარუსშივე გამოძებნიან მოქალაქეებს, ვინც დაუჭერენ მხარს, ყვავილებით დახვდებიან რუსულ ტანკებს, ამას ბუნებრივია გააკეთებს. ვიცით, რომ სხვა ქვეყანა ბელარუსში ჯარის შემყვანი არ არის, ევროპელები არ შეიყვანენ და ა.შ. ასე რომ, ამის საფრთხე არის სერიოზულად“,- განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე რამდენადაა შანსი, რომ ბელარუსში რუსი სამხედროების შეყვანის საჭიროება დადგეს, შარაშენიძე ამბობს, რომ გამორიცხული არ არის.

„როგორც ჩანს, ლუკანშენკო აპირებს ბოლომდე ჩააფრინდეს უფლებებს და თუ ასე იქნება, გამორიცხული არ არის, რომ ეს საჭირო გახდეს და ლუკაშენკომ მოითხოვოს“,- აცხადებს შარაშენიძე.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი, ამომრჩეველთა 9.9-ის მხარდაჭერა მოიპოვა. სვეტლანა ტიხანოვსკაია ქვეყნიდან გააძევეს და ის ახლა ლიეტუვაში იმყოფება და მხარდამჭერებს ვიდეო მიმართვების საშუალებით ესაუბრება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსში მიმდინარე პროცესებს მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, ევროკავშირში კი ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. თავად ლუკაშენკო აცხადებს, რომ არჩევნები უკვე ჩატარდა და რომ ქვეყანაში სხვა არჩევნები აღარ იქნება.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, ბელარუსში აქციების ფონზე 13 ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის ბი-ბი-სის ჟურნალისტი სტივ როსენბერგიც იყო, რომლის განმარტებით მათი დაკავება მოვლენების გაშუქებისას ხელის შეშლის აშკარა მცდელობა იყო. წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)

ნინი გაბისონია