"სიკვდილით დასჯამდე მეუღლეს პატიება სთხოვა და მისწერა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო" - "ჯეიმს ბონდი" აღმოსავლეთიდან, ანუ ვინ იყო ელი კოენი - კვირის პალიტრა

"სიკვდილით დასჯამდე მეუღლეს პატიება სთხოვა და მისწერა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო" - "ჯეიმს ბონდი" აღმოსავლეთიდან, ანუ ვინ იყო ელი კოენი

უამრავი ისტორია ვრცელდება სხვადასხვა ქვეყნის საიდუმლო აგენტებზე, მზვერავებზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ სხვადასხვა დავალებას ასრულებენ, მაგრამ ისტორიას სულ რამდენიმე ისეთი ადამიანი ახსოვს, რომელთა გავლენაც სახელმწიფო მმართველებისას აღემატებოდა. სწორედ ასეთი აგენტი გახლდათ ელი კოენი, რომელიც ისრაელის დაზვერვის თანამშრომელი იყო.

"მოსადის" წევრმა, კოენმა შეძლო და სირიის ხელისუფლების ნდობა დაიმსახურა. ის დაუახლოვდა სამხედრო მაღალჩინოსნებსაც და ისრაელს წლების განმავლობაში საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.

ისრაელის დაზვერვის საუკეთესო აგენტი 1924 წელს ეგვიპტეში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. კოენის ოჯახის წევრები წლების განმავლობაში ცდილობდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა მაშინ როცა ეს შესაძლებელი იყო, 25 წლის კოენი ოჯახს არ გაჰყვა და ეგვიპტეში დარჩა, არა იმიტომ, რომ ეგვიპტე უყვარდა, უბრალოდ, ის თავიდანვე ეთანხმებოდა სიონისტურ იდეებს, ხოლო იმ პერიოდში ახალგაზრდა ებრაული სახელმწიფოსთვის, რომელიც მუდმივად ომისთვის ემზადებოდა, აუცილებელი იყო ეგვიპტეში სანდო მოკავშირეები და მომხრეები ჰყოლოდა. კოენი ალექსანდრიაში 6 წელი გაჩერდა, ის იატაკქვეშა დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და ისრაელის დაზვერვის დავალებებს ასრულებდა.

ელი კოენი

როცა ეგვიპტის სპეცსამსახურებმა მათი ქსელი აღმოაჩინეს, კოენს გაუმართლა - მას დაკითხვაზე პოლიციელმა დაუჯერა, თითქოს ის არაფერ შუაში იყო და მხოლოდ სახლს აქირავებდა. სამართალდამცავებს მან განუცხადა, რომ არ იცოდა რას საქმიანობდნენ თავის გაქირავებულ სახლში. ამის შემდეგ კოენი ისრაელში წავიდა და აგენტურის სპეცსკოლაც დაასრულა. კოენი წლების შემდეგ ისევ დაბრუნდა ეგვიპტეში, თუმცა ქვეყნის სპეცსამსახურები მას უთვალთვალებდნენ, ახალგაზრდა აგენტს სარგებელი ვეღარ მოჰქონდა მისი სამშობლოსთვის და ამიტომ, ისევ ისრაელში წავიდა.

კოენს ძალიან უნდოდა "მოსადში" მოხვედრა, თუმცა ისრაელში ფიქრობდნენ, რომ ის უკვე გაშიფრული იყო, ამიტომ "მოსადში" აყვანაზე უარი უთხრეს. უარის მიღების შემდეგ, მან მუშაობა ბუღალტრად დაიწყო და ოჯახიც შექმნა.

რამდენიმე წლის შემდეგ, კოენი ისევ იხმეს სამშობლოს სამსახურში. ის სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ და არაბულ ენებს, ასევე ჰქონდა ფოტოგრაფიული მეხსიერება, ამ თვისებების მქონე კადრის დაკარგვა კი ისრაელს არ სურდა. 1960-იან წლებში მან, როგორც "მოსადის" აგენტმა, სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა.

კოენს ასწავლიდნენ როგორც თვალთვალის ტექნიკას, ასევე რადიო გადამცემ საშუალებებთან მუშაობას, ინფორმაციის დაფარულად გადაცემასა თუ მიღებას.

კოენს ამზადებდნენ, რათა მომავალში მისგან სრულიად ახალი პიროვნება შეექმნათ. სულ მალე ის დაემშვიდობა მეუღლესა და შვილებს და მისიის შესასრულებლად არგენტინაში გაემგზავრა, სადაც XIX საუკუნეში ახალი არაბული საზოგადოება შეიქმნა.

ბუენოს-აირესში ის ქამალ ამინ თაბათის სახელით ჩავიდა. ქამალი თითქოს სირიული წარმოშობის არაბთა ოჯახიდან გახლდათ, რომელიც ბიზნესმენი იყო და თითქოს, დიდძალი ქონება მას მშობლებმა დაუტოვეს. მან ისე კარგად შეისწავლა ესპანური ენაც, რომ ქამალთან მოსაუბრეები ფიქრობდნენ, რომ ის ალბათ დიდი ხანი ცხოვრობდა ლათინურ ამერიკაში.

ხელგაშლილი და კომუნიკაბელური ქამალი, რომელიც მშობლიურ სირიაზე უსაზღვროდ იყო შეყვარებული, სახლში ხშირად მართავდა წვეულებებს არაბი საზოგადოებისთვის. სულ რაღაც ერთ წელში, მას უკვე მჭიდრო და საიმედო კავშირი ჰქონდა არაბულ დიასპორასთან. მას პატივს სცემდნენ, როგორც ბიზმესმენები, ასევე დიპლომატები, ჟურნალისტები და რაც მთავარია, სირიელი სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც ხშრად სტუმრობდნენ არგენტინაში ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს.

ელი კოენის მეუღლე

სულ მალე კოენი არგენტინაში სირიის სამხედრო ატაშეს, ამინ ალ-ჰაფეზის მეგობარიც გახდა, რომელიც პარტია "ბაასის" წევრიც იყო. 1963 წელს ბაასისტებმა ქვეყანაში გადატრიალება მოაწყვეს, ალ-ჰაფეზი კი სირიის პრეზიდენტად აირჩიეს. სწორედ ამ დროისთვის ქამალი, სინამდვილეში კი კოენი, დამასკოში იყო საცხოვრებლად გადასული. მან ბინა პრეზიდენტის საცხოვრებლის წინ იქირავა. კოენმა შეძლო და ისმენდა საიდუმლო შეხვედრებზე მიმდინარე საუბრებს. ფანჯრიდან კი აკვირდებოდა ვინ სტუმრობდა პრეზიდენტს, რომელი სამხედრო პირები, რომელ ოთახში იმართებოდა შეხვედრები და რამდენი ხანი გრძელდებოდა ისინი.

არგენტინაში მოპოვებული რეპუტაციით, მან სირიაშიც შეძლო ახალი კავშირების გაჩენა. სირიაშიც აწყობდა წვეულებებს, იწვევდა სირიის გენშტაბის მაღალჩინოსნებს და მათთან საუბრისას აგროვებდა ინფორმაციას. კოენმა მალე ყველას ნდობა მოიპოვა და სირიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაც მოირგო, თუმცა როგორც ცნობილია, ახლა ამ ფაქტს უარყოფენ კიდეც.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სირიის პრეზიდენტის რჩეული, რომელსაც მის მემკვიდრედაც კი მოიაზრებდნენ, სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე "მოსადის" საუკეთესო აგენტი აღმოჩნდებოდა. ფოტოგრაფიული მეხსიერების წყალობით, მან უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა სირიის შეიარაღებისა და სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციების შესახებ.

ის ყოველ დღე აგზავნიდა ისრაელში დაშიფრულ ინფორმაციას, ამისთვის კი პორტატულ რადიოგადამცემს იყენებდა. აგზავნიდა წერილებს, რომელსაც თვალისთვის შეუმჩნეველი საღებავით წერდა. დავალებებს სხვადასხვა გზით იღებდა, მათ შორის ისე, თითქოს რადიოში ხალხის შეკვეთილ სიმღერებს უსმენდა.

კაცი დამასკოდან

როგორც ამბობენ, სამი წლის განმავლობაში კოენი ისრაელის სახელმწიფოს უძვირფასეს ინფორმაციას გადასცემდა, რომლის წყალობითაც მან შეუფასებელი წვლილი შეიტანა ისრაელის უსაფრთხოების განმტკიცებასა და ხშირ შემთხვევაში, ებრაული სახელმწიფოს გადარჩენაში.

როგორც ცნობილია, 1964 წელს, მისი გადაცემული ინფორმაციით ისრაელში გაიგეს, რომ არაბები მდინარე იორდანიის კალაპოტის და დინების შეცვლას გეგმავდნენ, ამით კი ისრაელის მესამედი სასმელი წყლის გარეშე დარჩებოდა. მათ დროულად აღმოაჩინეს მომზადებული ტექნიკა და დაბომბეს ისინი. ამ და უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარდა, კოენის  მთავარ ინფორმაციად მაინც გოლანის მაღლობებზე მოპოვებული ინფორმაცია ითვლება. ეს ტერიტორია ახლო აღმოსავლეთში სადავო ტერიტორიად ითვლება. 1967 წლამდე ის სირიის პროვინციაში შედიოდა, ექვსდღიანი ომის მსვლელობის შემდეგ კი ტერიტორია ისრაელმა დაიკავა.

კოენმა, რომელიც სირიის სამხედრო პირებს დაუახლოვდა და თავდაცვის სამინისტროშიც მაღალი თანამდებობა ეჭირა, უამრავი სტრატეგიული ობიექტი შეისწავლა, მათ შორის კი გოლანის მაღლობზე განთავსებული არტილერიული პოზიციებიც მოინახულა, ის ერთადერთი სამოქალაქო პირი იყო, რომელსაც ამ ადგილის ნახვის უფლება მისცეს.

კოენმა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ სიცხესა და უწყლობაში უწევდა ყოფნა სამხედროებს, სირიელ მაღალჩნოსნებს ბუნკერებთან ევკალიპტების დარგვა შესთავაზა. მას დაუჯერეს და 1967 წელს სწორედ ამ ევკალიპტების ჩრდილში მოწყობილი ბუნკერები დაბომბეს ისრაელის სამხედროებმა.

ელი კოენი გოლანის მაღლობებზე

დროთა განმავლობაში, სამხედრო მაღალჩინოსნებს ეჭვი გაუჩნდათ, ასეთ ზუსტ და წერტილოვან დარტყმებს როგორ ახორციელებდა ისრაელი და დაიწყეს აგენტის ძებნა.

საბჭოთა კავშირში დამზადებული რადიოტექნიკის დახმარებით მათ კოენი რადიომიმღებით ინფორმაციის გადაცემისას დააკავეს. მას სახლში ასაფეთქებელი და გადამცემები უპოვეს, გარდა ამისა კოენი ძველმა "ნაცნობებმა" - ეგვიპტის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმაც იცნეს.

დაკავებიდან 4 კვირის განმავლობაში მას სასტიკად აწამებდნენ. შემდეგ სამხედრო სასამართლოს წინაშეც წარსდგა. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და დამასკოს ცენტრში, მოედანზე ჩამოახრჩვეს. ებრაელი აგენტის სიკვდილით დასჯას, 10 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ჩამოხრჩობის შემდეგ, მისი გვამი დამასკოს ცენტრში 6 საათის განმავლობაში არავის ჩამოუხსნია. როგორც ამბობენ, ის ებრაელთა უსახელო სასაფლაოზე გადაასვენეს, ზოგიერთი წყაროს ცნობით, მისი გვამი ერთ-ერთ ბუნკერში გადამალეს. კოენის ნეშტის ისრაელისთვის გადაცემაზე სირიის მთავრობამ უარი განაცხადა.

როგორც ცნობილია სიკვდილამდე მას რაბინთან შეხვედრის უფლება მისცეს. ამბობენ, კოენმა მეუღლეს წერილი გაუგზავნა, პატიება სთხოვა და მისწერა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო, გათხოვილიყო რათა მათ სამ შვილს მამა ჰყოლოდა, თუმცა ნადია კოენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ გათხოვილა.

(სპეციალურად საიტისთვის)