შავ ზღვაში ნაპოვნი ბუნებრივი აირი და საბერძნეთთან უკიდურესად გამწვავებული ვითარება - რის მიღწევას ცდილობს ერდოღანი? - კვირის პალიტრა

შავ ზღვაში ნაპოვნი ბუნებრივი აირი და საბერძნეთთან უკიდურესად გამწვავებული ვითარება - რის მიღწევას ცდილობს ერდოღანი?

21 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, თავის მოქალაქეებს, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მდიდარი მარაგის შესახებ ამცნო და იქვე დაჰპირდა მათ, რომ ორიოდე წელში შეძლებდნენ მოპოვების დაწყებას. შავ ზღვაში აღმოჩენილმა ბუნებრივი აირის მარაგმა, შესაძლებელია თურქეთის ენერგოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალოს და  უფრო ძლიერ მოთამაშედ აქციოს.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია, რათა შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში თავისი უფლებები მოიპოვოს. ოფიციალური ანკარას ასეთ სტრატეგიულ ინტერესებს მოწინააღმდეგე ბევრი გამოუჩნდა, პირველ რიგში კი საბერძნეთი.

ამჯერად დაპირისპირების მიზეზად შეიძლება განვიხილოთ, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, კონტინენტალური შელფის ირგვლივ, ენერგორესურსების სადაზვერვო საქმიანობა, რომელსაც საბერძნეთი თავისად მიიჩნევს, თურქეთი კი პერიოდულად სადაზვერვო საქმიანობებს აწარმოებს. გასათვალისწინებელია, რომ ორივე სახელმწიფო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის-"ნატოს" წევრები არიან, რაც ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის დამატებით უხერხულობასა და დაძაბულობას ქმნის.

თურქული ტელერადიოკომპანიის "თი-არ-თი"-ს (TRT) ქართული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით-"თურქეთის მიერ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის აღმოჩენა", რომლის ავტორია SETA-ს კვლევითი ინსტიტუტის უსაფრთხოების განყოფილების დირექტორი, მკვლევარ-ანალიტიკოსი მურათ იეშილთაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"თურქეთის მიერ გასულ კვირას შავ ზღვაში, ბუნებრივი გაზის რეზერვების აღმოჩენას დიდი ეროვნული და საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა და იგი მსოფლიო დღის წესრიგის პირველ და მნიშვნელოვან თემად გადაიქცა. თავის განცხადებაში, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის საქარიას სახელწოდების საძიებო ტერიტორიის, დუნაის რაიონში 320 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინეს და რომ ამ რეზერვის ათვისება-მოხმარებას 2023 წლამდე დაიწყებენ.

როგორც ცნობილია, თურქეთი, 99%-ით უცხოურ ენერგიაზე დამოკიდებული ქვეყანაა. ისიც ცნობილია, რომ თურქეთის წლიური მოხმარება აირზე, დაახლოებით 50 მილიარდი კუბური მეტრია, ამიტომაც, ექსპერტები თვლიან, რომ აღმოჩენილი რეზერვი ქვეყანას მხოლოდ 7-8 წელი ეყოფა. ამასთან, ეს არის თურქეთის ისტორიაში აღმოჩენილი ყველაზე დიდი რეზერვი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა.

თურქეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება უცხოეთზე მას იძულებულს ხდის დაბალანსებული ურთიერთობები დაამყაროს მრავალ ქვეყანასთან. ანკარა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის თანხას იხდის უცხოეთიდან შემოტანილ ენერგო-რესურსებზე. ამრიგად, შავ ზღვაში აღმოჩენილი რეზერვები, მართალია, მცირე რაოდენობით აკმაყოფილებს ქვეყნის ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს, თუმცა, ახალი და ღრმა დინამიკა შეიტანა თურქეთის ენერგეტიკულ პოლიტიკაში.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დინამიკაა ენერგიის დივერსიფიკაცია. უნდა ითქვას, რომ თურქეთი დიდი ხანია ატარებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის პოლიტიკას. ამასთან, განახლებადი ენერგიის წყაროების გაზრდით, როგორიცაა ქარის ენერგია და მზის ენერგია, რომლებშიც დიდი ოდენობით საკუთარი ინვესტიცია ჩადო, ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო შექმნა. ასევე ითქმის წყლის ენერგიის სიმძლავრის გაზრდაზეც. თუ შავი ზღვის აღმოჩენას გაგრძელება მოჰყვება, მაშინ, თურქეთის ბუნებრივი გაზი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული ენერგიის წყარო.

გარდა ამისა, შავ ზღვაში აღმოჩენილი რეზერვები თურქეთს ხელს გაუმაგრებს და უცხოელებთან მოლაპარაკებების დროს უფრო მოქნილ პოლიტიკას გაატარებს, რაც ფასებზეც დადებითად იმოქმედებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასახვა, რაც გააძლიერებს თურქეთის პოზიციას, არის ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიწოდება. ენერგიის ტრანზიტის თვალსაზრისით, თურქეთი ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ქვეყანას წარმოადგენს და აქ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობებს შორის არის სტაბილური სტრუქტურა. თუ გავითვალისწინებთ თურქეთის გარშემო მიმდინარე კონფლიქტებს, არსებულ ენერგორესურსებს და პოტენციური ენერგიის რეზერვებს, ეს სტრუქტურა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

შავი ზღვის ბუნებრივი გაზით, თურქეთი ერთის მხრივ სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, ხოლო მეორეს მხრივ ენერგეტიკულ პოზიციას კიდევ უფრო გაიძლიერებს და გაამყარებს. ეს კი თავის მხრივ ეროვნულ უსაფრთხოებაში გამოიწვევს ახალი განზომილების დამატებას.

გარდა ამისა, შავ ზღვაში აღმოჩენილი რეზერვებით, თურქეთი, საერთაშორისო ენერგეტიკულ გეოპოლიტიკაში უკვე ენერგეტიკული მოთამაშის როლშიც წარსდგება. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენცია უაღრესად მაღალია, რაც უარყოფითად მოქმედებს თურქეთის მიერ ნაყიდი აირის ფასზეც. ამჯერად კი, თუ თურქეთი შეძლებს შავ ზღვაში აღმოჩენილი ენერგიის მდგრად ენერგეტიკულ წყაროდ გადაქცევას, დიდ უპირატესობას მოიპოვებს ფასების მოლაპარაკებებშიც და მისი დაწევის შესაძლებლობა მიეცემა. ამ უპირატესობამ კი თურქეთს შეიძლება სხვა ახალი როლიც მისცეს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში.

ბოლო დღეებში საკმაოდ გამწვავდა ნატოს წევრების - საბერძნეთისა და თურქეთის ერთმანეთთან დამოკიდებულება. საკითხი ეხება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთთან მდებარე საბერძნეთის პატარა კუნძულ კასტელორიზონის (დედოკანესის არქიპელაგიდან) ირგვლივ არსებულ ტერიტორიულ წყლებს (კონტინენტურ შელფს), რომლის გაფართოებას ათენი ცდილობს. 29 აგვისტოს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუად ოქტაიმ განაცხადა, რომ საბერძნეთის მცდელობამ ტერიტორიული წყლების გაფართოების მიზნით, შეიძლება სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს, შესაბამისად, ანკარა ყველა ღონეს იხმარს თავისი ტერიტორიული წყლების დასაცავად.

საბერძნეთის პასუხმაც არ დააგვიანა: საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ თურქეთის განცხადება საერთაშორისო საზღვაო სამართალს ეწინააღმდეგება. საბერძნეთმა კუნძულთან ახლოს სამხედრო-საზღვაო მანევრებიც დაიწყო.

ორ ქვეყანას შორის უთანხმოებასთან დაკავშირებით თურქული "სთარ გაზეტე"  აქვეყნებს ინტერვიუს თურქ პოლკოვნიკთან, ექსპერტ უნალ ათაბაისთან სათაურით "თუ საბერძნეთი კუნძულის "კონტინენტური შელფის" გამო ბრძოლის დაწყებას გაბედავს, ის ტერიტორიებს დაკარგავს".

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

"კუნძულებს არ შეიძლება კონტინენტური შელფი ჰქონდეთ. შესაბამისად, აღმოსაველეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სადაო და განსახილველი არაფერია. თურქეთმა, თუ მის ინტერესებს და უფლებებს ვინმე შეეხება, შეუძლია თავს ომის დაწყების უფლება მისცეს, მაგრამ თუ ომი მართლაც დაიწყება, ცხადზე ცხადია, რომ საბერძნეთი წააგებს. იგი დაკარგავს როგორც ხმელთაშუა ზღვის კუნძულების დიდ ნაწილს, ასევე თრაკიის მხარესაც (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს).

ის, თუ საით მოხდება საბერძნეთსა და თურქეთს შორის გაჩენილი დაძაბულობის ევოლუცია, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. იმ დროს, როცა ევროკავშირი და აშშ დაძაბულობის განეიტრალებას ცდილობს, საბერძნეთი პროვოკაციებს აწყობს. კერძოდ, ათენმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ოთხმხრივი სამხედრო მანევრები მოაწყო საფრანგეთთან, იტალიასთან და სამხრეთ კვიპროსთან ერთად, რითაც დიპლომატიას კარს უხურავს.

უნალ ათაბაის აზრით, საბერძნეთი მუდმივად ქმნის დაძაბულობას: ათენი ჯერ ამწვავებს სიტუაციას, შემდეგ უკან იხევს და მოლაპარაკებაზე ლაპარაკს იწყებს, თან იმედი აქვს, რომ ქრისტიანული ევროპა დაეხმარება. საბერძნეთმა უნდა იცოდეს: 1830 წლიდან მოყოლებული, ათენს არცერთი ტერიტორია მოგებული ომით არ მიუღია, ყველაფერი მან მოლაპარაკებით მიითვისა, მის ზურგს უკან მდგარი მოკავშირეების წყალობით. და თუ საბერძნეთი ომის დაწყების სიტუაციას შექმნის, თურქეთის უფლებების დარღვევის საფუძველზე, ანკარა უკან არ დაიხევს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ