"ჟურნალისტები პუტინს როგორც ურჩხულს ისე ხედავენ, თუმცა..." - რუსეთის პრეზიდენტზე შეყვარებული ფრანგი მსახიობის მრავალფეროვანი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტები პუტინს როგორც ურჩხულს ისე ხედავენ, თუმცა..." - რუსეთის პრეზიდენტზე შეყვარებული ფრანგი მსახიობის მრავალფეროვანი ცხოვრება

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ ფრანგულ მედიასთან Canal+-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ბევრჯერ მოხვედრილა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში და საკმაოდ კარგ დროსაც ატარებდა.

მან განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება თავად პრეზიდენტმა პუტინმა ტელეფონზე საუბრისას შესთავაზა და მსახიობს თვითმფრინავიც კი გაუგზავნა.

"ჟურნალისტები მას როგორც ურჩხულს ისე ხედავენ, თუმცა ჩემს წინ ურჩხული არასდროს დამინახავს" - აღნიშნა დეპარდიემ პუტინზე საუბრისას. მსახიობის თქმით, რუსეთში ყველა მოქალაქე ბედნიერია, რადგან როცა ის ქვეყანაში ჩადის, ყველას ბედნიერ სახეს ხედავს.

"ალბათ არსებობს ისეთი რამ, რაც დაუშვებელია, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მინახავს" - ამბობს მსახიობი.

ბავშვობა

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე 1948 წლის 27 დეკემბერს საფრანგეთს ერთ-ერთ სოფელში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მსახიობის მამას რენე დეპარდიეს განათლებაც არ ჰქონდა მიღებული. ოჯახი უმეტესად სახელმწიფო დახმარების იმედად ცხოვრობდა. 6 მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა მსახიობის დედამ იტვირთა, რადგან ჟერარის დაბადების შემდეგ, მამა ალკოჰოლური სასმლის დალევას შეეჩვია და ხშირად სახლშიც არ მიდიოდა.

მშობლების უყურადღებობის გამო, ჟერარს ბავშობაში მეტყველების პრობლემა ჰქონდა. ის თითქმის არასდროს ლაპარაკობდა და ჟესტებით ცდილობდა ყველაფრის ახსნას. ამ პრობლემის გამო ჟერარი სკოლაში თითქმის არავის ესაუბრებოდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.

სულ მალე ამერიკელებმა ჟერარის სოფელში, სამხედრო ბაზა გახსნეს, ამ ბაზაზე ხშირად დაჰყავდათ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები, მათ ამერიკულ ფილმებსა თუ მუსიკას აცნობდნენ. ჟერარს ძალიან მოსწონდა ეს ადგილი და სკოლას, ბაზაზე დროის გასატარებლად ხშირად აცდენდა. ის ბოქსის წრეზეც ჩაეწერა, 14 წლის ასაკში კი ადგილობრივ ბიჭებთან ერთად, ამერიკელების ბაზიდან საწვავიც მოიპარა, არასრულწლოვანი მსახიობი ხშირად მონაწილეობდა მსგავს საქმეებში. როგორც ამბობენ, სამართალდამცავებმა ის რამდენჯერმე დააკავეს, თუმცა არასრულწლოვან ბიჭს ისევ უკან უშვებდნენ. შემდეგ ის სამართალდამცავებმა აღრიცხვაზეც აიყვანეს, დეპარდიე ყოველ თვე უნდა გამოცხადებულიყო პოლიციაში.

სამსახიობო კარიერა

დეპარდიეს სამსახიობო კარიერა საკმაოდ მოულოდნელად და დაუგეგმავად დაიწყო. ერთხელაც მან მეგობართან ერთად გადაწყვიტა სოფელი დაეტოვებინა და პარიზში ახალი ცხოვრების დასაწყებად წასულიყო. ჟერარის მეგობარი თეატრალურ სკოლაში დადიოდა, ერთხელ კი როცა ის მეგობარს გაჰყვა, თეატრალური წრის მასწავლებელმა ჟერარს დაავალა რაღაც სცენის შესრულება, ბიჭს კარგად გამოუვიდა დავალება და ამ საქმიანობის მიმართ ინტერესიც გაუჩნდა.

ახალგაზრდა დეპარდიეს საშუალება მისცეს, სამსახიობო ოსტატობა ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეესწავლა, მას მეტყველებაც აღუდგინეს, ამ სფეროთი დაინტერესებული ბიჭი კი უფრო და უფრო კარგად ეცნობოდა ფრანგულ კლასიკას. ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობი უამრავ ფილმში მიიწვიეს და სულ მალე ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

პირადი ცხოვრება

ფრანგ მსახიობს საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მას უამრავი საყვარელი ჰყავდა. ოფიციალურად, მსახიობს 4 შვილი ჰყავს, ორი შვილი ყოფილი ცოლისგან ელისაბედ დეპარდიესგან. ორი შვილი კი მას ქორწინების გარეშე გაუჩინეს. დეპარდიეს ფრანგ მსახიობ და მოდელ კარინ სილასთან ჰქონდა რომანი, რომელმაც გოგონა როკსანა გაუჩინა. მას რომანი ჰქონდა მსახიობ ელენ ბიზოსთანაც, რომელმაც დეპარდიეს ვაჟი აჩუქა. თუმცა, როგორც მსახიობი ამბობს, მას მთლიანობაში 20 შვილი ჰყავს და ყველა სხვადასხვა ქალისგან. როგროც ადრე მსახიობმა თქვა, ის ამ ქალებს ფულის სანაცვლოდ, საიდუმლოს გაუთქმელობაზე შეუთანხმდა.

რუსეთის სიყვარული

2012 წლის დეკემბერში ფრანგი მსახიობი საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა, რათა ფუფუნებაში ცხოვრებისთვის გადასახადები არ გადაეხადა. მალე მან უარი განაცხადა საფრანგეთის მოქალაქეობაზე და თქვა: "მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ და არა მხოლოდ საფრანგეთის".

2013 წლის იანვარში კი ფრანგ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობა თავად ვლადიმერ პუტინმა გადასცა. რუსეთზე საუბრისას მსახიობმა განაცხადა:

"მე ვგიჟდები თქვენს ქვეყანაზე, თქვენს ხალხზე, თქვენს ისტორიაზე და თქვენს მწერლებზე. მომწონს აქ ფილმის გადაღება და ისეთ მსახიობთან ურთიერთობა, როგორიც ვლადიმერ მაშკოვია. ვგიჟდები თქვენს კულტურაზე და თქვენს მსოფლმხედველობაზე. თავის დროზე მამაჩემი კომუნისტი იყო და მოსკოვის რადიოს უსმენდა. ძალიან მიყვარს თქვენი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ეს სიყვარული ორმხრივია... რუსეთი - უდიდესი დემოკრატიის ქვეყანაა. ეს არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს საბრალოს დაუძახებს", - განაცხადა ფრანგმა მსახიობმა.

(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)