"ქართული არქიტექტურული სტილით აგებულ 150-წლიან სახლებს ორდუში დღესაც საცხოვრებლად იყენებენ" - რას წერს თურქული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ქართული არქიტექტურული სტილით აგებულ 150-წლიან სახლებს ორდუში დღესაც საცხოვრებლად იყენებენ" - რას წერს თურქული გამოცემა?

თურქულ გაზეთ "ჰურიეთ"-ში ("Hürriyet") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ქართული არქიტეტურული სტილით აგებულ 150-წლიან სახლებს დღესაც საცხოვრებლად იყენებენ", რომელშიც გადმოცემულია ორდუს ილში (პროვინციაში), შავიზღვისპირა ფაცას რაიონში არსებული ქართული საცხოვრებელი სახლების ისტორია.

ორდუს ილში მდებარე სოფელ ქაბაკდაღში ქართველი მუსლიმანი იმიგრანტები 1850-იანი წლებიდან ცხოვრობენ, როცა მათი საცხოვრებელი ადგილები ოსმალეთის იმპერიამ დათმო და რუსეთმა მიიერთა. ქართველები განსაკუთრებით მომრავლდნენ 1978 წლის შემდეგ, ბათუმიდან და ქობულეთიდან. აქ არსებული საცხოვრებელი სახლები, მათ მიერ აგებული, თურქულისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან - ორსართულიანი შენობები, ქვედა სართული ქვიტკირისგან არის აშენებული, ზემო სართული კი ხისგან (ლურსმნების გარეშე). სახლები დღემდე დანიშნულების მიხედვით გამოიყენება: ზედა სართულის ოთახები - სტუმრებისათვის, ქვედა კი თვითონ სახლის მფლობელის ოჯახის წევრებისათვის. სართულებს სხვადასხვა შესასვლელები აქვთ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქაბაკდაღში ქართული არქიტექტურული სტილით ნაშენები 69 სახლი იყო შემორჩენილი. სოფლის მუფთარის (გამგებლის) ალი იხსან ბეშიკის თქმით, მათგან სამი სახლი საცხოვრებლად უვარგისი იყო და დაშალეს, რამდენიმე სასწრაფო რემონტს საჭიროებდა და ისინი თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს ხარჯებით შეკეთდა. 21 სახლში მფლობელები დღესაც ცხოვრობენ, დანარჩენები კი ამჟამად ცარიელია. უსაფრთხოების წესების დაცვის თანახმად, ელექტროენერგია გათიშულია. ცხადია, რაც დრო გადის, შენობები იშლება, მათ შეკეთება სჭირდებათ. სამწუხაროდ, ასეთი სახლების ოსტატები აღარ დარჩნენ.

სტატიაში საუბრობს აგრეთვე სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ჰოსნი იუჯებაში, წარმოშობით ქართველი, რომელმაც თავისი წინაპრების მიერ აგებული სახლის რესტავრაცია განახორციელა: "ამ სახლებს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათში ჩვენი ქართული კულტურა და ტრადიციები ჩანს", - ამბობს ჰოსნი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ