"ლუკაშენკო და ქალები: წააგო თუ არა "ბატკამ" გენდერულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ლუკაშენკო და ქალები: წააგო თუ არა "ბატკამ" გენდერულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში" - რას წერს გერმანული გამოცემა?

გერმანული "დოიჩე ველე" ("Deutsche Welle") სტატიაში "ალექსანდრე ლუკაშენკო და ქალები: წააგო თუ არა "ბატკამ" გენდერულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში" აანალიზებს "სუსტი სქესის" როლს ბელარუსში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებში და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დამოკიდებულებას ცნობილ პოლიტიკოს ქალებთან და მოღვაწეებთან.

"საპროტესტო აქციების საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმი, რომელთა შემადგენლობაში ქალებიც არიან, დღეს ძირითადად პარალიზებულია. ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩს მინსკში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები იცავენ, მარია კოლესნიკოვა, მუსიკოსი ქალი, დაჭერილია, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი ემიგრაციაშია.

ალექსანდრე ლუკაშენკო ქალებს სექსისტური თვალსაზრისით უყურებს. იგი ცდილობს ქალები პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოაშოროს და ისე მოქმედებს, როგორც ტირანს შეეფერება. აქედან გამომდინარე, ბელარუსში მიმდინარე დაპირისპირებას გენდერული ელფერი დაჰკრავს.

მინსკში მოსკოვიდან გადასროლილი პოლიტტექნოლოგების ჯგუფმა ალექსანდრე ლუკაშენკოს "დათვური სამსახური" გაუწია: მათ ბელარუსში რუსეთის პრეზიდენტის "მაჩოს" სახის ექსპორტი განახორციელეს და ეგონათ, ამით მოიგებდნენ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ბელარუსი ქალები უკვე დაიღალნენ დიქტატორული ძალადობით, "კუნთიანი ძლიერი მამაკაცი" მათთვის უკვე ტოქსიკურია. ამას ადასტურებს ის, რომ ავტომატიანი "ბატკას" დანახვაზე ქალებმა ძალზე ნეგატიური პოზიცია გამოხატეს. "ვაჟკაცური პრეზიდენტის" სახე ქალების თვალში ძალიან გაფერმკრთალდა: მათ აქციას ლუკაშენკომ "ომონი" დაუპირისპირა.

რუსეთი და ბელარუსი ევროპაში ორადორი სახელმწიფოა, რომლებსაც ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი არ მიუღიათ. ლუკაშენკო, რომელმაც მომზადებული კანონპროექტი წაიკითხა, განაცხადა, რომ "ამ სისულელეს, რომელიც დასავლეთიდან არის გადმოღებული, ჩვენ ვერ მივიღებთ. საჭიროა ჩვენი ინტერესები გავითვალისწინოთ, ჩვენი ბელარუსი ქალების სლავური ტრადიციებიო". დიახ, გაითვალისწინა, როცა მიტინგებზე ბელარუს ქალებს "ომონელები" სცემდნენ. ამბობენ, თვითონ "ბატკაც" ურტყამდა ხოლმე თავის ყოფილ ცოლს.

მაგრამ მან კარგად ვერ გათვალა ქალების ენერგია. მან პოლიტიკურ-გენდერული ბრძოლა უკვე წააგო.

უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილისა და საპყრობილეებში მიმდინარე წამების ფონზე ალექსანდრე ლუკაშენკო გაბოროტებული, გონებადაკარგული და ტირანი, ოჯახის უფროსის როლში გამოდის. იგი აღარ არის ბელარუსებისთვის "ბატკა" (მამა), რომლის სახელის აღდგენასაც რუსი პოლიტტექნოლოგები ცდილობენ", - წერია პუბლიკაციაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ