"ერთხელ შფოთის ამტეხი ყოველთვის შფოთისთავია: მიხეილ სააკაშვილი" - რას წერს ამერიკული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ერთხელ შფოთის ამტეხი ყოველთვის შფოთისთავია: მიხეილ სააკაშვილი" - რას წერს ამერიკული გამოცემა?

ამერიკულ ჟურნალ "The American Spectator"-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ერთხელ შფოთის ამტეხი ყოველთვის შფოთისთავია: მიხეილ სააკაშვილი", რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის საქმიანობას ეხება. (ავტორი - ბრაიან მაკნიკოლი).

ცნობისთვის, მედია მკვლევარები და ე.წ "ფაქტჩექერები" ზემოთაღნიშნულ გამოცემას მიკერძოებულად მიიჩნევენ და წერენ, რომ მას (გამოცემას) მკითხველი ხშირად შეჰყავს შეცდომაში.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

"მიხეილ სააკაშვილის თქმით, "საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს და თუ ასეთი მთავრობა 100 დღეში არ დაემხობა, ქვეყანა არსებობას შეწყვეტს... ჩვენ საქართველო უფსკრულიდან უნდა ამოვიყვანოთ". მაგრამ განა საქართველო უფსკრულშია? საქართველო რუსეთს თანდათან შორდება როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ბოლო ათწლეულში, ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მე-12 ადგილი აქვს დაკავებული, მსოფლიო ბანკი მას "სანიმუშო რეფორმატორს" უწოდებს, აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან, ასევე დიდი წვლილი შეაქვს ალიანსის სამშვიდობო მისიების განხორციელებაში...

საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასავლეთთან ახლოს იყოს და არა რუსეთთან. მიხეილ სააკაშვილმა ეს ყველაფერი კარგად იცის. ჰოდა, ასეთ სიტუაციაში რა არ მოსწონს მას და რა აქვს ჩაფიქრებული?

აშკარაა, რომ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით, წინამძღოლს ეძებენ, რადგან ქვეყნის დღევანდელი მთავრობის პირობებში ისინი ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ. სწორედ ამიტომ წამოაყენეს მათ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც იმედი აქვს, რომ უკრაინიდან სამშობლოში 31 ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდება, არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვების შემდეგ. "მაგრამ არ მინდა არეულობის ფონზე დავბრუნდეო", ამბობს იგი.

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, შფოთისთავია, რევოლუციების მოყვარული. საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს მას დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო, რისთვისაც მთელი ქართული სახელმწიფო უმკაცრესად დაისაჯა.

დატოვა რა საქართველო კორუფციის ბრალდებებისა და სხვა დანაშაულებების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა, მისთვის თავშესაფრად უკრაინა იქცა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუბერნატორის თანამდებობა უბოძა, მაგრამ იგი თავის "მეგობარს" აუმხედრდა და ოპოზიციაში ჩაუდგა... დღეს, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დროს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს აკეთებს, ზელენსკი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით არ გამოდისო.

სამწუხაროდ, [საქართველოს ხელისუფლებისათვის] პრობლემების შექმნაში მიხეილ სააკაშვილის პარტნიორად ის ორგანიზაცია გახდა, რომელიც მჭირდოდ არის დაკავშირებული ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ მაკკეინის სახელთან.

ჯონ მაკკეინი უკვე ცოცხალი აღარაა, მაგრამ სენატორის საქმეს აგრძელებს რენდ შონემანი - მისი ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში. იგი ამჟამად არის აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე და იმავდროულად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უფლებამოსილი წარმომადგენელი ამერიკაში, რომელიც ასევე გამოდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც. რენდ შონემანი მიხეილ სააკაშვილის რწმუნებულიცაა აშშ-ში, და ისევე როგორც ჯონ მაკკეინის შემთხვევაში, მისი საქმიანობაც საკმაოდ წინააღმდეგობრივია.

რენდ შონემანი საქართველოზე დიდი ხანია მუშაობს - ჯრ კიდევ სენატში ყოფნის დროიდან. იგი ასევე ითვლება ჯორჯ სოროსის ლობისტად, რომლის "ღია საზოგადოების" ფონდის იურისტებთან და წამყვან თანამშრომლებთან ერთად "სედონის ფორუმშიც" მონაწილეობდა - ასე უწოდებენ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ მეცნიერთა ყოველწლიურ შეხვედრას.

ბოლო დროს რენდ შონემანი თითხნის გამოკითხვების ისეთ შედეგებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ქართველები თავიანთ მთავრობას არ ენდობიან და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ საშინლად პესიმისტურად არიან განწყობილნი. მას მეოთხედი მილიონი დოლარის კონტრაქტი აქვს დადებული ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც ცდილობს ნეგატიურად წარმოსახოს სიტუაცია და ნულამდე დაიყვანოს ქვეყნის მიერ ბოლო ათწლეულში მიღწეული პროგრესი.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წყლის ამღვრევას აგრძელებს, არავის არ უნდა გაუკვირდეს. თავისი ქარიზმატულობის მიუხედავად, მან ვერსად ვერ მოახერხა ყოფილ "მეგობრებთან" (ხელმძღვანელებთან) ურთიერთობა - ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში. თავისი ფეთქებადი ტემპერამენტის და, რბილად რომ ვთქვათ, აზროვნების სპონტანური სტილის გამო მასთან თავის დროზე მკაცრი საუბარი მოუწია პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის მრჩეველს, კონდოლიზა რაისს: 2008 წელს რუსეთთან მომხდარი კონფლიქტის წინ კონდოლიზა რაისი იძულებული გახდა ეთქვა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ ნატო საქართველოს მხარს არ დაუჭერს რუსეთთან ომშიო.

ის, რომ რენდ შონემანი ცდილობს იმ ქვეყნის ძალისხმევა გააფერმკრთალოს, რომელიც თავისუფლების განმტკიცებისთვის იბრძვის, ეკონომიკის განვითარებისათვის და დასავლეთთან დაახლოებისთვის - ეს ისეთი მომენტია, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, იმედის გაცრუებას იწვევს", - წერია გამოცემის პუბლიკაციაში, რომელსაც ამერიკელი მედია მკვლევარები ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულ გამოცემად მიიჩნევენ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ