როგორ მოახერხა 18 წლის ახალგაზრდამ საბჭოთა დედაქალაქში თვითმფრინავის დაშვება - გერმანელი მოზარდის ხმაურიანი ისტორია - კვირის პალიტრა

როგორ მოახერხა 18 წლის ახალგაზრდამ საბჭოთა დედაქალაქში თვითმფრინავის დაშვება - გერმანელი მოზარდის ხმაურიანი ისტორია

მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, უამრავ უცნაურ და საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ. ამ ამბის მთავარი გმირი კი რომელზეც მოგითხრობთ, გერმანელი მოზარდი - მათიას რუსტია.

მათიასი, ჰელსინკიდან მოსკოვში მცირე ზომის "ჩესნას" თვითმფრინავით გაფრინდა და იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის  საჰაერო სივრცეში შეიჭრა, საფრენი აპარატი კი მოსკოვში, წითელ მოედანთან დასვა. ამ ინციდენტის შემდეგ მიხეილ გორბაჩოვმა სამსახურიდან უამრავი სამხედრო მაღალჩინოსანი გაათავისუფლა, ასევე გორბაჩოვს შესაძლებლობა მიეცა დაგეგმილი რეფორმებიც წინააღმდეგობების გარეშე გაეტარებინა და საბოლოოდ, საბჭოთა კავშირიც ჩამოიშალა.

უცნაური შეხედულებების 18 წლის მათიას რუსტმა, რომელიც ახალბედა მფრინავი იყო, ერთხელაც გადაწყვიტა დასავლეთსა და აღმოსავლეთ გერმანიას შორის გავლებული ზღვარი გადაელახა და მასზე გადაეფრინა. იმ პერიოდში ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო და მეორეს მხრივ, თვითმკვლელობას უდრიდა.

როგორ უნდა გადაელახა საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცე? ან საერთოდ, ფიქრობდა თუ არა ამ საკითხზე არავინ იცის, თუმცა საბოლოოდ, მოზარდმა ჩანაფიქრი განახორციელა.

1987 წლის 13 მაისს ჰამბურგთან, იმ პერიოდისთვის კი დასავლეთ გერმანიაში, მან "ჩესნა" (Cessna) 172-ს თვითმფრინავი დაიქირავა, რომელიც 4 ადგილიანი და მსუბუქძრავიანი გახლდათ, ამ საფრენ აპარატს უმეტესწილად სასწავლებლად გამოიყენებდნენ.

ორი კვირის განმავლობაში, რუსტმა ჩრდილოეთ ევროპას გადაუფრინა, მოინახულა ფარერის კუნძულები და ისლანდია. 28 მაისს ის ჰელსინკში საწვავის შესავსებად ჩაფრინდა. ჰელსინკის შემდეგ კი პირდაპირ მოსკოვისკენ გაფრინდა. მათიას რუსტის თვითმფრინავი მოსკოვში

საკონტროლო დაწესებულებიდან ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, თუმცა რუსტი ხაზზე აღარ გავიდა. მას ჰელსინკის საჰაერო ზონის რადარებზე ვეღარ ხედავდნენ და იფიქრეს, რომ უბედური შემთხვევის შედეგად ჩამოვარდა.

მაშინ, როცა ფინელები ახალგაზრდა გერმანელ ბიჭს და ჩამოგდებულ თვითმფრინავს ეძებდნენ, ამ დროს მათიასმა ბალტიის ზღვას გადაუფრინა, შეიჭრა საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში და ესტონეთიდან მოსკოვისკენ გაემართა. საბჭოთა კავშირის გადმოკვეთისას ის რადარებმა დააფიქსირეს და დაკავშრებაც სცადეს, რუსტი კავშირზე არ გადიოდა ამიტომ, ის მტრის სამხედრო საფრენ აპარატად მიიჩნიეს და ნომერი 8255 მიანიჭეს.

მას თვალყურს ადევნებდნენ და რაკეტებიც მზად იყო მათიასის ჩამოსადგებად, თუმცა რაღაც მიზეზის გამო, რუსტის საფრენი აპარატი რაკეტით არ ჩამოაგდეს.

რუსტის თვითმფრინავის შესასწავლად ორი სამხედრო თვითმფრინავიც გაუშვეს, მათ დაადასტურეს, რომ ის მსუბუქძრავიანი იყო, მოულოდნელად აპარატი რადარიდან გაქრა. ფიქრობდნენ იმასაც, რომ ის ცოტა ხნით მიწაზე დაფრინდა და შეისვენა, რადგან იმაზე დიდხანს მიფრინავდა მოსკოვისკენ, ვიდრე საჭირო იყო.

რახან რუსტის თვითმფრინავი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კარგა ხანს დაფრინავდა, სხვა ქალაქებში გადაფრენისას ის უბრალო სასწავლო თვითმფრინავად მიიჩნიეს, რომელმაც არ დაიცვა ინსტრუქცია.

დაახლოებით 19 საათზე ის მოსკოვის ცაზე გამოჩნდა, როგორც ჩანს,  თავდაპირველად კრემლში აპირებდა დაფრენას, თუმცა მიხვდა, რომ შესაძლოა დაეხვრიტათ, ამიტომ დაფრენა ხალხმრავალ ადგილზე "წითელ მოედანზე" გადაწყვიტა, თუმცა შემდეგ დაინახა, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ვასილი ნეტარის ტაძართან დაფრინდა.

რუსტი წარმატებით დაფრინდა ტაძრის გვერდით, გადმოვიდა საფრენი აპარატიდან და ირგვლივ ვერც სამხედროები დაინახა და ვერც "კაგებე"-ს წარმომადგენლები.

ირგვლივ ჩვეულებრივი მოქალაქეები დადიოდნენ და მას გაოცებით უყურებდნენ. მას ჰკითხეს თუ ვინ იყო და საიდან ჩაფრინდა, რუსტმა უპასუხა, რომ გერმანიიდან იყო. ხოლო როცა ხალხი იგებდა რომ ის დასავლეთ გერმანიიდან ჩაფრინდა, გაოცება უფრო მატულობდა. რუსტი ორ საათში დააკავეს.

1987 წლის 2 სექტემბერს მას ხულიგნობისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

ორი თვის შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტმა რეიგანმა და გორბაჩოვმა მოკლე და საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. მათიას რუსტი კი ერთ წელში გაათავისუფლეს.

მათიასის საბჭოთა საჰაერო სივრცეში შეღწევამ და "წითელ მოედანზე" დაფრენამ, გამოააშკარავა საბჭოთა კავშირში არსებული სისუსტეები, ამან კი თავის მხრივ გორბაჩოვს გზა გაუხსნა სამხედრო ელიტებში წმენდის ჩასატარებლად და თანამდებობა 100-მდე სამხედრო მაღალჩინოსანს დაატოვებინა, მათ შორის იმათ, ვინც რეფორმების წინააღმდეგ გამოდიოდა. მათიას რუსტის ფრენას, რომელიც  "ცივი ომის"  ბოლო პერიოდს დაემთხვა, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირში შეუქცევადი პროცესები დაძრა, რასააც საბოლოოდ მისი (საბჭოთა კავშირის) დაშლა მოჰყვა.

რუსტის თვითმფრინავი, რომლითაც მან საბჭოთა კავშირში იმოგზაურა, დღეს ბერლინში მუზეუმშია. თავად რუსტი კი შემდეგაც აგრძელებდა უცნაურად ცხოვრებას, მას რამდენჯერმე შეექმნა პრობლემა სამართალდამცავებთან და დააკავეს კიდეც. შემდეგ მან ინდუიზმი მიიღო და ინდოეთში იქორწინა, 2009 წელს საკუთარ თავს პოკერის პროფესიონალ მოთამაშეს უწოდებდა, ხოლო 2012 წელს ციურიხის საინვესტიციო ბანკში ანალიტიკოსად მუშაობდა. წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)