რატომ მოიხადა ბოდიში პუტინმა ზახაროვას გამო? - როგორია რუსეთის პრეზიდენტის "ბოდიშების" ისტორია - კვირის პალიტრა

რატომ მოიხადა ბოდიში პუტინმა ზახაროვას გამო? - როგორია რუსეთის პრეზიდენტის "ბოდიშების" ისტორია

რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს მოუბოდიშა. თავის პოსტში ზახაროვამ სერბი პრეზიდენტის "თეთრ სახლში" სტუმრობა, ცნობილ ფილმში "ძირითადი ინსტიქტი", შერონ სტოუნის სექსუალურ პოზას შეადარა.

პუტინის მობოდიშების შესახებ ვუჩიჩმა ტელევიზიით, პირადპირ ეთერში ისაუბრა. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ეს ამბავი დაადასტურა. "დიახ, ეს ასეა" - განაცხადა მან.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის ბოდიში მას სერგეი ლავროვმა გადასცა.

"თუ თქვენ თეთრ სახლში შეხვედრაზე დაგიბარეს, ხოლო სკამი ისე დაგიდგეს, თითქოს დაკითხვაზე ხართ, დასხედით როგორც მეორე ფოტოშია მოცემული. ვინც არ უნდა იყოთ, ასე დასხედით", - დაწერა "ფეისბუქის" პოსტში ზახაროვამ და პოსტს ორი ფოტო დაურთო. ერთი ასახავდა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას, მეორე კი იყო შერონ სტოუნის ფოტო ფილმიდან "ძირითადი ინსტიქტი". მარია ზახაროვას ფეისბუქ პოსტი

ამ საკითხზე პესკოვმა აღნიშნა, რომ ზახაროვას პოსტი სწორად ვერ გაიგეს, თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი მალევე მოიბოდიშა და თქვა, რომ ეს პოსტი ამერიკის ქედმაღალი დამოკიდებულების გამო დაწერა და არ იყო მიმართული სერბი ლიდერის წინააღმდეგ.

პრეზიდენტი პუტინის მხრიდან ბოდიშის მოხდა არც თუ ისე მარტივი საკითხია და მას საზოგადოება ხშირადაც ვერ ისმენს, თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პუტინმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

"ნორდ-ოსტის" შემთხვევა

2002 წლის 26 ოქტომბერს, თეატრ "ნორდ - ოსტში" შეჭრილი ჩეჩენი ტერორისტების გამო, თეატრის შტურმით აღების შემდეგ, პრეზიდენტმა გარდაცვლილების ოჯახის წევრებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

მაშინ ჩეჩნებმა იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანეს. შტურმის დროს გამოიყენეს გაზიც. ოფიციალური მონაცემებით 130 ადამიანი დაიღუპა.

"პირველ რიგში მინდა მივმართო დაღუპულთა ახლობლებს. ჩვენ ყველას გადარჩენა ვერ შევძელით. გვაპატიეთ. გარდაცვლილთა ხსოვნამ ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს" - განაცხადა მაშინ ვლადიმერ პუტინმა.

ბოდიში ოლიმპიელებს

2018 წლის 31 იანვარს პუტინმა ბოდიში მოუხადა რუს ოლიმპიელებს, რომლებიც 2018 წლის ოლიმპიადაზე უნდა წასულიყვნენ. რუსეთი მაშინ 500-მდე სპორტსმენის გაგზავნას გეგმავდა, თუმცა დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სამხრეთ კორეაში ოლიმპიადაზე მხოლოდ 169 რუსი სპორტსმენი დაუშვეს.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თქვენ კი ყველაზე უკეთ, თუ რა რთულია გამარჯვების მოპოვება სპორტის თანამედროვე სახეობებში. რაოდენ დიდ შრომას საჭიროებს ყოველი მათგანი. ორმაგად რთულია შემთხვევა, როცა სპორტი და პოლიტიკური თუ სხვა სიტუაციები ერთანეთში ირევა... გვაპატიეთ, რადგან ჩვენ ვერ დაგიცავით მსგავსი თავდასხმებისგან" - განაცხადა პუტინმა.

მობოდიშება თევზკომბინატის თანამშრომლებთან

2016 წლის 14 აპრილს ვლადიმერ პუტინს პირდაპირი ეთერით ანახეს, როგორ მუშაობდნენ კურილიის კუნძულზე თევზკომბინატის თანამშრომლები, რომლებმაც შემდეგ ხელფასების გადაუხდელობის გამო გაფიცვა მოაწყვეს.

"სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აქ საშინელია, ხალხი მაწანწალებად გადაიქცა" - ამბობდა ერთ-ერთი ჩართვისას ჟურნალისტი. ხალხს უფულობის გამო კუნძულის დატოვებაც არ შეეძლო.

მაშინ პუტინმა გენპროკურორს ვითარების გარკვევა დაავალა: "იმ ხალხს, ვინც ახალა ჩვენი კორესპოდენტისა და ჩვენს წინაშე დგას, მინდა ბოდიში მოვუხადო. ყველაფერს გავაკეთებთ სიტუაციის გამოსასწორებლად" - განაცხადა პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინი; ანგელა მერკელი

ბოდიში მერკელთან

2007 წლის იანვარში, მაშინ როცა პრეზიდენტი პუტინი ანგელა მერკელს ხვდებოდა, მოლაპარაკებებისას პუტინის ლაბრადორმა კონიმ, მერკელი შეაშინა.

ამ შემთხვევიდან 9 წლის შემდეგ გერმანულ Bild-თან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ არ იცოდა მერკელს ძაღლების თუ ეშინოდა.

"ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მე პირიქით, მინდოდა მესიამოვნებინა, როცა მას ჩემი ძაღლი გავაცანი. მაშინ მას ბოდიშიც კი მოვუხადე"- განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა პუტინმა რუს მოქალაქეებს ბოდიში მისი კორტეჟის გამოც მოუხადა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი უდიდესი კორტეჟის გამო მოსკოვის ცენტრში მოძრაობა ხშირად იყო პარალიზებული, ამასთან დაკავშირებით კი 2012 წელს ტელეკომპანია "ენ-ტე-ვე"-ს (НТВ) პირდაპირ ეთერში მან მოიბოდიშა.

"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც არაკომფორტულ მდგომარეობაში ვაყენებთ, მაგრამ როგორმე ხომ უნდა ვიმუშაო" - აღნიშნა პუტინმა.

2012 წელს, როცა ის ქვეყნის პრემიერი გახლდათ, ფემინისტური მოძრაობა Pussy Riot-ის გამო მორწმუნეებს ბოდიში მოუხადა:

"თუ მათ ტაძრის წესრიგი დაარღვიეს, მაშინ ყველა მორწმუნეს და ტაძრის მსახურს ბოდიშს ვუხდი ამის გამო. იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

2011 წელს პუტინმა მწერლებსაც მოუხადა ბოდიში. მან განაცხადა, რომ დეტექტივების ავტორებს "მარტივად საკითხავი" ნამუშევრები ჰქონდათ. 2017 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრს 1 საათი ალოდინა და ამის გამოც მოიბოდიშა. პუტინმა ბოდიში მოიხადა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე დაგვიანების გამოც. შეხვედრა ჰამბურგში, G20 სამიტის ფორმატში შედგა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)