უფროსი დისგან განსხვავებით, მარგარეტი ხშირად არღვევდა სამეფო წესებს და სკანდალებში ეხვეოდა... - ვინ იყო ბრიტანეთის დედოფლის უმცროსი და? - კვირის პალიტრა

უფროსი დისგან განსხვავებით, მარგარეტი ხშირად არღვევდა სამეფო წესებს და სკანდალებში ეხვეოდა... - ვინ იყო ბრიტანეთის დედოფლის უმცროსი და?

დიდ ბრიტანეთში დედოფალი ელისაბედ II გამორჩეულად უყვართ, პატივს სცემენ და მასზე ცუდის მთქმელს თავიანთ მეგობრად არც კი აღიარებენ, თუმცა იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ელისაბედთან ერთად პრინცესა მარგარეტს ახსენებდეს, რომელიც ელისაბედის უმცროსი და და ოჯახის გამორჩეული წევრია. როგორც მაღალ საზოგადოებაში ამბობენ, სამეფო ოჯახის მეამბოხე პრინცესა რადიკალურად განსხვავდებოდა უფროსი დისგან და ეს დრამატული განსხვავება დებს შორის მათ ცხოვრებაზეც აისახა.

დედოფალი ელისაბედ II-ის და, პრინცესა მარგარეტი 1930 წლის 21 აგვისტოს დაიბადა, მაშინ ელისაბედი 4 წლის იყო. პრინცესას ბავშვობიდან გართობისა და მხიარულებისკენ მიუწევდა გული, რაც სამეფო ოჯახის წევრებს დიდად არ მოსწონდათ და ხშირად მარგარეტს შავ ცხვარს ან სამეფო ოჯახის ველურ ბავშვს ეძახდნენ ხოლმე. მარგარეტს ელისაბედი გამორჩეულად უყვარდა, ყველაფრის მიუხედავად პატივს სცემდა მონარქიას, თავისი დის კარგ და ცუდ საქციელს, მაგრამ ელისაბედის სიდინჯე პრინცესასთვის ძალიან უცხო იყო.

მარგარეტს ბავშვობიდან ერთი მთავარი იდეით ზრდიდნენ, ის ყოველთვის პრინცესა იქნებოდა და სამეფო ტახტი უფროს დას ერგებოდა. როდესაც ელისაბედი დედოფლის გზას შეუდგა, მან ისტორიის სწავლა დაიწყო, მარგარეტს დასთან ერთად გაკვეთილებზე დასწრება უნდოდა, თუმცა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა, რადგან ახალგაზრდა ქალბატონს მხოლოდ მუსიკა და ცეკვა აინტერესებდა. ელისაბედი და მარგარეტი

გოგონების მშობლებმა ვერ დამალეს ის ფაქტი, რომ ტახტზე მათი საყვარელი ქალიშვილი უნდა ასულიყო, მარგარეტი კი მხოლოდ პრინცესის წოდებას დასჯერდებოდა. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, სამეფო ოჯახი დიდ ბრიტანეთში კიდევ უფრო მეტად გახდა პოპულარული, პრინცესა ელისაბედის სიყვარულის ისტორია და ქორწილი კი წლის მოვლენად იქცა. მომავალი დედოფალი ედინბურგის ჰერცოგს პრინც ფილიპს გაჰყვა ცოლად და ამ გადაწყვეტილების გამო ხალხმა ის კონსერვატიულ, სტაბილურ დედოფლად აღიარა.

იმ დროს, როდესაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ელისაბედი მოექცა, მარგარეტმა სამეფო წესების დარღვევა დაიწყო და საზღვრებს გასცდა. ბრიტანეთში მაღალი წრის წარმომადგენლები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტს არ ეწეოდნენ, პაპარაცებმა კი მარგარეტი სიგარეტით ხელში გამოიჭირეს. პრინცესას ამაზე რეაქცია არ ჰქონია.

მარგარეტი გემოვნებიანად იცმევდა, მისი სტილი კი მილიონობით ბრიტანელი ქალისთვის სამაგალითო იყო, ერთხელ მოგზაურობაში მყოფი პრინცესას ოთახი გულშემატკივრებმა მხოლოდ იმიტომ გატეხეს, რომ ენახათ რა ფერის ფრჩხილის ლაქს ხმარობდა ის. მარგარეტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მისი და პიტერ ტაუსენდის, ომიდან დაბრუნებული გმირის რომანი გახდა ცნობილი.

1953 წელს, როდესაც ელისაბედს დედოფლის სტატუსი მიენიჭა, ცერემონიაზე პიტერისა და მარგარეტის სიყვარული ყველა იქ მყოფმა შენიშნა. ტაუსენდი განქორწინებული იყო, ხალხს კი სურდა მარგარეტი მისთვის საყვარელ მამაკაცთან დარჩენილიყო. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მარგარეტისა და პიტერის ურთიერთობა გადაცემაში ასე აღწერა:

"რა სასიამოვნოა, მოსიყვარულე ახალგაზრდა ქალბატონი საბოლოოდ ცოლად მიყვება ომიდან დაბრუნებულ გმირს".

თუმცა მათი სიყვარული არც ისე დიდხანს გაგრძელდა, ელისაბედი დის გათხოვების წინააღმდეგი იყო, პიტერი მანამდე ცოლს გაშორებული იყო, ამ და სხვა მიზეზების გამო, მარგარეტმა უარი თქვა ქორწილზე და თავიანთ სიყვარულს წერტილი დაუსვა. ძველი, უსამართლო წესების გამო მარგარეტი აღარ გათხოვდა.

პრინცესა მარგარეტს თავისი წოდებისთვის შეუსაბამო საქციელში ხშრად სდებდნენ ბრალს, როდესაც ის 25 წლის გახდა, ღამე გართობას მოუმატა და მხოლოდ დილით, უთენია ბრუნდებოდა სახლში. ამას გარდა, ის ხშირად არღვევდა სამეფო წესებს, არ საუბრობდა დედისა ან დის მსგავსად, თავს კი იმით იმართლებდა, რომ დედამისი და ელისაბედი დედოფლები იყვნენ, ის კი უბრალოდ პრინცესა. ერთ-ერთ წვეულებაზე სტუმარმა მარგარეტს ცეკვა შესთავაზა, პრინცესამ კი მიუგო, "ვიცეკვებ, მაგრამ თქვენთან არა", ეს ფრაზა საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

მალე მარგარეტის ცხოვრებაში მეორედ გამოჩნდა სიყვარული და ის პრინც ანტონი ამსტრონგს ცოლადაც გაჰყვა. პრინცესამ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ქორწინების პირველივე წელს მარგარეტსა და ანტონის გოგო შეეძინათ, როდესაც სარა 8 კვირის გახდა, მარგარეტმა ბავშვი ძიძას დაუტოვა და ანტონთან ერთად კარიბის კუნძულებზე წავიდა, ამან კიდევ ერთხელ გაანაწყენა სამეფო ოჯახის გულშემატკივრები.

ეს მცირედი იყო, რასაც მარგარეტის ცხოვრებიდან საზოგოდოება იგებდა, პრინცესამ და ანტონიმ ქორწინებიდან რამდენიმე წელში ურთიერთობა სხვა ადამიანებთან დაიწყეს, მარგარეტს 2 საყვარელი ჰყავდა და არც ანტონი იყო პარტნიორის გარეშე, მათი ქორწინება ფიქტიური გახდა. ფორმალური ოჯახი, რა თქმა უნდა, მედიას არ გამოჰპარვია და 1978 წელს, მარგარეტმა კიდევ ერთი წესი დაარღვია, ის ანტონის გაშორდა, სამეფო ოჯახის ისტორიაში ბოლოს მსგავსი ფაქტი 400 წლის წინ მოხდა.

ამის შემდეგ, მაგარეტის ცხოვრებაში კიდევ რამდენიმე ადამიანი ფიგურირებდა, თუმცა სამეფო ოჯახში მეორე ქორწილი აღარ ყოფილა. ამხელა ტიტულის, ქონებისა და დიდი ოჯახის მიუხედავად მარგარეტი თავს ხშირად მარტოსულად გრძნობდა. შეიძლება პრინცესა დედოფალს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა, მაგრამ მისთვის ელისაბედი ყველაზე მნიშნველოვანი ადამიანი იყო და მარგარეტის გარდაცვალებამდე დები წლებმა კიდევ უფრო დაახლოვა. 2002 წლის 15 თებერვალს, გულის პრობლემების გამო, 71 წლის ასაკში მარგარეტი გარდაიცვალა. ისტორიაში ფაქტი, ფაქტად დარჩა, ისინი იყვნენ დები - ერთი დედოფალი მეორე კი პრინცესა.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)