"არ ვიცოდი, ბრძოლა თუ მოგვიწევდა" - გადასხეს თუ არა ყარაბაღში სირიელი მებრძოლები და რას ჰყვებიან ისინი? - კვირის პალიტრა

"არ ვიცოდი, ბრძოლა თუ მოგვიწევდა" - გადასხეს თუ არა ყარაბაღში სირიელი მებრძოლები და რას ჰყვებიან ისინი?

ამ ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა "გარდიანმა" გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც საუბარი იყო თურქეთის გეგმებზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა წერდა, თურქეთი აპირებს სირიიდან აზერბაიჯანში ანტიასადური ძალების გადაყვანა აზერბაიჯანის არმიის დასახმარებლად. (იხილეთ სრულად)

30 სექტემბერს კი BBC-ს არაბულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანში, სანამ ყარაბაღში შეტაკება დაიწყებოდა, თურქეთიდან რამდენიმე ასეული სირიელი დაქირავებული მებრძოლი წაიყვანეს. ისინი BBC-ს არაბულ გამოცემასთან დანაკარგებზე საუბრობენ.

სირიელი აბდულა, რომლის სახელიც მისი თხოვნით შეცვლილია, ჟურნალისტს უყვება, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ტერიტორიას თურქეთი აკონტროლებს, თურქული სპეცსამსახურებისა და "სირიის ეროვნული არმიის" ხელმძღვანელობით, 17-დან 30 წლამდე ასეულობით მამაკაცი "გადაიბირეს", დაპირისპირების დაწყებამდე 4 დღით ადრე ისინი თვითმფრინავებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და სომხეთის არმიის სიახლოვეს დააბინავეს.

"გასულ ოთხშაბათს საიფ აბუ ბაქარმა, რომელიც "ჰამზას დივიზიის" მეთაურია, შემოგვთავაზა, აზერბაიჯანში წავსულიყავით, დაგვეცვა საზღვარი და თვეში გასამრჯელოს სახით 2000 დოლარს მივიღებდით", - მიწერა აბდულამ ბი-ბი-სის ჟურნალისტს.

"არ ვიცოდი ბრძოლა თუ მოგვიწევდა" - ამტკიცებს სირიელი მებრძოლი.

მისი თქმით, უკვე 27 სექტემბერს ის სხვა მებრძოლებთან ერთად წინა ხაზზე საომრად გაუშვეს, შედეგად კი 4 სირიელი დაიღუპა. როგორც აბდულა ამტკიცებს, ბაზაზე, სადაც ისინი განათავსეს, მან ათამდე გარდაცვლილი სირიელი და 70-მდე დაჭრილი მებრძოლი დაინახა.

როგორც ის ამბობს, აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩართული სირიელები ანტიასადურ შეტაკებებში გამოცდილი მებრძოლები არ არიან, ისინი უბრალო მოქალაქეები არიან. პირველი დანაკარგის შემდეგ, მათ სახლში დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა მებრძოლებს ციხით დაემუქრნენ და უკან ვერ ბრუნდებიან.

ბი-ბი-სი-ს თურქი კორესპონდენტის თქმით, ქალაქ ჯერაბლუსში, აზერბაიჯანში წასასვლელად 1000-მდე მოხალისე ჩაეწერა, მათ შორის არიან "ჰამზასა" და "სულთან მურადის" დივიზიის მებრძოლები.

მათგან 250 მებრძოლი კი აზერბაიჯანში თურქეთის ქალაქ გაზიანტეპიდან სამხედრო ტრანსპორტითა და თვითმფრინავებით გადაიყვანეს.

"სირიის ეროვნული არმია", თურქეთი და აზერბაიჯანის მხარე ოფიციალურად უარყოფენ სირიელი დაქირავებული მებრძოლების ყარაბაღში გადაყვანას და ამ ინფორმაციას სომხეთის პროპაგანდას მიაწერენ.

"10 მილიონ მოსახლეზე ჩვენ 130 ათასი სამხედრო გვყავს, თუმცა ამ რიცხვის გაზრდა 300 ათასამდე შეგვიძლია", - განუცხადა ჟურნალისტს აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯავიდ ველიევმა. ვალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის მხარემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სირიაში იყვნენ და იბრძოდნენ, მათ ტერორიზმის ბრალდებთ ასამართლებენ.

"რაში სჭირდება აზერბაიჯანს სირიელი მებრძოლები, როცა ჩვენ, ჩვენი საზოგადოების დაცვას ვცდილობთ იმ ხალხისგან, ვინც სირიაში წავიდა საომრად?" - განაცხადა ვალიევმა.

სირიელ მებრძოლებზე ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე ევროპულმა გამოცემამაც. ყველა პუბლიკაცია თავად დაქირვებულთა ნაამბობზეა დაფუძნებული. სხვა ობიექტური წყარო, რომელიც ამ ამბავს დაადასრტურებს, ჯერ არ არსებობს.

ფრანგულმა გამოცემა L'Expres-მა თითქმის იგივე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რაც ბი-ბი-სი-ს თურქ კორესპონდენტს მიაწოდეს. სტატიაში ნათქვამია, რომ სირიიდან აზერბაიჯანში 1000-მდე დაქირავებული მებრძოლი გადაიყვანეს.

ბრიტანული გამოცემა Guardian-ი სამ სირიელ მებრძოლს ესაუბრა, რომლებიც აზერბაიჯანში "გადაიბირეს". გამოცემასთან მოსაუბრე ძმებმა ჟურნალისტს უამბეს, რომ სირიის ქალაქ აფრინში, რომელიც თურქეთის მიერ კონტროლირდებადი ტერიტორიაა, მათ ერთ-ერთი სამხედრო მეთაური დაუკავშირდა და აზერბაიჯანში დაცვის კომპანიაში სამსახური შესთავაზა. მათ უთხრეს, რომ არ იბრძოლებდნენ და უბრალოდ, ნავთობისა და გაზის საბადო ობიექტებს დაიცავდნენ, თვეში კი ხელფასის სახით 1300 დოლარს მიიღებდნენ. ეს თანხა ათჯერ აღემატება იმ ხელფასს, რომელსაც სირიაში სამხედრო სამსახურისას იღებენ.

ამ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი სვამს კითხვას, რაში სჭირდება აზერბაიჯანს სირიელი დაქირავებული მებრძოლები, როცა თავად აზერბაიჯანს კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯარი ჰყავს?

აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარე სომხეთს, კონფლიქტში სირიიდან წაყვანილი ქურთი მებრძოლების ჩართვაში ადანაშაულებს.

"სირიის ეროვნული არმიის" მებრძოლის, მუჰამედ მაჰმუდ ალ-სურანის თქმით, რომელიც იდლიბში იბრძვის, მისი 200-მდე თანამებრძოლი გადაიბირეს და ისინი ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან. თავად ალ-სურანმა ვინაობა არ დაფარა.

"თურქები არავის აიძულებდნენ. აქ ხალხი შიმშილის ზღვარს მიღმაა. ოჯახებიდან ახალგაზრდა ბიჭებსა და სხვა მამაკაცებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ,  მათი "გადაბირება" ხდება. მათ განუცხადეს, რომ როგორც სხვადასხვა ობიექტის დაცვა, ასევე წინა ხაზზე ბრძოლაც მოუწევდათ" - უყვება ალ-სურანი Times-ს.

თავად ალ-სურანმა უარი განაცხადა აზერბაიჯანელების მხარეს ბრძოლაზე, რადგან ისინი შიიტები არიან, ხოლო შიიტებს თავად ებრძვის სირიის ტერიტორიაზე.

სირიის საკითხებში ამერიკელმა ექსპერტმა ელისაბედ ცურკოვმა რამდენიმე გამოცემასთან განაცხადა, რომ იცნობს ზოგიერთ სირიელს, რომელიც ყარაბაღში ბრძოლისთვის გადაიბირეს. ის ამტკიცებს, რომ  მებრძოლები სირიიდან გადაყვანეს, თუმცა ჩაიყვანეს თუ არა ისინი ზუსტად აზერბაიჯანში, ამ ინფრომაციას არ ფლობს. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)