"პუტინთან მოსახვედრად ყველა 2 კვირიან კარანტინს გადის" - როგორ იცავენ კორონავირუსისგან რუსეთის პრეზიდენტს? - კვირის პალიტრა

"პუტინთან მოსახვედრად ყველა 2 კვირიან კარანტინს გადის" - როგორ იცავენ კორონავირუსისგან რუსეთის პრეზიდენტს?

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საზოგადოების წინაშე ისევ გამოჩნდა. პრეზიდენტმა კამერების წინ, თავის რეზიდენციაში და კრემლშიც მაღალი რანგის არა ერთი სტუმარი მიიღო, ჩაერთო უამრავ ღონისძიებაშიც. მიუხედავად ამისა, Covid-19-თან ბრძოლისთვის მარტში შემოღებული მკაცრი რეგულაციები, ისევ ზედმიწევნით სრულდება. პრეზიდენტთან შეზღუდული სტუმრობა, სტუმართა თვითიზოლაცია და სხვა რეგულაციები, როგორც ამბობენ, სავარაუდოდ მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება.

სტუმრების ორკვირიან თვითიზოლაციაზე ინფორმაცია გამოცემა "პროექტმაც" (Проект) გაავრცელა. აგვისტოსა და სექტემბრის თვეში პუტინი 22 ღონისძიებას დაესწრო, ის სტუმრებს პირადად ხვდებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ ბელარუსისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები, ასევე "როსნეფტისა" და "გაზპრომის" ხელმძღვანელები.

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პუტინი კარანტინამდელ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება, თუმცა ეს ასე არ არის. შეხვედრების უმეტესობა, რომელსაც ის ატარებს, დახურული ფორმატისაა, ხოლო ის შეხვედრები, რომელსაც პირადად ატარებს, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით იმართება. "ბი-ბი-სი"-ს რუსულ სამსახურს ამ თემებზე ის პირები ესაუბრნენ, რომლებიც თავად ესწრებოდნენ შეხვედრებს, ან სტუმრების ახლობლები არიან, მათ ანონიმურობა მოითხოვეს.

"თვითიზოლაციიდან გარუჯულები ბრუნდებიან"

როგორც ცნობილია, ვლადიმირ პუტინი დროის უმეტეს ნაწილს ნოვო-ოგორევოს რეზიდენციაში ატარებს, შედარებით ნაკლებ დროს კი ორ სხვა რეზიდენციაში. როგორც გამოცემასთან რესპონდენტები ანონიმურად ამტკიცებენ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლობელი თუ მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი ხარ, პუტინთან მოსახვედრად, ყველა 2 კვირიან კარანტინს გადის.

საიზოლაციო პერიოდს ისინი სპეციალურ სანატორიუმში გადიან, იქ სადაც განსაკუთრებული გარემოა შექმნილი. ერთ-ერთი ასეთი სანატორიუმი ქალაქ სოჭში მდებარეობს.

"ყველას, ვისაც სოჭის სანატორიუმში გზავნიან, ერთი რამ აერთიანებთ, ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, ისინი გარუჯულები ბრუნდებიან" - ამბობს "ბი-ბი-სი"-ს წყარო.

კრემლში მკაცრი სამედიცინო კონტროლი მას შემდეგ შემოიღეს, რაც ნათელი გახდა, რომ მთელს მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ნებისმიერ ადამიანს ემუქრება.

კრემლში შემოღებული რეგულაციების შემდეგ, თვითიზოლაციის გარდა, ყველას ტესტირებას უტარებენ. მათ შორის, სახელმწიფო დუმის წევრებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

"სამდღიანი სწრაფი ტესტის ჩატარების გარეშე, პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზეც კი ვერ მოხვდებით". კარანტინის მიუხედავად, პრეზიდენტის გარემოცვა საკმაოდ შემცირებულია. მარტის შემდეგ, რეზიდენციაში მხოლოდ ის თანამშრომლები არიან, რომელთა საქმიანობაც აუცილებელია, რათა პუტინმა მუშაობა არ შეწყვიტოს.

"პრეზიდენტის ირგვლივ მხოლოდ ადიუტანტები არიან, რომლებიც მის დღის რეჟიმს აკონტროლებენ. ისინი რეზიდენციაში ცხოვრობენ. რეზიდენციაში, კარანტინში ცხოვრობენ დაცვის წევრებიც. ისინი მორიგეობით იცავენ პრეზიდენტს. რეზიდენციის ტერიტორიაზე ცხოვრობს მფრინავიც და სხვა "საჭირო თანამშრომლები".

დმიტრი პესკოვიც კი, რომელიც პუტინის პრესსპიკერია არ შედიოდა იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც ნოვო-ოგორევოს რეზიდენციაში გაზაფხულსა და ზაფხულში იმყოფებოდა.

ერთ-ერთი იმ პირის ახლობლის ინფორმაციით, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, ცნობილია, რომ კარანტინის წესები პერიოდულად იცვლება. თავდაპირველად კარანტინში მყოფთ ოთახის დატოვება ეკრძალებოდათ, დერეფანშიც ვერ გადიოდნენ და მათთვის საჭმელი ნომერში მიჰქონდათ. შემდეგ მათ ნომრის დატოვებისა და რეზიდენციის ტერიტორიაზე სეირნობის უფლებაც მისცეს.

ამბობენ იმასაც, რომ პუტინის გადამღები ჯგუფიც შეიცვალა. "იფიქრებდით, რომ ოპერატორმა პრეზიდენტის ჩართვამდე 5 წუთით ადრე გაასწორა კადრი. ვფიქრობ, მის ჩართვას პირადი ოპერატორ-ადიუტანტი იღებდა".

მას შემდეგ, რაც თავად პრეზიდენტმა და ადმინისტრაციის წევრებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია რთულდება, სავარაუდოდ პუტინი ისევ განაგრძობს მკაცრი რეჟიმის ქვეშ, თვითიზოლაციაში ცხოვრებას და ეს რეჟიმი, სავარაუდოდ, მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)