ბრწყინვალებიდან მოკრძალებამდე - როგორ გამოიყურება მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტების სასახლეები - კვირის პალიტრა

ბრწყინვალებიდან მოკრძალებამდე - როგორ გამოიყურება მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტების სასახლეები

ყოველ სახელმწიფოს ჰყავს მეთაური - იქნება ეს პრეზიდენტი, მეფე, დედოფალი, იმპერატორი თუ სულთანი. შესაბამისად, ყველას აქვს ოფიციალური რეზიდენცია - სადაც ისინი მუშაობენ და ზოგჯერ, ცხოვრობენ კიდეც.

გაგაცნობთ მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტების როგორც ყველაზე გრანდიოზულ, დიდებულ რეზიდენციებს (სასახლეებს), ასევე შედარებით მოკრძალებულ შენობებს. ალბათ, ისიც სათქმელია, რომ ზოგიერთი პრეზიდენტი უძლიერეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობს, მაგრამ მაინც მოკტძალებულადდ ცხოვრობს, ზოგი - პირიქით - სუსტი და ღარიბი ქვეყნის მეთაური მეფურ სასახლეს იშენებს... კიდევ ერთი მომენტი - ზოგიერთი პრეზიდენტის სასახლე ისტორიულ შენობას წარმოადგენს და თავისი შესანიშნავი არქიტექტურით, გარეგნული სილამაზით გამოირჩევა, ზოგი კი, ახლად აგებული სახით..

ფოტოგალერეა

"თეთრი სახლი" (აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია), ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ შენობას წარმოადგენს. მისი მშენებლობა 1792 წელს დაიწყო, 1800 წელს კი შენობაში აშშ-ის მეორე პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა დაიდო ბინა. მას თავდაპირველად "თეთრ სახლს" კი არა, "პრეზიდენტის სასახლეს", "პრეზიდენტის ვილას" ეძახდნენ. 1811 წლიდან ხმარებაში შედის სახელი "თეთრი პალატა", ხოლო 1901 წელს პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის სპეციალური ბრძანებით შენობას "თეთრი სახლი" ეწოდა. საერთოდ, აშშ-ის პრეზიდენტს მეორე ოფიციალური რეზიდენციაც აქვს - კემპ-დევიდში (მერილენდის შტატში).

"კრემლის სასახლე" (რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია) თავისი ცნობადობით და პოპულარულობით "თეთრ სახლს" არ ჩამოუვარდება და ქვეყნის მეთაურის მთავარ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. სხვათაშორის, მოსკოვის კრემლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. რუსეთის პრეზიდენტს კიდევ 4 რეზიდენცია აქვს - "ნოვო-ოგარიოვო" (მოსკოვთან ახლოს, ოდინცოვოს რაიონში), "ვალდაი" (ნოვგოროდის ოლქში), "ბოჩაროვ რუჩეი" (სოჭში).

"ელისეის სასახლე" (საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენცია). პარიზში მდებარე ელისეის სასახლე აგებულია ფრანგული კლასიკური სტილით მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში, ერთ-ერთი გრაფისათვის, რომელიც შემდეგ ლუდოვიკო XV-მ შეიძინა ჟანა-ანტუანეტა მარკიზა დე პომპადურისათვის. 1805 წლიდან ელისეის სასახლეში იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე ცხოვრობდა. შენობა საფრანგეთის პრეზიდენტების ოფიციალურ რეზიდენციას 1848 წლიდან წარმოადგენს. ელისეის სასახლე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

"ბელვიუ" (გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენცია). ბერლინში მდინარე შპრეეს პირად მდებარე სასახლე გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენცია 1994 წელს გახდა. შენობა აგებულია 1785 წელს არქიტექტორ მიქაელ ბოუმანის პროექტით - პრინც ავგუსტ ფერდინანდის საზაფხულო რეზიდენციად. შენობა ნეოკლასიკური არქიტექტურის დიდებულ ნიმუშს წარმოადგენს. მის კედლებში გერმანიის ისტორიისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, მაგალითად, კაიზერ ვილჰელმ IV-ის კორონაცია. სხვათა შორის, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელსაც ნომინალური უფლებები აქვს, ასეთ ძვირფას სასახლეში ცხოვრობს, კანცლერი ანგელა მერკელი კი, რომელსაც პრეზიდენტზე ბევრად უფრო მეტადაა უფლებამოსილი, ჩვეულებრივ ბინაში აღამებს და ათენებს. ბელვიუს სასახლეში ტურისტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის შესვლა აკრძალულია.

კვირინალეს სასახლე (იტალიის პრეზიდენტის რეზიდენცია). შენობა, რომელიც თავდაპირველად რომის პაპის გრიგოლ მე-13-ის რეზიდენცია იყო, რომის ყველაზე მაღალ გორაკზეა აგებული, მისი ფართობი 110 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. კვირინალეს სასახლე თავისი მოცულობით პრეზიდენტების რეზიდენციებს შორის მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს. 1583 წელს აგებულ შენობას თავის კედლებში რომის 30 პაპი უნახავს, იტალიის 4 მეფე და 11 პრეზიდენტი. სხვათა შორის, ის ოთახი, რომელიც დღეს იტალიის პრეზიდენტის კაბინეტია, ადრე რომის პაპის საწოლი ოთახი იყო. პრეზიდენტი იქიდან მიმართავს იტალიელებს ტელევიზიით, ულოცავს ახალი წლის დადგომას და ა.შ.

ჰოფბურგის სასახლე (ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენცია). ეს უდიდესი სასახლის კომპლექსი ვენის ცენტრში მდებარეობს. მან თანამედროვე სახე ასი წლის წინ მიიღო, მანამდე კი თითქმის 800 წლის განმავლობაში განიცდიდა მიშენება-დაშენებას, რეკონსტრუქციას და სხვა ტრანსფორმაციას. სასახლეში ავსტრიის პრეზიდენტის გარდა, მთავრობაც მუშაობს და ღიაა ტურისტებისათვის და ჩვვეულებრივი მოქალაქეებისათვის.

სასახლეში დაცულია ცნობილი "ჰოფბურგის საგანძური", სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დაათვალიერონ ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხელისუფლების სიმბოლოები, რომელთა ისტორია ჯერ კიდევ რომის წმინდა იმპერიის დროიდან მოდის.

"პრაღის გრადი" (ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენცია). პრაღაში მდებარე ეს ციხე-დარბაზი მეათე საუკუნეში აიგო რომანულ-გოთური სტილის არქიტექტურით. მოგვიანებით, რეკონსტრუქციის დროს, აშენდა კომპლექსის ცალკეული შენობები ბაროკოს სტილით. იქ ცხოვრობდნენ მეეფეები და რომის იმპერიის მმართველები. თავის დროზე პრაღის გრადი ევროპაში ყველაზე დიდ ციხე-დარბაზს წარმოადგენდა. 1918 წელს შენობა ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის რეზიდენცია გახდა. სოციალიზმის წლებში მდიდრულად მოწყობილი შენობა ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის დახურული იყო, ხოლო როცა პრეზიდენტად ვაცლავ ჰაველი აირჩიეს, მან მოსახლეობას კარი გაუღო და ციხე-დარბაზის სიმდიდრე ყველას აჩვენა.

"პრეზიდენტუმალი" (ლიეტუვას პრეზიდენტის რეზიდენცია). ვილნიუსში მდებარე შენობის მშენებლობა მე-14 საუკუნეში დაიწყო, მისი რეკონსტრუქცია და მიშენებ-დაშენება პერიოდულად ხდებოდა. ჯერ ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო, შემდეგ რუსეთის იმპერიის ჩრდილო-დასავლეთის მხარის გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია. როცა ლიეტუვა და ვილნიუსი (ვილნო) პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა, გარკვეულ დროს შენობაში პოლონეთის მმართველი იოზეფ პილსუდსკიც ცხოვრობდა. საბჭოთა ოკუპაციის დროს შენობაში საბჭოთა არმიის ოფიცერთა სახლი განთავსდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მასში მცირე ხანს საფრანგეთის საელჩო იყო (ნაწილობრივ), 1997 წელს კი, რემონტის შემდეგ, სასახლე პრეზიდენტს გადაეცა.

"დამოუკიდებლობის სასახლე" (ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენცია). შენობა 2013 წელს აიგო და დაახლოებით 700 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მაგრამ ეს მხოლოდ კონსტრუქცია, მოპირკეთებისა და "შიგნეულის" ფასი კი დღემდე უცნობია. რეზიდენციის ავეჯზე და სხვადასხვა მოწყობილობებზე, სამზარეულოს ჭურჭელზე ლეგენდები დადის. სხვათა შორის, სადილის ჭურჭელი ოქროთი და პლატინითაა მოვარაყებული, რაზედაც დოკუმენტებიც არსებობს. ალექსანდრე ლუკაშენკოს სამუშაო რეზიდენციაც აქვს მინსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე, რომელიც ადრე ბელარუსის კომპარტიის ცეკას შენობა იყო, 1939 წელს აშენებული. სხვათაშორის, შენობის ავეჯითა და სხვა ატრიბუტებით მოწყობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა და კომპარტიის ცეკამ იქ შესვლა ვერ მოასწრო, ომი დაიწყო, ამიტომ მისი პირველი მობინადრეები ფაშისტთა საოკუპაციო ხელისუფლების პირველი პირები იყვნენ.

ბელარუსის პრეზიდენტს რამდენიმე დასასვენებელი რეზიდენციაც აქვს: "ოზიორნიი", "დროზდი", პოლესიე და ა.შ.

"ბანკოვაია" (უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენცია). დიდებული შენობა, რომელიც კიევის სხვა შენობებისაგან აშკარად გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, 1936-39 წლებშია აგებული. თავდაპირველად განზრახული იყო, რომ მასში კიევის სამხედრო ოლქის შტაბი განლაგდებოდა, მაგრამ კომუნისტებს არ დასცალდათ. 1941-43 წლებში შენობა გერმანიის (მესამე რაიხის) საოკუპაციო ხელისუფლებას ჰქონდა დაკავებული.

წითელი არმიის მიერ კიევის გათავისუფლების შემდეგ შენობა უკრაინის კომპარტიის ცენტრალურ კომეტეტს გადაეცა, 1992 წლიდან მასში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული.

"რესპუბლიკის სახლი" (სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენცია). შენობა აგებულია სომხური მოყვითალო-მოვარდისფრო ტუფით 1951 წელს, ცნობილი სომეხი არქიტექტორის მარკ გრიგორიანის პროექტით (ფართობი - 2720 კვ.მეტრი). დაგეგმილი იყო, რომ მასში სომხეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭო განთავსდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ობიექტი სომხეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს გადაეცა.

1987 წელს შენობა გადააკეთეს და მას ფართობი დაემატა (4470 კვ.მეტრამდე). 1992 წლიდან მასში ბინა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიდო. 2009-2010 წლებში დაემატა ადმინისტრაციული კორპუსი (ფართობი 2150 კვ.მეტრი). შენობა გარედან მოპირკეთდა მოყვითალო ფერის მქონე ტრავერტინით.

რეზიდენციის ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე განლაგებულია სტუმართა მისაღები დარბაზები, დანარჩენი ნაწილი კი ადმინისტრაციის მუშაობისთვისაა განკუთვნილი.

"ჰეიდარ ალიევის სასახლე" (აზერბაიჯანის პრეზიდენტის რეზიდენცია). ბაქოში, ბულბულ-ოღლის პროსპექტზე მდებარე შენობაში 2004 წლიდან პრეზიდენტიც მუშაობს, იქ ქვეყნის მეთაურის მისაღებიც არის, საკონცერტო დარბაზიც, სადაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საზეიმო და სხვა სახის ღონისძიებები ტარდება, მაგალითად, პრეზიდენტის ინაუგურაცია. შენობის საკონცერტო დარბაზი ყველაზე დიდია აზერბაიჯანში. 2007 წელს შენობას მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა: შეცვალეს კომუნიკაციები, ავეჯი, შიდა გაყვანილობა, მოწყობილობები, შენობა აღჭურვეს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

"ოღუზხანი" (თურქმენეთის პრეზიდენტის რეზიდენცია). შენდებოდა 2008-2011 წლებში ფრანგული კომპანიის მიერ, პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. სამსართულიანი, სიმაღლით 45-მეტრიანი სასახლის აგებაზე 250 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ფართობი - დაახლოებით 16 ათასი კვ.მ. შიგნით მოპირკეთებულია ძვირფასი თეთრი მარმარილოთი და ხის მასალით. იატაკზე დაგებულია 14 ხელით ნაქსოვი ხალიჩა 55 ათასი დოლარის ღირებულებით. სასახლეში არის "ოქროს დარბაზი", "სელჯუკების დარბაზი", "ბაირამის დარბაზი" და ა.შ. სახელწოდება წარმოდგება თურქმენების ლეგენდარული ბელადის - ოღუზ-ხანისგან.

"აკორდა" (ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია). შენობის ოფიციალური პრეზენტაცია 2004 წლის 24 დეკემბერს გაიმართა მაშინდელ ქალაქ ასტანაში (ამჟამად კი ქალაქ ნურსულთანი). მისი საერთო ფართობი 36720 კვადრატული მეტრია, სიმაღლე - 86 მეტრი. "აკორდა" თავის დროზე მსოფლიოს ერთ-ერთ ლამაზ შენობად აღიარეს. მისი სურათი ყაზახურ ფულის ერთეულზეც არის გამოსახული - 10000 ტენგის ბანკნოტზე. შენობა მოპირკეთებულია თეთრი იტალიური მარმარილოთი. შენობა მიწის ზემოთ ხუთსართულიანია, მიწის ქვეშ კი ოთხი სართულია განლაგებული.

შენობაში რამდენიმე დიდი დარბაზია: პირველ სართულზე - საზეიმო დარბაზი, პრეს-კონფერენციების დარბაზი. მეორეზე - აღმოსავლური დარბაზი (აგებულია იურტის სახით, მოპირკეთებულია მარმარილოთი და გრანიტი), მარმარილოს დარბაზი, ოქროს დარბაზი, ოვალური დარბაზი და სხვა.

"ლა მონედა" (ჩილეს პრეზიდენტის რეზიდენცია). შენობა აიგო 1784-1805 წლებში ესპანეთის კოლონიური ადმინისტრაციის მიერ. თავდაპირველას მასში ზარაფხანა იყო განთავსებული, 1845 წლიდან კი, რემონტის შემდეგ, პრეზიდენტისა და მთავრობის რეზიდენციად იქცა. 1958 წლიდან შენობა პრეზიდენტის საცხოვრებელ ადგილადაც იქცა.

1973 წლის 11 სექტემბერს, როცა ჩილეში სამხედრო პუტჩი მოხდა, სასახლეში პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე იმყოფებოდა. ამბოხებული გენერალის აუგუსტო პინოჩეტის ჯარებმა სასახლე დაბობმეს და ნაწილობრივ დაანგრიეს, დაიღუპა პრეზიდენტიც.

"ლა მონედა" 1981 წლისათვის აღადგინეს და მასში ბინა დიქტატორმა პინოჩეტმა დაიდო, სასახლეს ქვეშ ბუნკერიც გაუკეთა. 2003 წელს კი პრეზიდენტმა რიკარდო ლაგოსმა ტურისტებს სასახლის დათვალიერების ნება დართო.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა სიმონ კილაძემ