გოგონას მიმართ ნებისმიერი ყურადღების გამოჩენა ან ფლირტი მიუღებელია - რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ჩეჩნეთში? - კვირის პალიტრა

გოგონას მიმართ ნებისმიერი ყურადღების გამოჩენა ან ფლირტი მიუღებელია - რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ჩეჩნეთში?

ტუროპერატორები, რომლებიც მოქალაქეს სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტს უგეგმავენ, რუკაზე აღნიშნულ ღირშესანიშნაობებთან ერთად, აცნობენ ინფორმაციას, თუ რა შეიძლება ან არ შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნისას. ასეა რუსეთშიც, სადაც მაგალითად, 2014 წელს, ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათთვის, ვინც ბრაზილიაშ გამგზავრებას გეგმავდა, შექმნა სპეციალური ცნობარი.

მართალია კორონავირუსის პანდემიამ საზღვრები ჩაკეტა და ტურიზმის სფერო დროებით გააჩერა, თუმცა რუსეთში ტურისტულმა კომპანიებმა ახლახანს ჩეჩნეთში მოგზაურობის მსურველთათვის სპეციალური ცნობარი გამოუშვეს, სათაურით: "როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ უნდა შეიმოსონ ტურისტები რეგიონში ვიზიტისას". რეგიონის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცნობარი ერთობ საინტერესოა:

მისალმება

მისალმებისას გოგონასთვის ხელის ჩამორთმევა ან ჩახუტება მიუღებელია. შემოიფარგლეთ მხოლოდ სიტყვიერი მისალმებით. ჩეჩენი გოგონას მიმართ ნებისმიერი ყურადღების გამოჩენა ან ფლირტი მიუღებელია. თუ ტურისტები შეყვარებული წყვილია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათ თავი უნდა შეიკავონ კოცნისგან, ასევე ხელჩაკიდებული სეირნობისგან და ჩახუტებისგან - ჩეჩენთა მენტალიტეტში არ ჯდება ის ქმედება, როცა საყვარელი ადამიანის მიმართ საჯაროდ გამოხატავენ გრძნობებს.

ჩაცმულობა

ჩეჩნეთში დემოკრატიულად უდგებიან სხვადასხვა ჩაცმის სტილს. აქ ნახავთ ხალხს, რომელთაც ისლამის კანონების მიხედვით აცვიათ და ასევე თანამედროვედ, მოდურად შემოსილ ადამიანებს. თუმცა, ქალებისთვის არ არის რეკომენდირებული მოკლე ქვედაბოლოების, ღრმა დეკოლტეს, შორტებისა და მხრებმოშიშვლებული სამოსის ჩაცმა. თავსაბურავს ნების მიხედვით იყენებენ. ხოლო, რაც შეეხება შარვალს და ჯინსებს, მათი გამოყენება უმჯობესია მთაში მოგზაურობისას. პერანგებისა და მაისურების ჩაცმა ნებადართულია.

როგორ ვთქვათ უარი მავნე ჩვევებზე

აქ ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ ქსელურ მაღაზიებში იყიდება და მხოლოდ დროის გარკვეულ პერიოდში 08:00-დან 10:00-მდე. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, თუ მათი ეტიკეტი და ბოთლი დაფარულია. ტურისტებს ამის გამო ჯარიმას უწერენ და მათ ჯარიმა 15 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. ქალები ჩეჩნეთში არ ეწევიან. თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, მაშინ მოძებნეთ ადგილი, სადაც მოწევისას ვერავინ დაგინახავთ. მამაკაცებისთვის მოწევა ნებადართულია, მაგრამ თუ უფროსი ასაკის მამაკაცები ჩაივლიან, სიგარეტი ზურგს უკან უნდა დამალოთ. უმჯობესია, თუ ჩეჩნეთში ვიზიტისას უარს იტყვით მოწევაზე.

როგორ მოვიქცეთ:

• მეჩეთში

ცენტრალურ მეჩეთს, რომელიც ახმად კარიდოვის სახელობისაა, "ჩეჩნეთის გულს" ეძახიან. ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი და სასულიერო მოღვაწე გახლდათ. ახმად კარიდოვის სახელობის მეჩეთი აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში ყველაზე დიდი მეჩეთია. მეჩეთში შესვლისას ფეხსაცმელი უნდა გაიხადოთ და გარეთ სპეციალურ თაროზე დაალაგოთ. მამაკაცებს ეკრძალება შორტებით და მოკლე მკლავიანი მაისურებით შესვლა. ქალებმა კი სამოსში ხელები და ფეხები უნდა დამალონ. მათ თავსაბურავი უნდა ეკეთოთ. თუ შესაბამისი სამოსი არ გაქვთ, მას მეჩეთის შესასვლელში მოგცემენ. თუ მუსლიმანი არ ხართ, შეიკავეთ თავი მეჩეთში შესვლისგან, მაშინ როცა იქ ლოცვებს აღავლენენ. და თუ მაინც შეხვალთ, რამდენიმე წესი დაიცავით: ფოტო და ვიდეო გადაღებით ნუ შეუშლით ხელს მლოცველებს. მეჩეთში შესვლისას გაუთიშეთ ხმა ტელეფონს. ისაუბრეთ ჩუმად. მეჩეთის ტერიტორიაზე სიგარეტისა და ელექტრო სიგარეტის მოწევა დაუშვებელია.

• მთებში

მთებში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, აუცილებელია გიდად ადგილობრივი მოსახლე აიყვანოთ. აქ უამრავ ტურისტულ ადგილს სახელმწიფო ტურისტული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. თუ ტურისტულ ძეგლებს დააზიანებთ და სხვადასხვა წარწერას გაუკეთებთ, ეს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულია.

რესპუბლიკაში არ არის ღამის კლუბები, ბარები, დისკო კლუბები და კაზინო. ჩეჩნეთში ოჯახის კულტი უმაღლეს დონეზე დგას. ქუჩაში შეიძლება შემოგხვდეთ ახალგაზრდები, რომლებიც ეროვნულ ცეკვებსა და მათ შორის, ლეზგინკას ცეკვავენ.

დახმარება

თუ დახმარება დაგჭირდათ, შეგიძლიათ ნებისმიერ გამვლელს მიმართოთ. ჩეჩნები მამაცი და მეგობრული ხალხია, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან. (წყარო)

იხილეთ ასევე: "დღეს ყველასთვის ნათელია, რომ კრიტიკის გამო შეიძლება, უბრალოდ მოგკლან" - ვინ არიან "კადიროვის რეჟიმს" გაქცეული ბლოგერები?

(სპეციალურად საიტისთვის)