"ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ ოჯახის რომელიღაც წევრს დავკარგავდი" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ ოჯახის რომელიღაც წევრს დავკარგავდი"

ხშირად ამბობენ, ავღანეთში უკვე ცოდვილი ხარ ქალად რომ იბადებიო, ეს ნაწილობრივ მართლაც ასეა, რადგან იყო ქალი ავღანეთში ბევრს არაფერს ნიშნავს, ზოგ ოჯახში ქალს საკუთარი სახელის საჯაროდ თქმასაც უკრძალავენ, იყო ქალი ავღანეთში ნიშნავს, თავი გასწირო ქალობისთვის.

შუჰრა კოფის დედას, ფავზია კოფის, რომელიც ავღანეთის პარლამენტის წევრია, სახლის გზაზე მიმავალს ცეცხლი გაუხსნეს და საიკვდილოდ გაიმეტეს. შუჰრა და დედამისი მანქანით ქაბულში ბრუნდებოდენ, როდესაც სრულიად მოულოდნელად პარლამენტარს ესროლეს, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

"შენ გარეშე რა გავაკეთო, არ დამტოვო" - სთხოვდა შუჰრა დაჭრილ დედას.

"შეშინებული ვიყავი, რადგან მეგონა დედა სამუდამოდ დავკარგე, თუმცა თავი ხელში ავიყვანე და დედას დავეხმარე, მას მე ვჭირდებოდი" - იხსენებს შუჰრა კოფი.

დღეს, ფავზია კოფი ავღანეთში ერთ-ერთი წარმატებული ქალი პოლიტიკოსია, ის ქალთა უფლებებისთვისა და მშვიდობისთვის იბრძვის. თავისი კარიერის განმავლობაში ფავზიას მოკვლა ორჯერ სცადეს და ამას ორივეჯერ მისი ქალიშვილები შეესწრნენ. შუჰრა კოფი დედასთან ერთად

14 აგვისტოს შუჰრა და ფავზია ქაბულში ბრუნდებოდნენ, ისინი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს სტუმრობდნენ, ქაბულთან მისულებმა შენიშნეს, რომ მათ უკან 2 მანქანა მიყვებოდათ, უეცნაურათ, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს.

"თავდასხმამდე შავმა მანქანამ გადაგვისწრო და ჩვენმა მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა, შემდეგ უკნიდან სროლის ხმა გავიგეთ, დედას მხარეს ისროდნენ, ორი ადამიანი იყო, პირველმა ააცილა და მეორეს ნასროლი დედას მოხვდა. ვცდილობდით ტყვიები აგვერიდებინა, ისინი არ ჩერდებოდნენ. უკვე მარტივი იყო ამ თავდასხმის აღქმა, რადგან ერთხელ გამოვლილი გვქონდა იგივე. არ ვიცოდით ვინ გვესროდა, არაფერი ჩანდა" - ამბობს შუჰრა.

სროლის დასრულებიდან 40 წუთში შუჰრა და ფავზია საავადმყოფოში მივიდნენ, ფავზიას მკლავიდან ტყვია ამოიღეს და რამდენიმე კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ გაწერეს.

მსგავსი ინციდენტი ფავზიას 2010 წელსაც შეემთხვა, მაშინ უკვე პარლამენტის წევრი იყო და შუჰრასთან ერთად მანქანით ნანგარჰარის პროვინციაში მიდიოდა. იმ წელს ფავზია ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მოკავშირე იყო და როგორც ჩანს, მტრები მაშინ არც ისე ცოტა ჰყავდა. როდესაც მანქანა პროვინციას მიადგა, მათ თავს დაესხნენ.

"მაშინ 10 წლის ვიყავი, დედასა და დის შუაში ვიჯექი, იმ დღიდან მხოლოდ სროლის ხმა მახსოვს, ხმა არ ჩუმდებოდა"- იხსენებს შუჰრა.

ფავზია სროლის შემდეგ, პოლიციის ეკიპაჟმა მშვიდობიან ადგილას გადაიყვანა და საბედნიეროდ მარტივად გადაურჩა თალიბანის პირველ დაპირისპირებას. შუჰრა კოფი დედასთან და დასთან ერთად თავდასხმის შემდეგ, შიშების დაძლევა და ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარება მარტივი არ აღმოჩნდა. როგორც ფავზია, ასევე მისი შვილები ყოველთვის დიდი წეხის ქვეშ იზრდებოდნენ, შუჰრას ბაბუა პარლამენტის წერი იყო, ის ერთ-ერთი კონფლიქტის შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს. შუჰრას მამაც ხელთ ჩაუვარდათ თალიბანის წარმომადგენლებს, მათ უდანაშაულო კაცი დააპატიმრეს, გაუსაძლის პირობებში გოგონას მამას ტუბერკულოზი დაემართა და გარდაიცვალა. მაშინ შუჰრა პატარა იყო, ფავზიას ორი ქალიშვილი დარჩა აღსაზრდელი და თან პოლიტიკაში დიდი ნაბიჯებით წინ მიიწევდა.

"ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ ოჯახის რომელიღაც წევრს დავკარგავდი, ჩვეულებრივი, წყნარი ცხოვრების გამოცდილება არასდროს მქონია" - ამბობს შუჰრა.

თალიბანის მეორე თავდასხმის გახსენება გოგონას უჭირს: "ვიფიქრე, რომ დედას ვკარგავდი. ვუთხარი, გთხოვ თვალები არ დახუჭო, მელაპარაკე-მეთქი, ვცდილობდი გამომეფხიზლებინა, მკვლელებს არ ვუყურებდით, რომ დავენახეთ შეიძლება, მეორეჯერ ესროლათ. სიბნელე იყო და დედას ჭრილობას ვერ ვხედავდი, ვგრძნობდი მთელი ხელი სისხლიანი ჰქონდა".

ფავზია კოფი, ავღანეთში ხშირად ასოცირდებოდა იმ ქალებთან, ვინც მშვიდობისთვის, თავისი უფლებებისთვის იბრძვის და ვისი ხმაც საზოგადოებაში მათსავით იკარგება. "თავდასხმის შემდეგ დედა იმედგაცრუებული იყო, ფიქრობდა, რომ ხალხს ეხმარებოდა, ამ დროს კი მას მოსაკლავად იმეტებდნენ"- ამბობს შუჰრა.

ამ ყველაფერთან ერთად გაიზარდა შუჰრა, ის დედის თავდაუზოგავ შრომას ხედავდა და სურდა მასავით ებრძოლა საკუთარი და სხვა ქალების ბედნიერებისთვის. ახლა შუჰრა პოლიტიკის მეცნიერებებზე სწავლობს ქაბულში, ამერიკის უნივერსიტეტში და პოლიტიკოსობას აპირებს.

"ყოველთვის მინდოდა პოლიტიკაში ჩავრთულიყავი, დედაჩემის კვალს მივყვები, ის ჩემთვის სამაგალითო ადამიანია. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და ამას შევძლებთ" - ამბობს შუჰრა კოფი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)