"ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გასაღები რუსეთს არ აქვს" - კვირის პალიტრა

"ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გასაღები რუსეთს არ აქვს"

რას ამბობს გერმანელი ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის პოლიტიკური ანალიტიკოსი რეინჰარდ ფეზერი აღნიშნულ მედიასთან მთიან ყარაბაღში განვითარებულ საომარ მოვლენებზე, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების როლზე საუბრობს. "ამ კონფლიქტში მოსკოვმა გავლენა დაკარგა, ახლა კი არ შეუძლია ეს ცეცხლი ჩააქროს", - ამბობს გერმანელი ანალიტიკოსი. გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

"ჯერ კიდევ 26 წლის წინ, პირველი კონფლიქტის დროს, რუსეთის დახმარებით შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტა. ამ რეგიონში იარაღის გასროლის ხმა ბოლომდე მაინც არ გაჩერებულა, თუმცა მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დახმარებით საქმე ომამდე არ მიდიოდა. ამჯერად კი რეგიონში საომარი მოქმედებები 1 კვირის წინ განახლდა. ახლა აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცები ერთმანეთს სასტიკად ებრძვიან და ამ ბრძოლაში სხვადასხვა იარაღს იყენებენ. სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს იმ რეგიონის გამო, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სომეხია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში მოექცა, ხოლო პირველი ომის შემდეგ, ყარაბაღზე კონტროლი სომხეთმა მოიპოვა.

როგორც გერმანელი ანალიტიკოსი ამბობს, ეს რეგიონი (მთიანი ყარაბაღი), რომელიც ეკონომიკურად არც თუ ისე მნიშვნელოვანია, ამ დაპირისპირების გამო პოლიტიკურ პრობლემად წარმოჩინდება და აქ შექმნილი პრობლემა გასცდება სამხრეთ კავკასიის ფარგლებს.

რუსეთი აღარ არის მთავარი მოთამაშე?

"აქამდე რუსეთი ამ კონფლიქტის გადაწყვეტის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ. რუსეთი არ იყო დაინტერესებული  კონფლიქტის დარეგულირებაში, ის დაპირისპირებას, რეგიონში პოზოციების გასამყარებლად იყენებდა. სომხეთისთვის, რომელიც ორი მთავარი მოწინააღმდეგის, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორისაა მოქცეული, რუსეთის დახმარება უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. კრემლი ამას ხშირად ახსენებდა სომხეთის მხარეს, თუმცა ამავე დროს აზერბაიჯანს იარაღს აწვდიდა.

ეს ვითარება საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. მიუხედავად ამისა, რუსეთს ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ რეგიონში კონფლიქტს ხელოვნურად ქმნიდა, ისე, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდებ, სხვა ეთნიკური კონფლიქტების შემთხვევაში. თუ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების გასაღები, ის არ აქვს რუსეთის მხარეს, გასაღები ორ დაპირისპირებულ მხარეს აქვს. კონფლიქტის სათავეები ისტორიაშია".

"ისტორიული გამოცდილება ახლაც დიდ როლს თამაშობს. ამ ომის ჭეშმარიტი მიზანი - არა ყარაბაღი, არამედ 1915 წელს დაწყებული სომხების გენოციდია", - განაცხადა 3 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ანალიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საკმაოდ მკაცრი განცხადებები კეთდება, ფაშინიანის აზრი საეჭვოა.

კონფლიქტში ანკარის მონაწილეობა

ანკარის მხარდაჭერამ ფაქტობრივად, გადამწყვეტი როლი ითამაშა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გაჟღერებული მუქარა, რომ ბრძოლით მოიპოვებდა მთიან ყარაბაღს, აღსრულებულიყო.

1990-იანი წლებში, სომხეთის მხარემ სამხედრო ბუფერული ზონების სახით ყარაბაღის მიმდებარე რეგონები დაიკავა, ტერიტორიიდან განდევნეს აზერბაიჯანელი მოსახლეები, თითქმის სამი ათეული წელია, მათი დაბრუნება მშობლიურ მხარეში ვერც საერთაშორისო ჩარევით მოხერხდა.

მას შემდეგ, რაც თურქეთმა აზერბაიჯანს ღიად დაუჭირა მხარი, რუსეთმა დაკარგა შესაძლებლობა ორივ მხარეზე მოეხდინა გავლენა. რატომ უჭერს მხარს ესკალაციას ერდოღანი, ჯერ კიდევ უცნობია. შესაძლოა, ამ ქმედებით ის ცდილობს საზოგადოების ყურადღება ერთი პრობლემიდან მეორეზე გადაიტანოს. მაგრამ როგორც ანალიტიკოსი წერს, არსებობს საშიშროება, რომ სირიისა და ლიბიის შემდეგ, თურქეთი მესამე ფრონტს რუსეთის მხარესთან წამოიწყებს.

ამ დრომდე რუსეთს სომხეთისთვის მხარი ღიად არ დაუჭერია. რუსეთის ურთიერთობები სომხეთის მთავრობასთან, რომელიც ხელისუფლებაში 2 წლის წინ მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვიდა, საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ, თუ სომხეთი რეალურად გამოუვალ ვითარებაში აღმოჩნდება, რუსეთი, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს (გიუმრიში), იძულებული იქნება არჩევანი გააკეთოს: ან დაუჭიროს მხარი სომხეთს, ან აღმოჩნდეს სუსტი მოკავშირე.

როგორც გერმანელი პოლიტიკური მიმომხილველი რეინჰარდ ფეზერი ამბობს, თეორიულად არსებობს მესამე ძალაც - შეერთებული შტატები, რომელსაც შეუძლია რეგიონში არსებული კონფლიქტი დაარეგულიროს. მიუხედავად ორ ქვეყანას შორის უამრავი უთანხმოებისა, ბოლო წლებში სწორედ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთთანამშრომლობით მოხდა ყარაბაღში ესკალაციის შეჩერება", - ნათქვამია პუბლიკაციაში. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)