"მისალმებისას დაცვის წევრებს გაუღიმა, ამ დროს ერთ-ერთმა რევოლვერი ამოიღო და ქალს სამჯერ ესროლა" - მსოფლიოს სახელმწიფო ლიდერების გახმაურებული მკვლელობები - კვირის პალიტრა

"მისალმებისას დაცვის წევრებს გაუღიმა, ამ დროს ერთ-ერთმა რევოლვერი ამოიღო და ქალს სამჯერ ესროლა" - მსოფლიოს სახელმწიფო ლიდერების გახმაურებული მკვლელობები

უძველესი დროიდან სახელმწიფოს პირველი პირები ყოველთვის იყვნენ გადატრიალებისა თუ შეთქმულების საშიშროების წინაშე. ისტორიას უამრავი მონარქი ახსოვს, რომელიც წამებით მოკლეს. არც XX საუკუნეში შეცვლილა ვითარება, როცა განსაკუთრებულად სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა სახელმწიფოთა კონსტიტუციურ მონარქიასა და რესპუბლიკურ წყობაზე გადასვლა. ამჯერად მეფეებთან და დედოფლებთან ერთად საფრთხის წინაშე პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები დადგნენ.

გთავაზობთ სახელმწიფო ლიდერების ყველაზე გახმაურებულ მკვლელობებს, რომლებიც XX საუკუნეში მოხდა.

აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი

უილიამ მაკ-კინლი აშშ-ის პრეზიდენტად 1896 წელს აირჩიეს. ის რიგით 25-ე პრეზიდენტი გახლდათ. როგორც ამბობენ, რესპუბლიკელი პრეზიდენტის ქვეყნის სათავეში ყოფნისას პროტექციონიზმი და იპერიალიზმი აყვავდა. 1898 წელს, მაშინ, როცა აშშ-მა ესპანეთთან სამხედრო კონფლიქტში გაიმარჯვა, მან კუბაზე მოიპოვა გავლენა, შემდეგ კი ჰავაიზე, პუერტო-რიკოსა და ფილიპინებზე.

საშინაო პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიღწეული წინსვლების გამო, მაკ-კინლი ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა. 1900 წელს ის მეორე ვადით მოქალაქეებმა პრეზიდენტად ისევ აირჩიეს.

1901 წელს 5 სექტემბერს, პრეზიდენტი ბუფალოში მეუღლესთან ერთად გაემგზავრა, რათა ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა. 6 სექტემბერს ის სახალხო ზეიმშიც მონაწილეობდა, ყველა ცდილობდა პრეზიდენტთან ახლოს მისვლას და ხელის ჩამორთმევას, სწორედ ამ დროს მას ხელშეხვეული ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა. როცა მამაკაცმა პრეზიდენტის ხელის ჩამოსართმევად ხელი აწია, გაისმა გასროლის ხმაც. მაკ-კინლი მძიმედ დაჭრეს.

დამნაშავე მაშინვე დააკავეს. ის უნგრული წარმომავლობის ანარქისტი გახლდათ. დაკავებულ ლეონ ჩოლგოშს იარაღი გადახვეულ ხელში ჰქონდა ჩამალული, რაც პრეზიდენტის დაცვამ ვერ შეამჩნია. გასროლილი ორი ტყვიიდან ერთ-ერთმა მუცელში სასიცოცხლო ორგანოები დააზიანა. თავდაპირველად ის უკეთ გახდა, თუმცა 12 სექტემბერს მისი მდგომარეობა გაუარესდა. პრეზიდენტს სისხლი მოეწამლა და 1901 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. დამნაშავეს ელექტრო სკამით სიკვდილი მიუსაჯეს. ის ფიქრობდა, რომ მაკ-კინლი ტირანი იყო, რომლისგანაც სამყარო უნდა გათავისუფლებულიყო.

საფრანგეთის პრეზიდენტი პოლ დუმერი

1931 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი პოლ დუმერი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა. ის ქვეყნის მმართველი 74 წლის ასაკში გახდა და ამით საფრანგეთის ყველაზე ხანში შესულ პრეზიდენტად ითვლება.

1932 წლის 6 მაისს პრეზიდენტმა პარიზში წიგნების საქველმოქმედო ბაზრობა პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გახსნა. ამ ომში მან 4 შვილი დაკარგა. რუსმა ემიგრანტმა პაველ გორგულოვმა მოახერხა და ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის აღმოჩნდა, უეცრად გასროლის ხმა გაისმა და პრეზიდენტს 2 ტყვია მოხვდა. ოპერაციისას პრეზიდენტი გონს მოვიდა და იკითხა რა დაემართა, მას უთხრეს რომ ავარიში მოხვდა. პრეზიდენტი გამთენიისას, 7 მაისს გარდაიცვალა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილზე ირგვლივ მყოფებმა სცემეს და სამართალდამცავებმა მაშინვე დააკავეს. ჩხრეკისას მას პოლიტიკური დეკლარაცია აღმოუჩინეს, სათაურით: "რუსი ფაშისტების პარტიის უმაღლესი წარმომადგენლის, დოქტორ პაველ გორგულოვის მემუარები, რომელმაც რესპუბლიკის პრეზიდენტი მოკლა". დაკავებისას ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ის შეურაცხადი იყო, თუმცა ექიმები საპირისპიროს ამტკიცებდნენ. გორგულოვი 1932 წელს სიკვდილით დასაჯეს.

იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I მეფე ალექსანდრე I პირველი მსოფლიო ომის დროს სერბეთის არმიის ხელმძღვანელი გახლდათ. ის სამეფო ტახტზე 1921 წელს ავიდა და ქვეყანაში სამხედრო-მონარქიული დიქტატურა დაამყარა.

1934 წელს ალექსანდრე I ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა შეხვედროდა. 9 ოქტომბერს მეფე მარსელის პორტში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრი ლუი ბარტუ და საფრანგეთის სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ. შეხვედრის შემდეგ პრემიერი და იუგოსლავიის მეფე მუნიციპალიტეტის შენობისკენ გაემართნენ. მათი ესკორტი მოტოციკლისტებს უნდა დაეცვა, თუმცა იმ დღეს მათ მხოლოდ ცხენოსნები იცავდნენ და ლიმუზინიც საეჭვოდ ნელა მოძრაობდა.

მუნიციპალიტეტის შენობასთან მისვლისას, ხალხის მასიდან ერთი კაცი გადმოხტა და სანამ დაცვა მის განეიტრალებას შეძლებდა, დამნაშავემ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მეფესაც ესროლა. თავად დამნაშავე დაცვის წევრმა ხმლით დაჭრა, თუმცა ალექსანდრე I რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დაიღუპა საფრანგეთის პრემიერიც, მან ბევრი სისხლი დაკარგა. დაჭრილი გენერლის გადარჩენა კი ექიმებმა შეძლეს.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დამნაშავე ბულგარეთში არსებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყო. დააკავეს მისი თანამზრახველებიც და სიკვდილით დასაჯეს. ამბობდნენ იმასაც, რომ ტერორისტების უკან ნაცისტური გერმანიის სპეცსამსახურები იდგა.

ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი

ანვარ სადათი ეგვიპტის პრეზიდენტი 1970 წელს გახდა. ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე მან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტა და საბჭოთა კავშირთან ახლო ურთიერთობის ნაცვლად, დასავლეთთან ურთიერთობა გადაწყვიტა.

1978 წელს მან ისრაელის პრემიერთან შეთანხმებას მიაღწია, რომ სინას ნახევარკუნძული ისევ ეგვიპტის დაქვემდებარებაში იქნებოდა. სამშვიდობო შეთანხმება 1979 წლის 26 მარტს გაფორმდა.

არაბულ სამყაროში სადათის ამ შეთანხმებას ზოგი ეჭვის თვალით უყურებდა და ღალატადაც კი მიიჩნევდნენ. გარდა ამისა, სადათის წინააღმდეგ დემონსტრაციებს მართავდნენ რადიკალური ისლამის მიმდევრები.

1981 წელს ქაიროში სამხედრო აღლუმი უნდა ჩატარებულიყო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები, ასევე ეგვიპტის პრეზიდენტიც. მან ტრიბუნაზე საპატიო სტუმრებს შორის დაიკავა ადგილი. აღლუმის მსვლელობისას საარტილერიო სატვირთო ტრიბუნისკენ გაემართა, უეცრად მანქანიდან ერთ-ერთი ლეიტენანტი გადმოხტა და სტუმრებისკენ ყუმბარა ისროლა. მანქანიდან გადმოხტნენ სხვა სამხედროებიც და ავტომატებით სტუმრების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. პრეზიდენტ სადათს ტყვია ყელსა და მკერდში მოხვდა. შემთხვევისას 7 ადამიანი გარდაიცვალა 28 კი დაიჭრა. შეთქმულებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა აიღეს. პრეზიდენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი

ჯონ კენედის მკვლელობა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა.

1963 წლის 22 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი კენედი, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისთვის დალასში მეუღლესთან ერთად ჩავიდა. მას შემდეგ, რაც მისი თვითმფრინავი ლავ ფილდის აეროპორტში დაჯდა, პრეზიდენტის კორტეჟი ქალაქისკენ გაემართა. როცა პრეზიდენტის ლიმუზინმა კორტეჟთან ერთად სკოლის წიგნების საცავის შენობას ჩაუარა, ზუსტად 12:30 საათზე, გასროლის ხმა გაისმა.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, პირველი ტყვია პრეზიდენტს უკნიდან მოხვდა და ყელიდან გამოსულმა ტყვიამ მის წინ მჯდომი ჯონ კონოლიც დაჭრა. მეორე ტყვია კენედის თავში მოხვდა. ის სასწრაფოდ პარკლენდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები ცდილობდნენ პრეზიდენტის გადარჩენას, თუმცა 13:00 საათზე სიკვდილი დაფიქსირდა.

თვითმხილველის თქმით, მკვლელმა პრეზიდენტს წიგნების საცავის მე-6 სართულიდან ესროლა. ლი ჰარვი ოსვალდი სამართალდამცავებმა გასროლიდან მალევე დააკავეს. იმავე საღამოს მას პრეზიდენტისა და დაცვის წევრის მკვლელობის გამო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

1963 წლის 24 ნოემბერს, როცა ის პოლიციის განყოფილებიდან სამართალდამცავებთან ერთად გამოდიოდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ღამის კლუბის მეპატრონემ ჯეკ რუბიმ ესროლა. რუბის თქმით, ამ საქციელით მან დალასი საზოგადოების თვალში "გაამართლა".

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი ინდირა განდი მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული პოლიტიკოსი გახლდათ. ქალი პრემიერი ხშრად ისეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომელსაც მისგან არავინ ელოდა. ის აქტიურად ებრძოდა ტერორისტულ დაჯგუფებებსაც, სწორედ ამიტომ, მას ხშრად ემუქრებოდნენ.

1984 წლის 31 ოქტომბერს, პრეზიდენტს ინტერვიუ ჰქონდა ჩანიშნული. მაშინ, როცა რეზიდენციაში პოლიტიკოსს სტუმრები ელოდნენ, ინტერვიუზე წასვლისას პრემიერმა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი აღარ ჩაიცვა. ტერიტორიას ორი სინი იცავდა, ისინი ინდირა განდის პირადი მცველები იყვნენ. მისალმებისას პრემიერმა დაცვის წევრებს გაუღიმა, ამ დროს ერთ-ერთმა რევოლვერი ამოიღო და მას სამჯერ ესროლა, უკვე იატაკზე წაქცეულ ქალს მეორე მცველმა ავტომატით 25-ჯერ ესროლა. ისინი დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე

სტაბილური ეკონომიკისა და განვითარებული ქვეყნისთვის, ისეთისთვის როგორიც შვედეთი იყო, 1980-იან წლებში პრემიერის მკვლელობა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

1986 წლამდე, როგორც ცნობილია, შვედეთში პოლიტიკოსები საკმაოდ თავისუფლად ცხოვრობდნენ და თავს დაცვებითა და ესკორტებით არ იზღუდავდნენ.

პრემიერი ხშრად ესწრებოდა საჯარო ღონისძიებებს და თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. მას არც მაშინ ახლდა დაცვის წევრები, როცა 1986 წლის 26 თებერვალს სტოკჰოლმის კინოთეატრში ოჯახთან ერთად წავიდა. სეანსიდან სახლში მიმავალ პრემიერს ქუჩაში ზურგიდან ესროლეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა. კრისტერ პეტერსონი

პალმეს მკვლელობა შვედეთისთვის ეროვნულ ტრაგედიად იქცა. იმ პერიოდში 130-მდე ადამიანმა ცრუ ჩვენებით თავი დამნაშავედ სცნო ყოფილი პრემიერის მკვლელობაში. მიუხედავად ასეთი აჟიოტაჟისა, სამართალდამცავებმა 1988 წელს პრემიერის მკვლელობაში დამნაშავედ კრისტერ პეტერსონი სცნეს. როგორც ამბობენ, ნარკოტიკების მომხმარებელი პეტერსონი კრიმინალ ლარს ტინგსტრემთან მეგობრობდა. პეტერსონი მეგობარს შეჰპირდა, რომ თუ ლარსი ისევ მოხვდებოდა ციხეში, ის ამისთვის შურს იძიებდა და ისეთ დანაშაულს ჩაიდენდა, რომელიც ისტორიაში შევიდოდა. პეტერსონის, როგორც მკვლელის ამოცნობა პრემიერის მეუღლემაც შეძლო, თუმცა ამის დამტკიცება მაინც ვერ მოხერხდა. პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლიოვენმა პალმეს მკვლელობის საქმეს შვედეთის საზოგადოების ღია ჭრილობა უწოდა.

ისრაელის პრემიერი იცხაკ რაბინი

1950-იან წლებში იცხაკ რაბინმა სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო სამხედრო მოსამსახურემ. 6-დღიანი ომისას ის ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი გახლდათ.

1990-იან წლებში რაბინი ქვეყნის პრემიერიც გახდა. ის ფიქრობდა, რომ ქვეყანა უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა არა ომის, არამედ დაზავებისა და მოლაპარაკების შემთხვევაში, ამიტომ მან პალესტინელებთან მოლაპარაკება გადაწყვიტა.

1993 წელს იცხაკ რაბინმა იასილ არაფატთან ერთად ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც სხვა ბევრ მნიშვნელოვან პუნქტთან ერთად, პალესტინის ავტონომიის ჩამოყალიბებას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება მთელ მსოფლიოში რეზონანსული იყო და ყველას ძალიან მოსწონდა, შეთანხმების წინააღმდეგ არაბი რადიკალები გამოვიდნენ.

1995 წლის 4 ნოემბერს, პრემიერმა ფართომასშტაბიან მიტინგში მიიღო მონაწილეობა და ასე დაუჭირა მხარი შეთანხმებას. როცა ის დემონსტრაციიდან მანქანაში ჯდებოდა, მოულოდნელად რამდენჯერმე ესროლეს. საავადმყოფოში გადაყვანიდან 40 წუთში პრემიერი გარდაიცვალა. დამნაშავე იგალ ამირი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. როგორც ის ამბობდა, ამ ქმედებით ისრაელის მოქალაქეებს პალესტინელებთან შეთანხმებისგან იცავდა.

(სპეციალურად საიტისთვის)