"ახმადიზაცია" და "რამზანიზაცია" - კადიროვის მეჩეთები, გამზირები და სპორტული კლუბები - კვირის პალიტრა

"ახმადიზაცია" და "რამზანიზაცია" - კადიროვის მეჩეთები, გამზირები და სპორტული კლუბები

უკვე 14 წელია რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოწინავე პოსტებზეა. ამ წლების განმავლობაში რამზანი იქცა რესპუბლიკის ლიდერად, მმართველად და "პროგრესის" შემომტანად. ბოლო რამდენიმე წელიწადში, კი კადიროვ უმცროსი, პიროვნული კულტის შექმნას ცდილობს.

14 წლის განმავლობაში რუსულ მედიასა და უკვე ჩეჩენი ახალგაზრდების სოციალური ქსელების გვერდებზე სულ უფრო ხშირად ისმის სიტყვები, "ახმადიზაცია" და "რამზანიზაცია", რაც რესპუბლიკაში კადიროვ უფროსის, ახმად კადიროვის კულტის შექმნის მცდელობებზე მიანიშნებს.

5 ოქტომბერს, გროზნოს ერთ-ერთ შესასვლელში ახალი თაღი გაიხსნა, თაღს ზემოდან გაკეთებული აქვს წარწერა "Ахмат – сила" (ახმადი - ძალაა). ეს კიდევ ერთი ობიექტია, რომელიც ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს და რამზანის მამას, ახმად კადიროვს უკავშირდება.

რამზან კადიროვმა რესპუბლიკის მოწინავე პოსტებზე გატარებული 14 წლის განმავლობაში, ჩეჩნეთში ტოტალური ოჯახური კულტი ჩამოაყალიბა - წამყვანი თანამდებობები, ჯილდოები და სახელწოდებები ნათესავების საპატივცემულოდ - ყველაფერი ეს ჩეჩნეთის "ახმადიზაციის" კურსს წარმოადგენს. დროშები გროზნოში - როიტერსი, სერგეი კარპუხინი "ახმადიზაცია" და "რამზანიზაცია"

2005 წლიდან, როცა რამზან კადიროვი მხოლოდ რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი იყო, დაიწყო საუბრები პიროვნების კულტის შექმნაზე. მაშინ ამას მამა-შვილი კადიროვების დიდი პორტრეტების გამოფენას უკავშირებდნენ.

15 წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში, მამამ (რამზანმა) ქალიშვილი აიშათ კადიროვა "რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის" მედლით დააჯილდოვა, მას შემდეგ, რაც აიშათმა, პარიზში, რუსული ფესტივალის ფარგლებში სამოდელო ჩვენება მოაწყო.

კადიროვის სახელობის ფონდი

უკანასკნელ წლებში გროზნოში აიგო ცათამბჯენები, ჩამოჰყავთ ვარსკვლავები, იმართება საერთაშორისო დონის ბრძოლა წესების გარეშე შეჯიბრები, რისთვისაც უზარმაზარი სახსრებია გამოყოფილი. ამ ღონისძიებების, მშენებლობებისა და ტურნირების ორგანიზებაში მონაწილეობს ახმად კადიროვის ფონდი.

ახმად კადიროვის ფონდი, როგორც გამომცემლობა "კომერსანტი" წერს, დიდწილად, საბიუჯეტო ორგანიზაციების, ნაწილობრივ სავალდებულო შენატანებით ივსება. ასევე, ფონდის შევსება ხდება სახელმწიფო შეკვეთების, ტენდერებისა და კომერციული ორგანიზაციების შენატანების მეშვეობით.

მეჩეთები და ცათამბჯენები

ახმად კადიროვის სახელს ატარებს, გროზნოში მშენებარე კოშკი, "ახმად-თაუერი". იგეგმება, რომ 108 სართულიანი შენობა, ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ ევროპაში. ახმად კადიროვის სახელობისაა გროზნოში მდებარე მეჩეთი "ჩეჩნეთის გული". ქალაქ არგუნში მდებარე მეჩეთი კი რამზანის დედის აიგუნ კადიროვას, სახელს ატარებს. კიდევ ორი მეჩეთი რამზან კადიროვის ბიძის და ბაბუას სახელობისაა. მეჩეთი გროზნოში

2019 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ დაუდოვმა, რამზან კადიროვის მშობლიური სოფლისთვის სახელის შეცვლის წინადადება წამოაყენა. პარლამენტმა ერთხმად მიიღო სოფლისთვის სახელწოდების შეცვლის გადაწყვეტილება.

რესპუბლიკაში მამა-შვილი კადიროვების გამოფენილი პორტრეტების ნახვა პრაქტიკულად ყველგანაა შესაძლებელი, შენობების კედლებზე, სპორტულ მოედნებზე, მაისურებზე...

სპორტული კლუბები

"ახმადიზაცია" განიცადა სპორტულმა კლუბებმაც. ბოლო რამდენიმე წელში , სპორტული კლუბების ძველ სახელებს "ახმადით" ანაცვლებენ. მაგალიტად ძიუდოს კლუბი "ედელვაისი" გახდა "ახმადი", ასევე იქმნება ახალი ორგანიზაციები, მაგალითად მებრძოლთა კლუბი "ახმადი". გამონაკლისი არც საფეხურთო კლუბი "ტერეკი" გამხადარა, კლუბსაც "ახმადი" დაერქვა , რაც ბევრ გულშემატკივარს არ მოეწონა და უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში გამოთქვეს, ანონიმურად:

"არც ერთი "ტერეკის" გულშემატკივარი არ უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას, ამას ვამბობ როგორც კლუბის ქომაგი, დავიღალეთ უკვე ამ ყველაფრისგან..."

უკმაყოფილებას უამრავი გულშემატკივარი გამოხატავდა:

"მე ჩეჩენი ვარ და უკვე ყელში ამომივიდა ეს პროპაგანდა, ყველგან კადიროვის და პუტინის პორტრეტებია, თითქოს სტალინის დრო იყოს, რა საჭიროა ყველგან მათი პროტრეტების გამოფენა და ფანატიზმში გადავარდნა. "ტერეკს" მშვენიერი სახელი ერქვა, მას ასეთად ვიცნობდით, არ იყო საჭირო შეცვლა."

ქუჩები და გამზირები

2006 წელს ახმად კადიროვის სახელობის გამზირი გაიხსნა გროზნოში, აღსანიშნავია, რომ ახმად კადიროვის სახელობის ქუჩას ჩეჩნეთის თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში ნახავთ. არსებობს მისივე სახელობის პარკი, ახლო ნათესავების სახელობის ქუჩები, მაგალითად გროზნოში რამზან კადიროვის უფროსი დის ქუჩა.

ახმად კადიროვის სახელს ატარებს გროზნოს ნომერ პირველი გიმნაზია, რამდენიმე საბავშვო ბაღი და "სუვოროვის სახელობის სასწავლებელი".

ახმად კადიროვის სახელობის ობიექტები ჩეჩნეთის რესპუბლიკის მიღმაცაა მიმოფანტული: დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქში, მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში, ისრაელის ქალაქ აბუ-გოშში, ამანში (იორდანია) და სხვა. ახმად კადიროვის სახელი პლანეტასაც გაცდა: მის საპატივცემულოდ ერთ-ერთ ვარსკვლავსაც დაარქვეს სახელი.

ბი-ბი-სის რუსული სამსახურის გამოძიების თანახმად (2018 წ.) რესპუბლიკის მმართველობის მთლიანი სისტემა რამზან კადიროვზე და მასთან დაახლოებულ პირებზეა მიბმული.

პოლიტოლოგების აზრით, ჩეჩნეთის მეთაურის საკადრო პოლიტიკა მიზნად ისახავს მისი ოჯახის მდგომარეობის განმტკიცებას და კადიროვის კლანის ინტერესების გატარებას.

"ახმად კადიროვის და მისი პიროვნებისა და "გზის" პროპაგანდირებისას, ჩეჩნეთის მთავრობა ხაზს არ უსვამს ყოფილი პრეზიდენტის მიღწევებსა თუ პრინციპებს, ისინი ქმნიან ზედაპირულ წარმოდგენებსა და პოპულარულ ბრენდს სახელწოდებით "ახმადი არის ძალა" ("Ахмат – сила" ) - ამბობს უფლებადაცვითი ორგანიზაცია "მემორიალის" წევრი ოლეგ ორლოვი.

ჩეჩნეთის ხელისუფლება თავისი პიარისთვის ახმად კადიროვის პიროვნებას მის მიერ გაკეთებული ცუდი ან კარგი საქმეებისგან განცალკევებით იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, კულტივირების პროცესია, მაგრამ არა ახმად კადიროვის პიროვნების, არამედ უფრო რეჟიმის - ამბობს ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი kavkaz-uzel - თან საუბარში.

ჩეჩნეთის მთავრობამ თავისი იდეაოლოგიის მთავარ ელემენტად ახმად კადიროვის "განსაკუთრებული როლი" აქცია. ქალაქებისთვის, სოფლებისთვის, ქუჩებისთვის მის საპატივცემულოდ სახელის გადარქმევა საბჭოთა ტრადიციების მსგავსია, როდესაც ბელადის სახელებს სხვდასხვა ქალაქებსა თუ გამზირებს არქმევდნენ. ამასთან, ისტორიულად პიროვნების კულტი ჩეჩნური მენტალიტეტისთვის უცხოა. წყარო (სპეციალურად საიტისთვის)