"სომხეთს კრემლის ინტერესებში სტრატეგიული როლი აქვს, რაც რუსეთისათვის "კოზირს" წარმოადგენს" - რას წერენ თურქული გამოცემები? - კვირის პალიტრა

"სომხეთს კრემლის ინტერესებში სტრატეგიული როლი აქვს, რაც რუსეთისათვის "კოზირს" წარმოადგენს" - რას წერენ თურქული გამოცემები?

თურქულ მედიასაშუალებებში ფართოდ განიხილება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გამართული მოლაპარაკება, რომელიც მოსკოვში შედგა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. გთავაზობთ რამდენიმე მედიასაშუალების პუბლიკაციას:

გაზეთ "ენი შაფაკ"-ში ("Yeni Safak") დაბეჭდილ სტატიაში სათაურით "დაზავება კი არა, შესვენება იარაღის შესაძენად", გადმოცემულია რედაქციის თვალსაზრისი: "ცეცხლის შეწყვეტა მთიან ყარაბაღში სომხეთის დაუძლურებული არმიისათვის მაცოცხლებელი წყლის წვეთი გახდა". როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სომხები დაზავების პერიოდს თავიანთი არმიის გასაძლიერებლად გამოიყენებენ: "ისინი რუსეთში, საფრანგეთში, აშშ-ში მაღალტექნოლოგიურ იარაღს შეიძენენ.

"ენი შაფაკი" წერს, რომ რუსეთმა უკვე გადასცა სომხეთს მძიმე ქვემეხები, "კორნეტის" ტიპის სარაკეტო კომპლექსები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "იგლა". გაზეთის მონაცემებით, ამ იარაღის ნაწილი თითქოსდა მოსკოვში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგრაბ მნაცაკანიანის სამთავრობო თვითმფრინავით ჩაიტანეს ერევანში". "ენი შაფაკი" იმოწმებს აზერბაიჯანულ წყაროებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთსაც თავისი წვლილი შეაქვს დაზავების დროს სომხეთის გაძლიერებაში: "იარაღის გადაზიდვა ხორციელდება ფრანგული სამგზავრო და ვიპ-ავიარეისებით, რადგან საქართველოს თავისი საჰაერო სივრცე (სახმელეთო გზებთან ერთად) დახურული აქვს სამხედრო მიზნების გამოყენებისათვის".

გაზეთის მტკიცებით, "ცნობილია, რომ აშშ-ში არსებულმა სომხურმა დიასპორამაც გაგზავნა სომხეთში იარაღი, რომელიც ჰუმანიტარული ტვირთის სახით იყო შენიღბული". (წყარო)

თურქულ გაზეთ "მილიეთ"-ში ("Millyet") სათაურით "რუსული სცენარი მთიანი ყარაბაღისათვის" გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ თურქ პოლიტიკოსთან მეჰმედ ალი ბაიართან - პრემიერ-მინისტრ სულეიმან დემირელის ყოფილ მრჩეველთან, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამხრეთ კავკასიის მილსადენების პროექტის რეალიზებაში.

მეჰმედ ალი ბაიარის აზრით, მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების უკან რუსეთი დგას - იმიტომ, რომ მოსკოვს სომხეთის ხელისუფლების შეცვლა სურს: კრემლი ხედავს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის ორბიტიდან გასვლა და დასავლეთთან და აშშ-სთან დაახლოება სურს. ბუნებრივია, ამას რუსეთი არ დაუშვებს: სომხეთს კრემლის ინტერესებში სტრატეგიული როლი აქვს, რაც რუსეთისთვის "კოზირს" წარმოადგენს.

პოლიტიკოსის თქმით, "ნიკოლ ფაშინიანი თავსლაფდასხმული და შერცხვენილია ამ ავანტიურაში მონაწილეობით. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში ჩვენ სომხეთში ხელისუფლების ცვლილების მოწმენი ვიყოთ... მოხდება გადატრიალება... წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ ველოდები რაიმე მნიშვნელოვან ძვრებს იმ მხრივ, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდეს". მეჰმედ ალი ბაიარის აზრით, "მართალია, იკვეთება ფრონტის ახალი ხაზი" აზერბაიჯანის სასარგებლოდ, მაგრამ, "სამწუხაროდ, რუსეთი არ დაუშვებს ისეთ პროგრესს, რომელიც სომხეთისთვის მიუღებელი იქნება". (წყარო)

გაზეთი "საბაჰ"-ში ("Sabah") დაბეჭდილი სტატიაში სათაურით "გაჭიანურებული ზავის გზით?" საუბარია მთიან ყარაბაღში სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარებზე დაზავების პირობებში (ავტორი - ჰასან იალჩინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სასარგებლოდ ყალიბდებოდა, რუსეთი საკმაო ხანს ინარჩუნებდა დუმილს და თავის პოზიციას მტკიცედ არ ამჟღავნებდა. რასაკვირველია, ზოგადად ვიცოდით, რომ მოსკოვს ნიკოლ ფაშინიანის კედელთან მიყენება სურდა, მაგრამ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კრემლის დუმილი.

მოსკოვურმა ზავმა ჩვენში ერთგვარი კმაყოფილება გამოიწვია, მით უმეტეს, რომ რუსეთი ამბობს - "ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა", მაგრამ იმავდროულად კრემლმა ისევ უფროსი ძმის როლი მოირგო. ჩვენ ამას ველოდით, მაგრამ ეს ნაადრევად მოხდა. ისიც ვიცით, რომ მოსკოვმა ერევანს შვიდი ოკუპირებული რაიონიდან ხუთის დაბრუნება მოსთხოვა. რუსეთს შეეძლო მოეცადა მანამდე, სანამ სომხეთი მიწებს დააბრუნებდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

აი, სწორედ ეს იწვევს ჩვენში შეშფოთებას. არაა გამორიცხული, რომ ამ ხუთი რაიონის დაბრუნების საკითხში რუსეთი გულწრფელი არ იყო. მოსკოვს ხომ 30 წლის განმავლობაში ყარაბაღის მოგვარების საკითხი "მაცივარში" ჰქონდა შენახული და ახლაც შეიძლება სტატუს-ქვო დააბრუნოს.

თუ სხვა მოთამაშეებს შევხედავთ, ვისთანაც აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობები აქვს, მაშინ შევამჩნევთ, რომ რუსეთსაც აქვს შეშფოთების მიზეზი. აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და რა თქმა უნდა, თურქეთი აზერბაიჯანთან ახლოს არიან და ეს კრემლისთვის დამატებითი პრობლმებს ქმნის. ზოგიერთი ალბათ, ფიქრობს, რომ ყარაბაღში რუსეთის ნების გარეშე ჩიტიც ვერ გაფრინდება და ეს, გარკვეულწილად სწორია, მაგრამ რუსეთის შესაძლებლობები არც უნდა გავაზვიადოთ. ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა: დღეს რუსეთში ეკონომიკური კრიზისია, მოსკოვს საგარეოპოლიტიკური პრობლემები აქვს - ბელარუსი, ყირგიზეთი, ლიბია, სირია... პრობლემები სულ უფრო მრავლდება.

ამიტომაც უფრო სწორი იქნებოდა რუსეთი იმ მოთამაშედ კი არ განვიხილოთ, რომელსაც რაც უნდა, ყველაფერს იღებს, არამედ იმ მოთამაშედ, რომელმაც მოლაპარაკება უნდა აწარმოოს მხარეებს შორის - აი, ისე, როგორც ეს თურქეთმა სირიაში გააკეთა, როცა რუსეთზე ზეწოლა განახორციელა. აზერბაიჯანსაც შეუძლია უფრო ძლიერი პოზიციით გამოვიდეს. არ უნდა ჩავეფლოთ ცეცხლის შეწყვეტის პროცესში, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მივყავართ", - ნათქვამია პუბლიკაციაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ