"საეჭვოა, რომ პუტინმა ანგელა მერკელს ბოლო კვირების მოქმედება აპატიოს და დაივიწყოს" - კვირის პალიტრა

"საეჭვოა, რომ პუტინმა ანგელა მერკელს ბოლო კვირების მოქმედება აპატიოს და დაივიწყოს"

აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმს"-ში (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "გერმანია რუსეთს ზურგს აქცევს", რომლის ავტორი - გერმანელი ჟურნალისტი ანა ზაუერბრეი წერს, რომ ბერლინი დაიღალა მოსკოვის აგრესიული მოქმედებისგან და ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ არაა გამორიცხული გერმანიამ უარი განაცხადოს ტრადიციულ კურსზე - რუსეთთან დიალოგზე და დარწმუნების პოლიტიკაზე.

ავტორი აღნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობაში ბერლინი მოქმედებდა პრინციპის - "ცვლილებები კეთილმეზობლური ურთიერთობის დახმარებით" - მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან განვითარდა. მისი მიზანი იყო ცივი ომის დროს შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის შესუსტება. "მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მზერა რევიზიონისტულ ნაციონალიზმს მიაპყრო და თავის ქვეყანაზე ტოტალური კონტროლის განხორციელება დაიწყო, 1960-იანი წლებიდან მომდინარე გერმანულმა პოლიტიკამ თავისი ეფექტურობა დაკარგა", - წერს ანა ზაუერბრეი.

გერმანელი ჟურნალისტი იხსენებს რუსეთის მიერ ჩადენილ "ცოდვებს" - მოვლენებს, რომლებსაც მსოფლიოში ნეგატიური გამოხმაურება ჰქონდა: ყირიმის ანექსიას, კიბერშეტევებს გერმანიის პარლამენტზე, ევროპაში დეზინფორმაციის გავრცელებას, სირიის ამბებში ჩარევას და ლიბიის კონფლიქტის მიმართ გადაჭარბებულ ყურადღებას. "გერმანიისათვის უკანასკნელი წვეთი გახდა ალექსი ნავალნის მოწამვლა, რის შემდეგაც ბერლინმა არამარტო პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობაში, არამედ მოუწოდა ევროპას მოსკოვის მიმართ სანქციები შემოეღოთ", - წერს ავტორი.

თუმცა, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წევრი ძველებურად ფიქრობს, რომ მოსკოვთან კეთილი ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს. ანალოგიური თვალსაზრისი აქვთ გერმანელ ბიზნესმენებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე მუშაობენ.

"დღეისათვის გერმანიის საზოგადოება და პოლიტიკური წრეები რუსეთის მიმართ საკითხში გაყოფილნი რჩებიან. ბოლო კვირეების განმავლობაში უპირატესობა მოიპოვეს შედარებით უფრო ხისტი კურსის გატარების მომხრეებმა, მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსეთთან ურთიერთობა რადიკალურად არ იცვლება. ჯერ-ჯერობით", - ასკვნის პუბლიკაციის ავტორი, - "ადრე თუ გვიან ბერლინს მოუწევს უფრო მკაფიო პოზიციის დაკავება. საეჭვოა, რომ ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელს ბოლო კვირების მოქმედება აპატიოს და დაივიწყოს". (წყარო)

იხილეთ ასევე: "სულთანი ერდოღანი მეფე პუტინს იწვევს..." - რას წერს ფრანგული გამოცემა?

მოამზადა სიმონ კილაძემ