"ჩვენ უფრო მეტი პოლიციელი გვჭირდება, სხვა შემთხვევაში ქვეყანა დამნაშავეებისთვის სამოთხედ იქცევა“ - კრიმინალური დაჯგუფებები შვედეთში - კვირის პალიტრა

"ჩვენ უფრო მეტი პოლიციელი გვჭირდება, სხვა შემთხვევაში ქვეყანა დამნაშავეებისთვის სამოთხედ იქცევა“ - კრიმინალური დაჯგუფებები შვედეთში

ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გახდა შვედეთი კრიმინალების თავშესაფარი. გთავაზობთ პუბლიკაციას სრულად: შვედეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღია, თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა, მიგრანტების პირველი ნაკადი 80-იან წლებში მიიღო. 2015 წელს კი როცა ევროპისკენ მიგრანტთა უდიდესი ტალღა დაიძრა, შვედეთმა კონტინენტზე ყველაზე მეტი ადამიანი შეიფარა.

"სულ რაღაც 5 წლის წინ, შვედეთი მიგრანტებს ხელგაშლილი შეხვდა. კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ბალკანეთიდან ჩავიდნენ, შვედეთის ქალაქებში კრიმინალის ზრდა გამოიწვია". წლის განმავლობაში მოიმატა აფეთქებების, კრიმინალური გარჩევებისა და სხვა მსგავსი დაპირისპირებების რიცხვმა. ქვეყნის პრემიერი უარყოფს ფაქტს, რომ კრიმინალის ზრდა მიგრანტებს უკავშირდება, თუმცა პოლიციელები ამ საკითხზე დუმილს არღვევენ.

შვედეთის ქალაქ გეტებორგში, აგვისტოში ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრები კონკურენტი დაჯგუფებების წევრებს ეძებდნენ. როგორც ცნობილია, მათ ქუჩებში ბლოკპოსტებიც კი განათავსეს და მოძრავ მანქანებში ხალხს ფარნებით ეძებდნენ. სამართალდამცავებმა დაშალეს ბლოკპოსტები და 20 ადამიანი დააკავეს.

გასულ წელს ქვეყანაში 257 აფეთქება მოხდა. გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების ფონზე, თითქმის ყოველ თვეში მკვლელობა ხდება, რომელთა მიზეზი კრიმინალური დაჯგუფებებია.

ქალაქ გეტებორგის პოლიციის ხელმძღვანელმა ერიკ ნურდმა ბრიტანულ გამოცემას განუცხადა: "ჩვენ უფრო მეტი პოლიციელი გვჭირდება, რათა ამ სიტუაციის გარდატეხა მოვახდინოთ. სხვა შემთხვევაში ქვეყანა დამნაშავეებისთვის სამოთხედ იქცევა“.

ერიკ ნურდი, ქალაქ გეტებორგის პოლიციის ხელმძღვანელი:

"კრიმინალური დაჯგუფების წევრები სრულიად განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები არიან, ამიტომ ჩვეულებრივი მეთოდებით მათთან გამკლავება ძალიან რთულია. ჩვენ მეტი პოლიციელი გვჭირდება. სასამართლო სისტემა და ციხეები კი უფრო უნდა გავაძლიეროთ და გავამკაცროთ, რათა სიტუაცია შევცვალოთ. ორი წლის წინ, თუ ვინმე ამ ძალადობრივ ფაქტებს მიგრანტებს დაუკავშირებდა, ისე როგორც მე ახლა ვამბობ, მას რასიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა დღეს შეხედულება შეიცვალა".

ერიკ ნურდის თქმით, ქვეყანაში კრიმინალებს ხელისუფლების რბილი პოზიციები და მიდგომები იზიდავს. "რატომ გადაწყვიტეს მათ შვედეთში ჩამოსვლა? ეს ხომ ნათელია... კრიმინალური ქსელის წარმომადგენლები ექსპლუატაციას უწევენ ჩვენს გულუხვ სოციალურ სისტემასა და მოქალაქეებს.  ეს საშინელებაა, რადგან პოლიციის რესურსი ხმარდება იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც თავად ჩვენ შევქმენით"

რამდენიმე ხნის წინ, შვედეთის პოლიციის წარმომადგენელმა დაასახელა 40 მაფიოზური კლანი, რომლებიც ქვეყანაში  ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემა შექმნას ცდილობენ.

ასეთი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ქვეყანაში კრიმინალებმა ბლოკპოსტები განათავსეს და ცნობილი დაჯგუფება - "ალი ხანის" წევრი ჩაცხრილეს.

სამართალდამცავები და მედია საშუალებები "ალი ხანის" ოჯახის წევრებს დაჯგუფებად მოიხსენიებენ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე ადამიანის ნასამართლეობა არ გულისხმობს მაფიოზური კლანის არსებობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პოლიციაში ამ ოჯახის მიმართ 200-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა ამოუცნობი მიზეზის გამო, მათ საჩივარი უკან გაჰქონდათ.

"თუ ამ "ოჯახს“ შევხედავთ, 40 მამაკაციდან უმეტესობა ნასამართლევია. ამ დაჯგუფებების წევრები შემჩნეულები არიან გამოძალვაში, ძალადობაში, გაუპატიურებაში, იარაღის უკანონო ტარებაში, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ დანაშაულებებში“, - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.

როგორც მედიასაშუალებები ამბობენ, ალი ხანის ოჯახური დაჯგუფება ერთ-ერთი დიდი დაჯგუფებაა მთელს ქვეყანაში, მასში 7 მონათესავე ოჯახია გაერთიანებული. აქვს გავლენა დანიაში, გერმანიასა და ლიბანში. ოჯახის ხელმძღვანელად 63 წლის ალი ხანი მიიჩნევა, რომელიც შვედეთში 1984 წელს ზურგში ტყვიით დაჭრილი ჩავიდა. ის ლიბანში სამოქალაქო ომს გამოექცა. ალი ხანი ქალაქ გეტებორგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ერთ ჩიხში დასახლდა, სწორედ ეს ადგილი იქცა მისი კლანის ცენტრალურ ტერიტორიად. გასულ წელს პენსიონერი ალი ხანი სამართალდამცავებმა დააკავეს კიდეც. მის სახლში ტყვიამფრქვევი ამოიღეს, თუმცა სასამართლოზე ალი ხანის არასრულწლოვანმა შვილიშილმა განაცხადა, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა და ოჯახის უფროსი ვეღარ გაასამართლეს.

ალი ხანის ოჯახის წევრები უამრავი უკანონო საქმისთვის დაუკავებიათ. გასულ წელს მისი 38 წლის ვაჟი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ქვეყანაში ცრემლსადენი გაზი და კასტეტები უკანონოდ შემოჰქონდა. უმცროსმა 33 წლის ვაჟმა კი 18 წლის ჩილელი მიგრანტი ჩაცხრილა.

როგორც ამბობენ, ალი ხანის დაჯგუფება აისბერგის მხოლოდ ის ნაწილია, რომელიც ჩანს. 40 მაფიოზური დაჯგუფების გამო, შვედეთში დღეს 10-ჯერ მეტი დანაშაული ხდება, ვიდრე გერმანიაში.

ამ ზაფხულში სტოკჰოლმთან ახლოს ბრმა ტყვიამ 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. გეტებორგში გაიტაცეს და მოკლეს მასწავლებელი. როგორც აღმოჩნდა, მან სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ სკოლასთან ორი შეიარაღებული ადამიანი იდგა. 2016 წელს ამავე ქალაქში ხელნაკეთი ბომბის აფეთქებისას 6 წლის ბრიტანელი ბიჭი გარდაიცვალა, რომელიც შვედეთში სტუმრად იმყოფებოდა.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)