"მგიმო"-ს ლექტორი ალიევი ჟურნალისტ ფაშინიანის წინააღმდეგ... შეუძლიათ თუ არა ერთმანეთთან მოლაპარაკება?" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მგიმო"-ს ლექტორი ალიევი ჟურნალისტ ფაშინიანის წინააღმდეგ... შეუძლიათ თუ არა ერთმანეთთან მოლაპარაკება?" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსულმა გაზეთმა "კომსომოლსკაია პრავდამ" ("Комсомольская правда") გამოაქვეყნა სტატია სათაურით "პირველი პირები და მათი ოჯახები: შეუძლიათ თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს ერთმანეთთან მოლაპარაკება? მგიმო-ს ლექტორი ილჰამ ალიევი ჟურნალისტ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ", სადაც ლაპარაკია აზერბაიჯანის პრეზიდენტის - ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის - ნიკოლ ფაშინიანის "პიროვნული ხასიათის, ოჯახური გარემოსა და სხვა საკითხების შესახებ".

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ერთმანეთს ებრძვიან არა სახელმწიფოები, არამედ - ადამიანები: ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, იძლევიან ბრძანებებს და განსაზღვრავენ საშტაბო რუკებზე შეტევების მიმართულებას. ჩვენ გადავწყვიტეთ ვილაპარაკოთ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ, მთიანი ყარაბაღის გამო, არამედ - იმ ადამიანებზე, ვინც მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სათავეში არიან - მათ შვილებზე, ცოლებზე, ახლობლებზე... შესაძლოა, საოჯახო ფაქტებით უფრო მეტი გავიგოთ მათზე, ვიდრე ქვემეხების გრიალითა და რაკეტების აფეთქებით...

ილჰამ ალიევი -

მოსკოველი დიპლომატი, პოლიტბიუროს წევრის ვაჟი ილჰამ ალიევი (ცენტრში), შვილი ლეილა (მარჯვნიდან მეორე) ქმარი ემინი (მარჯვნივ),შვილი ჰეიდარ (მარცხნივ) მეუღლე მეჰრიბანი (მარცხნიდან მეორე) აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაიბადა 1961 წელს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის - ჰეიდარ ალიევის ოჯახში, რომელიც მოგვიანებით კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგ - რესპუბლიკის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი და ბოლოს - დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მეთაური გახდა. ჰეიდარ ალიევის უფროსი ქალიშვილი, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და - სესილი 1998 წლიდან ლონდონში ცხოვრობს და [ძმის მიმართ] დამოუკიდებელი პოზიცია აქვს.

ჰეიდარ ალიევს კარიერაში იური ანდროპოვი დაეხმარა, რადგან მათ კარგი პირადი ურთიერთობები ჰქონდათ. სწორედ იური ანდროპოვის ხელშეწყობით გახდა ჰეიდარი სსრკ-ის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი და სსრკ-ის მინსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. თუმცა მისი ვაჟი ილჰამი მოსკოვში მამაზე ადრე ჩავიდა - ჯერ კიდევ 1977 წელს, როდესაც იგი, 15 წლის (!) ასაკში ელიტური სასწავლო დაწესებულების - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (მგიმო) სტუდენტი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ ილჰამი ინსტიტუტში დარჩა, ასპირანტად, დაიცვა დისერტაცია და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლექტორი გახდა. 1983 წელს ილჰამმა ცოლად შეირთო მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელი გოგონა - მეჰრიბან ფაშაევა, ლამაზი და ჭკვიანი ქალიშვილი. ვარსკვლავურმა წყვილმა მოსკოვში თითქმის მთელი ათი წელი იცხოვრა - ილჰამი ლექციებს ატარებდა, მეჰრიბანი კი ერთ-ერთ კლინიკაში ექიმ-ოფთალმოლოგად მუშაობდა.

1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ილჰამი სტამბოლში წავიდა და ხელი ბიზნესს მიჰყო. იგი ბაქოში მხოლოდ იმ დროს დაბრუნდა, 1993 წელს, როდესაც მისი მამა - ჰეიდარი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ხელმძღვანელი გახდა. ეს ის პერიოდია, როდესაც სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია გააფართოვა და დამატებით ხელში კიდევ შვიდი რაიონი ჩაიგდო. 1994 წელს რუსეთის შუამავლობით გაფორმდა ოქმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რის შედეგადაც სისხლისღვრა შეწყდა და ყარაბაღში ისეთი სიტუაცია დაფიქსირდა, რომელიც ბოლო დრომდე არსებობდა.

ილჰამ ალიევი კი იმ წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი გახდა და, ძირითადად, ეკონომიკით დაკავდა. 1994 წელს მისი მონაწილეობით გაფორმდა "საუკუნის კონტრაქტი" 12 უცხოურ კომპანიასთან, კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვების შესახებ, რუსული "ლუკოილ"-ის მონაწილეობით. ილჰამმა გააფართოვა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის ნავსადგურამდე, თუმცა იმავდროულად ააშენა ალტერნატიული მილსადენი - საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ნავსადგურ "ჯეიჰანამდე".

2003 წელს ჰეიდარ ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავისი კანდიდატურა შვილის - ილჰამის სასარგებლოდ მოხსნა. მას შემდეგ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის უცვლელი ხელმძღვანელია. 2016 წელს მისმა ცოლმა - მეჰრიბანმა ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

საპრეზიდენტო წყვილს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ. უფროს შვილი - ლეილა ალიევა ნამდვილი აღმოსავლეთელი მზეთუნახავია, მწველი და შაგვრემანი, მომხიბლავი ღიმილით. იგი მოსკოვში დაიბადა, მამის კვალს გაჰყვა და მგიმო დაამთავრა. გათხოვილი იყო აზერბაიჯანული წარმოშობის რუს მომღერალ ემინ აგალაროვზე. ქორწილის შემდეგ ახლადშეუღლებულები საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ, სადაც ლეილა ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გახდა. იგი, აგრეთვე, ხელმძღვანელობს ჰეიდარ ალიევის ფონდს და გამოსცემს ჟურნალს - "ბაქო". ილჰამის უმცროსი ქალიშვილი - არზუ კი რეჟისორი და პროდიუსერია (მის აქტივშია დოკუმენტური ფილმი "როგორ წააგო ჰიტლერმა ომი ბაქოს ნავთობისთვის"). იგი გათხოვილია მგიმო-ს კურსდამთავრებულ სამედ ყურბანოვზე - სრულიად რუსეთის აზერბაიჯანელთა კონგრესის დამაარსებლის ვაჟზე.

რაც შეეხება ილჰამ ალიევის ვაჟს - ჰეიდარ ალიევს (სახელი დიდი პაპის პატივსაცემად დაარქვეს), იგი მუდმივად ცხოვრობს ბაქოში, პროფესიით დიპლომატია და დამთავრებული აქვს ბაქოს დიპლომატიური აკადემია. 2018-2019 წლებში ჰეიდარი აზერბაიჯანის არმიაში მსახურობდა - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ელიტურ ქვედანაყოფში. დღეს ჰეიდარ ალიევი-უმცროსი მამის პარტიაში მუშაობს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რაც გასაკვირი არ არის.

ნიკოლ ფაშინიანი -

ჟურნალისტი-რევოლუციონერი, ფიზკულტურის მასწავლებლის ვაჟი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ვოვას ძე ფაშინიანი დაიბადა 1975 წელს ქალაქ იჯევანში, რომელიც სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველოსთან ახლოს მდებარეობს. მშობლებმა სახელად ნიკოლი პაპის პატივსაცემად დაარქვეს. ეს უკანასკნელი წითელარმიელი იყო და ფრონტზე 1943 წელს დაიღუპა. ნიკოლის მამა - ვოვა ფაშინიანი ახლახან 80 წლის გახდა, დედა - სვეტლანა კი 1987 წელს გარდაიცვალა. სომხეთის პრემიერის მამა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ფიზკულტურის მასწავლებლად და საფეხბურთო მვწრთნელად მუშაობდა. იგი ახლაც თავის მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, იჯევანში.

იჯევანი ცნობილია თავისი რევოლუციური ტრადიციებით - სწორედ აქ დაიწყო 1920 წელს აჯანყება იმდროინდელი დამოუკიდებელი სომხეთის ბურჟუაზიული მთავრობის წინააღმდეგ. ალბათ, ქალაქის რევოლუციურმა წარსულმაც გარკვეული როლი შეასრულა ნიკოლის რევოლუციონერობაში - 13 წლის ასაკიდან მოყოლებული, იგი უკვე მონაწილეობდა სასკოლო გაფიცვებში (თანამედროვე გრეტა ტუნბერგზე ბევრად ადრე), მარშებსა და დემონსტრაციებში არცახის (მთიანი ყარაბაღის) მხარდასაჭერად. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარების მომენტისათვის, 1991 წელს, ნიკოლი უკვე ჩამოყალიბებული ოპოზიციონერი იყო. სამხედრო სამსახურში მას არ უმსახურია - ისარგებლა იმ უფლებით, რომ რადგან ორმა უფროსმა ძმამ უკვე გაიარა ჯარი, მესამე ძმას შეეძლო, სამხედრო სავალდებულო სამსახურში აღარ წასულიყო. ნიკოლმა სტუდენტობის დროს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ანა - ნიკოლი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი და უკვე გაზეთის რედაქტორი გახლდათ, ანამ კი ის-ის იყო მისაღები გამოცდები ჩააბარა.

მოხდა ისე, რომ წარჩინებული სტუდენტი ნიკოლ ფაშინიანი უნივერსიტეტიდან გარიცხეს (რექტორატის კრიტიკის გამო), თუმცა ამ დროისთვის "უდიპლომო სასიძო" უკვე ჩამოყალიბებული ჟურნალისტი იყო. ახალგაზრდა ნიკოლმა და ანამ შეუღლების შემდეგ მუშაობა სომხეთის მთავარ ოპოზიციურ გაზეთ "აიკაკან ჟამანაკ"-ში დაიწყეს: ნიკოლმა - მთავარ რედაქტორად, ანამ - ჟურნალისტად. 2008 წლიდან კი მთავარი რედაქტორის პოსტი უკვე ანამ დაიკავა.

1999 წელს ნიკოლ ფაშინიანი დამნაშავედ იქნა აღიარებული სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფაში და მას ერთი წლით საპყრობილე მიუსაჯეს. ჟურნალისტის ცხოვრება არც მოგვიანებით "დამშვიდებულა": 2004 წელს, გაზეთში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების პასუხად", ბოლო გაფრთხილების" ნიშნად, მისი ავტომობილი ააფეთქეს.

2010 წლის იანვარში ნიკოლ ფაშინიანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - მასობრივი უწესრიგობების ორგანიზაციისათვის, თუმცა 2011 წელს ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა. ამ დროისთვის იგი საბოლოოდ გახდა პოლიტიკოსი - აირჩიეს სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატად. ნიკოლ ფაშინიანი იყო, აგრეთვე, ერევნის მერობის კანდიდატი, მაგრამ ბრძოლა წააგო და მერი აიკ მარუტინიანი გახდა - კომიკოსი მსახიობი (მას ხშირად "სომეხ ზელენსკის" უწოდებენ).

ნიკოლ ფაშინიანს ოთხი შვილი ჰყავს: სამი გოგონა - მარიამი, შუშანა, არპინე და ვაჟი - აშოტი, რომელიც მოხალისედ ჩაეწერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლებისთანავე: "მეგობრებო, მოხალისე არ სამეთაურო პუნქტში. მოვიდა დრო, სამშობლოს ვემსახუროთ", - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა აშოტმა თავის ფეისბუკ-გვერდზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის - ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირველი შეხვედრა-გაცნობა დუშანბეში მოხდა - 2018 წელს, დსთ-ის სამიტის დროს, სადაც ხელი მოეწერა დეესკალაციის შეთანხმებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მაგრამ მას შემდეგ ორ ლიდერს შორის მუდმივი მტრობა ჩამოვარდა.

ძნელია, სამხრეთ კავკასიის ორი მეზობელი სახელმწიფოს ხელმძღვანელებში რაიმე მსგავსება მოიძებნოს, გარდა იმისა, რომ ორივემ იცის რუსული, ინგლისური და ფრანგული ენები და ორივემ ცოლებად პირველკურსელი ქალიშვილები შეირთეს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ