"ჩემს ვაჟს შეყვარებული ჰყავდა და დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრო... ომი დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ჩემს ვაჟს შეყვარებული ჰყავდა და დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრო... ომი დაიწყო"

ბი-ბი-სის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა ყარაბაღის ომში დაღუპულთა შესახებ მასალის მომზადებისას აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში 26 ახალი საფლავი აღმოაჩინეს. გთავაზობთ მედიასაშუალების მიერ მომზადებულ მასალას:

"ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს"

21 ოქტომბერს ქალაქ მინგეჩაურის სამხედრო სასაფლაოზე 27 წლის ელმან ალიევი დაკრძალეს. იგი ომში მოხალისედ წავიდა და სნაიპერი გახლდათ.

"იგი ყველასთვის იბრძოდა", - ამბობს გარდაცვლილი ახალგაზრდას ბიძა. "კეთილი ადამიანი იყო", - ამბობს ელმანის დედა ჟურნალისტთან და დაურთავს, რომ მისი ვაჟი ძალიან მამაცი და ძლიერი პიროვნება იყო. როგორც ელმანის დედა ამბობს, მის ვაჟს შეყვარებული ჰყავდა, დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო... ომი დაიწყო, ელმანი მოხალისედ ჩაეწერა და პირველ ნაკადთან ერთად წავიდა ფრონტზე.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭების საფლავებზე ღია ფერებში გაკეთებული კალათები დევს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე ისინი  დაოჯახებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს...

"26"

ელმან ალიევის საფლავი ერთ-ერთია იმ 26  ახალი საფლავიდან, რომელიც კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაჩნდა სამხედრო სასაფლაოზე. აზერბაიჯანში ყარაბაღის ომში დაღუპულ მებრძოლებს გმირებად მიიჩნევენ. აზერბაიჯანის უამრავ ქალაქში ყარაბაღის ომში დაღუპული გმირებისთვის ცალკე სასაფლაო გააკეთეს - გარდაცვლილის ამ ადგილას დაკრძალვა ჭირისუფლისთვის დიდი პატივია.

გარდაცვლილთა საფლავის ქვებზე მიწერილი თარიღები ზუსტად ასახავს იმ დანაკარგს, რაც აზერბაიჯანს ყარაბაღის ომის დაწყებიდან მიადგა. ეს წარწერები სასაფლაოზე 1990-იანი წლებიდან იწყება და 2016 წლის 4-დღიანი ომითა და დღევანდელი დაპირისპირებით გრძელდება.

როცა სამხედრო სასაფლაოზე ყარაბაღში დაღუპულ მებრძოლს კრძალავენ, ტერიტორიას სამართალდამცავები იცავენ, ხოლო სასაფლაოზე მხოლოდ ნათესავებსა და ოჯახის წევრებს უშვებენ. ცერემონიის დასრულების შემდეგ ამ ადგილს სხვა მოქალაქეებიც მიაგებენ პატივს და საფლავებს ყვავილებით ამკობენ.

ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც სამხედროებს პატივს მიაგებდა, ბი-ბი-სი-სთან საუბრისას ამბობს, რომ აქ მისი ნათესავები არ არიან დასვენებულნი, თუმცა სასაფლაოზე მაინც მივიდა:

"აქ ჩემი ნათესავები არ დაუკრძალავთ, არცერთი არ არის სისხლით ჩემი ვაჟი, მაგრამ ისინი ყველანი ჩვენი შვილები და ჩვენი დაღუპული გმირები არიან. მე წარმოშობით ყარაბაღიდან ვარ, იქ გავიზარდე და ძალიან ვწუხვარ, ახალგაზრდა ბიჭები რომ იღუპებიან. ისინი გმირები არიან და მათი სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ჩვენ გვჯერა, რომ ისევ შევძლებთ ყარაბაღში, ჩვენს მიწაზე გავლას."

დაღუპულ მეომრებს მეგობრები და თანამებრძოლები სასაფლაოზეც და სოციალურ ქსელშიც იხსენებენ.

"საყვარელო ძმაო, კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალი აღარ ხარ. რამდენიმე დღის წინ ერთად ვსაუბრობდით, დღეს კი საბოლოო გზაზე გაცილებთ. აუტანელი ტკივილია, ღმერთმა შენს ოჯახსა და მეგობრებს მოთმინება მისცეს", - წერს გარდაცვლილი კაიან აბდულაევის მეგობარი სოციალურ ქსელში.

იქვე, ახლოს, კიდევ ერთი გარდაცვლილის, ნიაზ ისკენდეროვის საფლავია. როგორც ბი-ბი-სი წერს, გასულ წელს ამ სახელითა და გვარით მამაკაცი ადგილობრივ მედიას ესაუბრა და მისი გასაჭირი მოუყვა. ის ლტოლვილი იყო და სომხეთიდან ბაქოში 1988 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. 2016 წელს მონაწილეობას იღებდა აპრილის ომში, სადაც დაჭრეს. გაუსაძლის გასაჭირში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად 12 კვადრატულ მეტრ ბინაში ცხოვრობდა და მთავრობას მოუწოდებდა, დახმარებოდა, როგორც ვეტერანს, თუმცა - უშედეგოდ...

"კონფიდენციალური ინფორმაცია"

როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანის მხარე მუდმივად ადანაშაულებს სომხეთს, რომ იგი დაღუპულთა არასწორ რაოდენობას ასახელებს, თავად ბაქო კი ყარაბაღში დაღუპული მებრძოლების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

რუსულ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ომში დაღუპულთა შესახებ ამჟამად კონფიდენციალურია.

"ამის შესახებ აზერბაიჯანული საზოგადოება მაშინ იქნება ინფორმირებული, როცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები დასრულდება ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ დროს კი სომხეთის მხარე ამტკიცებს, რომ შეტაკებებისას აზერბაიჯანის მხარემ, 27 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, 6309 ადამიანი დაკარგა. ბი-ბი-სის ჟურნალისტებმა ქალაქ მინგეჩაურის სასაფლაოზე 26 საფლავი კონფლიქტის განახლების შემდეგ, 21 ოქტომბერს ნახეს. (წყარო)

იხილეთ ასევე: "აქ ჩვენ გვაქვს საკუთარი სახლები და მიწა, განა ეს ცოტაა?" - რას წერს ბი-ბი-სი საქართველოში სომხებისა და აზერბაიჯანელების თანაცხოვრებაზე

სპეციალურად საიტისთვის