ეროვნული ტრაგედია იაპონიაში - კვირის პალიტრა

ეროვნული ტრაგედია იაპონიაში

11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე უძლიერეს მიწისძვრას, რომლის მაგნიტუდა 8,9-ს შეადგენდა, ყოვლისწამლეკავი ცუნამი მოჰყვა.

იაპონიაში ეროვნული მასშტაბის  კატასტროფაა - 11 მარტს ტოკიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კმ-ში, მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე უძლიერესი - 8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამჟამინდელმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას დიდი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა რაოდენობა ათასებს აჭარბებს, ათეულათასობით კი დაკარგულია.

ცუნამმა უდიდესი ზარალი მიაყენა მიაგის, ივატესა და  ფუკუსიმას პრეფექტურებს: დაიწვა მეტალურგიული კომბინატი, ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა ქალაქი სენდაი. ცუნამმა შთანთქა ქალაქის მთელი საცხოვრებელი კვარტალი, მთლიანად დატბორა საერთაშორისო აეროპორტი.

ქალაქ სანრიკუში წყალმა სახლების მესამე სართულამდე მიაღწია, მთლიანად დაინგრა პორტი.

ტოკიოში დაინგრა უამრავი დაბალი ნაგებობა და ხალხი მოიყოლა. დედაქალაქსა და მის შემოგარენში შეწყდა მატარებლების მოძრაობა. ელექტროენერგიის გარეშე 4,4 მილიონი ნაგებობა დარჩა. მიწისძვრამ სასმელი წყლის გარეშე დატოვა 1 მლნ-ზე მეტი ოჯახი.

მიწისძვრამ გამოიწვია ძლიერი ხანძრები, ჩაიძირა მგზავრებით სავსე რამდენიმე გემი, დაკარგულია ოთხი სამგზავრო მატარებელი.

სტიქიური უბედურების ზონებში მოხვედრილები იაპონიის მთავრობას სთხოვენ დამატებით მედიკამენტებს, სურსათს, წყალს.

იაპონიის აეროპორტები შეფერხებით მუშაობს.

ცუნამმა ქალაქი რიკუზენ-ტაკატა შთანთქა

12 მარტს იაპონიის სანაპიროებთან ახალი ცუნამი წარმოიქმნა, ტალღების სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია.

ცუნამი ქალაქ რიკუზენ-ტაკატას დაატყდა თავს, რომელიც იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს.

ტალღებმა  შენობების მე-3 სართულამდე მიაღწია.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლები სასწრაფოდ დატოვოს.

* * *

იაპონიაში 12 მარტს 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა კიდევ განმეორდა. ამჯერად ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე მიაგის პრეფექტურის ქალაქ სენდაიდან 174 კილომეტრში იყო.

ბოლო ინფორმაციით, იაპონიაში დაკარგულია 2,5 ათასი კაცი, ხოლო დაღუპულია 900-ზე მეტი. ამ ინფორმაციას იაპონიის ხელისუფლება ოფიციალურად ავრცელებს. არაოფიციალური ვერსიით კი დაღუპულია ათასობით ადამიანი, 88 ათასი კი დაკარგულად ითვლება.

დღე-ღამის ხანგრძლივობა 1,6 მიკროწამით შემცირდა

იაპონიაში მიწისძვრის გამო დღე-ღამის ხანგრძლივობა 1,6 მიკროწამით შემცირდა, დედამიწის ღერძი კი დაახლოებით 15 სანტიმეტრით გადაიხარა. NAშA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის სპეციალისტ რიჩარდ გროსის თქმით, იაპონიის მიწისძვრამ დედამიწა ჩილეს მიწისძვრაზე მეტად შეარყია - მაშინ დედამიწის ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა.

იტალიელი სეისმოლოგების აზრით, იაპონიაში დატრიალებული სტიქიური უბედურება სიძლიერით მხოლოდ 1960 წელს ჩილეში მომხდარ მიწისძვრას თუ ჩამორჩება, რომლის მაგნიტუდა, სხვადასხვა შეფასებით, 9,3-დან 9,5-მდე მერყეობდა.

იაპონია - "წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რკალში"

იაპონია დედამიწის სეისმურ ზონებში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონად ითვლება. ამომავალი მზის ქვეყანაში მთელ მსოფლიოში მომხდარი 6,0-მაგნიტუდიანი მიწისძვრების 20% მოდის. აქ საშუალოდ ყოველ 5 წუთში ერთხელ ფიქსირდება მიწისქვეშა ბიძგები.

იაპონიის კუნძულები შედის ვულკანურ, ე.წ. "წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რკალში", რომელიც დედამიწის ზედაპირის შემადგენელი გიგანტური ტექტონიკური ფილების ურთიერთშეყრის ადგილზე მდებარეობს და კამჩატკიდან ახალ ზელანდიამდეა გადაჭიმული. ეს 4 ფილა  - ევრაზიული, ჩრდილოამერიკული, წყნარი ოკეანისა და ფილიპინების - განუწყვეტლივ მოძრაობს და ეჯახება ერთმანეთს. წყნარი ოკეანის ფილა  (ფსკერი) ევრაზიული ფილის ქვეშ წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიმეტრით  შედის - იაპონია სწორედ ამ ორი მსხვილი ფილის აქტიურ საზღვარზეა. ტექტონიკური პროცესები ოკეანის ფსკერზე ხშირად ცუნამს წარმოშობს. ამას გარდა "ცეცხლოვან რკალზე" ხშირია ვულკანების ამოფრქვევებიც.

აფეთქება ატომურ ელექტროსადგურზე

ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ზე ადგილობრივი დროით 15:36 საათზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა ოთხი კაცი. სადგურის გარშემო რადიაციული ფონი თანდათან გაიზარდა. მოსახლეობას ურჩიეს, ფანჯრები არ გააღონ, გამორთონ კონდიციონერები და სახლებიდან არ გამოვიდნენ. აფეთქების ადგილზე თეთრი კვამლი გაჩნდა.

ამასთან, ატომურ ელექტროსადგურ"ფუკუსიმა-1"-ის ერთ-ერთ რეაქტორზე რადიაციის დონემ ნორმას ათასჯერ გადააჭარბა, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 8-ჯერ მოიმატა.

სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ძლიერი მიწისძვრის გამო სადგურზე გამაგრილებელი სისტემების გათიშვა გახდა.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ფაქტი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა მიმდებარე ტერიტორიიდან 10 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

"ფუკუსიმა-1"ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 250 კილომეტრში მდებარეობს.

გამაგრილებელი სისტემები მწყობრიდან გამოვიდა კიდევ სამი ატომური სადგურის ბირთვულ რეაქტორებზე, რომლებიც ფუკუსიმას პრეფექტურის ტერიტორიაზეა.

სულ იაპონიაში 53 ატომური ელექტროსადგურია, რომლებიც ქვეყნისთვის საჭირო ენერგიის 30%-ს გამოიმუშავებენ.