"ვერც ფული და ვერც მანდატი ვერ გიშველის" - რატომ ითხოვს რამზან კადიროვი ჟირინოვსკისგან ბოდიშის მოხდას - კვირის პალიტრა

"ვერც ფული და ვერც მანდატი ვერ გიშველის" - რატომ ითხოვს რამზან კადიროვი ჟირინოვსკისგან ბოდიშის მოხდას

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ვლადიმერ ჟირინოვსკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ცნობილია, "Эхо Москвы" - სთან საუბრისას, სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა გააკრიტიკა კადიროვის განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში შემავალი რეგიონების ხელმძღვანელები, არ უნდა ეხმაურებოდნენ საერთაშორისო საკითხებს.

"ჟირინოვსკი, ბოდიში მოიხადე შენი სიტყვებისთვის, შემდეგ კი დაელოდე შენი დეპუტატობის დროის ამოწურვას სახელმწიფო დუმაში. შეიძლება ისევ გაგიმართლოს და არჩევნებზე, ახალი დეპუტატების არჩევისას, კიდევ იშოვო ბევრი ფული. სხვა შემთხვევაში, ვერც ფული და ვერც მანდატი ვერ გიშველის. შენ ეწინააღმდეგები რუსეთის სახელმწიფო პრინციპებს. ჩემს სახელმწიფოებრივ პოზიციას კი ყველა იცნობს: მე ჩემი რელიგია მავალებს დავიცვა სახელმწიფო და ვემსახურო მმართველს - ეს ის არის, რასაც ღირსეულად ვასრულებ... საფრანგეთის ხელისუფლებას კი ვურჩევ: ბოდიში მოიხადეთ მუსლიმანური სამყაროს წინაშე " - წერს რამზან კადიროვი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საფრანგეთში 18 წლის რუსულ-ჩეჩნური წარმომავლობის ბიჭმა ფრანგი მასწავლებელი სამუელ პატი მოკლა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მუსლიმანური სამყაროს მიმართ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა.

47 წლის მასწავლებელი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან მოსწავლეებს ჟურნალ Charlie Hebdo-ში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. პრეზიდენტმა მაკრონიმ კი მასწავლებლის დაკრძალვისას საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა და "ისლამური სეპარატიზმი“ ახსენა. როგორც ცნობილია, მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა ქვეყნიდან 231 ლტოლვილის გაძევებას გეგმავს, ეს ის მოქალაქეებია, რომლებიც ექსტრემიზმისკენ არიან მიდრეკილნი. (წყარო)